Thumbnail

მასზე მხოლოდ კარგს ამბობენ - ლუცერნში ვაკო გვილია უკვე ენატრებათ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • luzerner zeitung-მა ქართველ ნახევარმცველს საკმაოდ პოზიტიური სტატია მიუძღვნა
  • 24 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარით პოლონურ გურნიკში გამოდის
  • ლუცერნის მწვრთნელმა, რომელმაც ვაკო გვილია აითვალწუნა, პოსტი უკვე დატოვა
  • შვეიცარიულ კლუბში ქართველი ფეხბურთელის ზაფხულში დაბუნებაზე ფიქრობენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველს, ვაკო გვილიას შვეიცარიულ ლუცერნში არცთუ კარგად მოექცნენ. მას შემდეგ, რაც მწვრთნელად რენე ვაილერი დაინიშნა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და გულშემატკივრების ფავორიტი სულ უფრო ნაკლებ სათამაშო დროს იღებდა, წლის ბოლოს კი კლუბმა მისი სეზონის ბოლომდე იჯარით პოლონეთში გაშვება გადაწყვიტა. ამჟამად გვილია ზაბჟეს გურნიკს ექსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ეხმარება და ამას საკმაოდ კარგადაც აკეთებს, ლუცერნში კი, საიდანაც მწვრთნელი რენე ვაილერი უკვე გაუშვეს, ქართველ ფეხბურთელზე დადებით კონტექსტში საუბრობენ და ზაფხულში მის დაბრუნებაზეც მსჯელობენ. 

ვაკო გვილიას კარიერა ლუცერნში კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად გაგრძელდა

ვაკოს ვრცელი სტატია luzernerzeitung-მა მიუძღვნა, რომელსაც ქართველ ფეხბურთელზე აზრი ლუცერნისა და ზაბჟეს გურნიკის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რიშარდ კომორნიცკიმ გაუზიარა.

luzerner zeitung: ლუცერნიდან რენე ვაილერის გათავისუფლების შემდეგ, ზაფხულში ვალერიან გვილიას დაბრუნების პერსპექტივა იზრდება. თავის დროზე 24 წლის ვაკომ თავისი ტექნიკით, პასებითა და შორეული დარტყმებით ლუცერნის ქომაგის გული მოიგო, გუნდმა კი ნახევარდაცვის ხაზში ისეთი პროფესიონალი მიიღო, რომელიც შთამბეჭდავ თამაშს აჩვენებდა.

ახლა გვილია იჯარით სეზონის ბოლომდე პოლონურ ექსტრაკლასაში, ზაბჟეს გურნიკში გამოდის. თავის დროზე ამ გუნდის ღირსებას რიშარდ კომორნიცკი იცავდა, რომელიც გვილიას გამოსვლას აკვირდება და აზრს გვიზიარებს: 

"მასზე მხოლოდ კარგს ვისმენ და ვკითხულობ. ის გურნიკისთვის, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის, დიდი იმედია".

გვილია პოლონეთის 14-გზის ჩემპიონების იმედებს მართლაც ამართლებს. ჩემპიონატის სამ მატჩში გუნდმა მასთან ერთად ორჯერ მოგება იზეიმა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი საშინაო გამარჯვება იყო ზაგლემბიესთან (2:1). ამ მატჩში გვილიამ ანგარიში გახსნა. ბოლოს გურნიკმა თასზე ლეხიასთან წააგო (1:2), ვაკო კი ამ ოთხ შეხვედრაში მინიმუმ 83 წუთს თამაშობდა.

"მწვრთნელ მარჩინ ბროშს მისი სჯერა, - ამბობს კომორნიცკი. - გვილია გურნიკისთვის გამორჩეული ფეხბურთელია. ის კარგად შეეწყო გუნდს და აქვს მაღალი სათამაშო კლასი". 

ამჟამად გურნიკი სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, სამი ქულით უსწრებს პლოცკის ვისლას და 8 ქულით - ზაგლემბიეს.

24 წლის ფეხბურთელმა პოლონურ ექსტრაკლასაში პირველი გოლი უკვე გაიტანა

საქართველოს ქალაქ ზუგდიდში დაბადებულმა გვილიამ ლუცერნში დადებითი შთაბეჭდილება არამხოლოდ მოედანზე თამაშით, თავისი მეგობრული, გულღია დამოკიდებულებებითაც მოახდინა. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა თანაგუნდელებთანაც და გულშემატკივრებთანაც. "ჩვენ ვიბრძვით ერთმანეთისთვის", - ასეთი იყო მისი კრედო ლუცერნში და ასეთია ახლა ზაბჟეში.

გვილიამ სათამაშო დრო რენე ვაილერის მოსვლის შემდეგ დაკარგა. მაღალ ტემპში თამაშის მოყვარული ამ მწვრთნელისთვის ვაკო არასათანადოდ დინამიური აღმოჩნდა. "ამ ტიპის მოთამაშეებს ფეხბურთში მომავალი არ აქვთ", - ამბობდა ვაილერი. კომორნიცკი კი სხვაგვარად ფიქრობს: 

"გვილიას ლუცერნისთვის თავდასხმის ხაზში დახმარება შეეძლო. მას აქვს ხედვა, არის ძლიერი და აქვს კარგი ბოლო პასი".

ლუცერნიდან რენე ვაილერი შვეიცარიის სუპერლიგაში ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ამ წლის თებერვლის შუაში გაუშვეს, მისი ადგილი კი ტომას ჰებერლიმ დაიკავა. ჰებერლი ამბობს, რომ ძალიან ცოტა რამ იცის გვილიას შესახებ, რათა მასზე ისაუბროს. სამაგიეროდ ქართველს ლუცერნის სპორტული დირექტორი რემო მეიერი აქებს: 

"გვახარებს, რომ გვილია გურნიკში წარმატებით გამოდის. მას ჯერ კიდევ ჩვენთან აქვს კონტრაქტი და რა თქმა უნდა, მისი ლუცერნში დაბრუნება შესაძლებელია".

ვაკომ გურნიკის მწვრთნელებს თავი უმალ მოაწონა და არც სათამაშო პრაქტიკა აკლია

საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელის ვალერიან გვილიას დებიუტი ლუცერნში ხერარდო სოეანეს მწვრთნელობის დროს, გასული წლის თებერვალში შედგა. წელს იანვარში ვაკო პოლონურ კლუბში იჯარით სეზონის ბოლომდე გადავიდა, შვეიცარიულ კლუბთან კონტრაქტი კი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ვაკო გვილიას ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 18 მატჩში გატანილი 2 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები