Thumbnail

NBA | კარის კარგი თამაში საკმარისი არ არის - გოლდენ სტეიტმა ისევ წააგო!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გოლდენ სტეიტი ორლანდოსთან 96:103 დამარცხდა
  • უორიორსისთვის ეს ბოლო 6 მატჩში მე-4 მარცხია

გოლდენ სტეიტის საქმეები ბოლო დროს ისე ვეღარ მიდის, როგორც ლოგიკა მოითხოვს. მაიამისთან ბოლო წამზე წაგების შემდეგ (125:126), NBA-ს მოქმედი ჩემპიონი და მთავარი ფავორიტი ორლანდოსთანაც დამარცხდა (96:103) და ეს უორიორსისთვის არა მარტო ზედიზედ მეორე, არამედ ბოლო 6 თამაშში მე-4 წაგებაა, რაც სტეფ კარის და კომპანიას, რბილად რომ ვთქვათ, არ ეპატიებათ.

მეჯიქის გამარჯვება პირველ რიგში იმის დამსახურებაა, რომ გუნდმა ბოლო მეოთხედი შესანიშნავად ჩაატარა. საქმე ისაა, რომ მესამე პერიოდი გოლდენ სტეიტმა 30:11 მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ, უორიორსის უპირატესობა 13-ქულიანი იყო. ჩემპიონს ასეთი პლუსის შენარჩუნება, როგორც წესი, არ უჭირს ხოლმე, მაგრამ ორლანდოელებმა ბოლო მეოთხედში 21 მცდელობიდან 12 ჩააგდეს, ჩემპიონებმა კი მხოლოდ 7 (22-დან).

ორლანდო მეჯიქისთვის ეს პირველი გამარჯვებაა გოლდენ სტეიტთან 2012 წლის 14 დეკემბრის შემდეგ!

არადა, მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც 33 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. ორლანდოს მხრიდან საუკეთესო აარონ გორდონი გახლდათ - 22 ქულითა და 15 მოხსნით მან ორმაგი დუბლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ უორიორსის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა კევინ დურანტი დაასვენა და ამისათვის დაისაჯა. “კევინი გადაღლილია. მან მაგრად იშრომა და ყველა მატჩი ითამაშა,” - ასე განმარტა კერმა KD-ს დასვენება. აღსანიშნავია, რომ ორლანდოსთან თავიანთი სუპერვარსკვლავები მილუოკიმ და ტორონტომაც დაასვენეს და ასევე დამარცხდნენ. მეჯიქმა კი ბოლო 12 მატჩიდან 9 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში სასურველ მე-8 ადგილზეა.

📺 ვიდეო: ორლანდო 103:96 გოლდენ სტეიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები