Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებისა და პოდგორიცას ბუდუჩნოსტის ცენტრმა ტრავმა მოიშუშა
  • ახალგაზრდა კალათბურთელი ბაიერნთან ევროლიგის 24-ე ტურის მატჩში ითამაშებს
  • პოდგორიცაში 1-ელ მარტს გასამართ შეხვედრას NBA-ს სკაუეტებიც დაესწრებიან  

საქართველოს ნაკრებისა და პოდგორიცას ბუდუჩნოსტის კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ტრავმა მოირჩინა და სათამაშოდ მზადაა. 19 წლის ცენტრი, რომელმაც კოჭის ტკივილის გამო ვერც საქართველოს ნაკრებში ითამაშა და ვერც კლუბში, მონტენეგროელთა დახმარებას ევროლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში შეძლებს.

ბუდოჩნოსტი ევროლიგაში მორიგ შეხვედრას 1-ელ მარტს, შინ ბაიერნთან ჩაატარებს. გოგას გუნდს, 6 მოგებითა და 17 მარცხით, სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილი უკავია და პლეი ოფში მოხვედრის შანსი აღარ აქვს. 

მიუნხენურ მატჩში გოგამ ბაიერნს 17 ქულა ჩაუგდო

როგორც mozzartsport.com იუწყება, ბაიერნის წინააღმდეგ ქართველი კალათბურთელის თამაშს NBA-ს სკაუტებიც დაესწრებიან. გოგას ივნისში გასამართ NBA-ს დრაფტზე პირველ წრეში არჩევას უწინასწარმეტყველებენ.

"თავს კარგად ვგრძნობ და თამაშისთვის მზად ვარ. რაც შეეხება მეტოქეს, ბაიერნი თავს ძალიან კარგად და აგრესიულად იცავს, ეს გუნდი სახიფათოა შეტევაშიც", - ამბობს ქართველი ცენტრი cdm-სთან, რომელსაც ევროლიგაში სულ 8 მატჩი აქვს ჩატარებული, დებიუტი კი სწორედ ბაიერნთან, დეკემბრის ბოლოს გამართულ გასვლით შეხვედრაში ჰქონდა. ის თამაში მონტენეგროელებმა ბაიერნთან 88:93 დათმეს და ახლა პოდგორიცაში რევანშის აღება სურთ.

"ჩვენ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია და ამაში დარწმუნებული ვარ. მოედანზე იმისთვის გავალთ, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ძალა და ხასიათი. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - ამბობს ბითაძე, რომლის საშუალო სტატისტიკა ევროლიგაში 25,5 წუთი, 13,1 ქულა და 6,6 მოხსნაა და ტურნირის "ამომავალ ვარსკვლავად" დასახელების კანდიდატია.

გოგა ბითაძემ ტრავმა ადრიატიკის ლიგაში, პარტიზანთან შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ ვერც მონტენეგროს თასის ფინალში ითამაშა, ვერც ევროლიგის წინა ტურში - სტუმრად კაუნასში ჟალგირისთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები