Thumbnail
  • NBA-ს 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს გაიმართება
  • გოგა ბითაძეს პირველ წრეში არჩევას უწინასწარმეტყველებენ
  • მე-6 ქართველი დრაფტზე?

20 ივნისს ბრუკლინში NBA-ს დრაფტი გაიმართება, რომელსაც მოუთმენლად ველით, რადგან 7-წლიანი პაუზის შემდეგ, დიდი შანსია, მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში ქართველი აირჩიონ. 2012 წელს 54-ე ნომრად თორნიკე შენგელია აირჩიეს. ახლა ამის კარგი შანსი საქართველოს ნაკრებისა და პოდგორიცას ბუდუჩნოსტის 19 წლის ცენტრალურ ფორვარდ გოგა ბითაძეს აქვს.

რაც უფრო ახლოვდება დრაფტი, მით უფრო მეტი ყურადღება ექცევა მას ამერიკულ მედიაში, დრაფტზე მომუშავე მედია საშუალებები კი თავიანთ სავარაუდო სიებს "ააფდეითებენ". ბოლო ტენდენცია კი ასეთია - გოგა ბითაძის დრაფტის სავარაუდო ნომერი სულ უფრო მაღალი ხდება. ეს კი ძალზე სასიამოვნოა. ჯერ ერთი, თუ მოთამაშეს პირველ წრეში აირჩევენ (1-30), მაშინ მას გარანტირებული კონტრაქტი ერგება. მეორეც, ჰონორარიც შესაბამისად იზრდება.

გოგა ბითაძე ნაკრების შეუცვლელი წევრია

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ წრეში არჩეულები მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, მეორე წრიდან კი NBA-ში ბევრი ვერ იმკვიდრებს თავს. ამ მხრივ ზაზა ფაჩულია სასიამოვნო გამონაკლისია. 

მართალია, ბითაძის სავარაუდო ნომერი სულ უფრო მაღალია, მაგრამ ძალიან გვეეჭვება, რომ მან ნიკოლოზ ცქიტიშვილის რეკორდი დაამხოს - 2002 წელს ქართველი კალათბურთელი დრაფტის მე-5 ნომრად აირჩიეს. პირველ წრეში კი მხოლოდ ნიკა და ვოვა სტეფანია აირჩიეს, ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე და თორნიკე შენგელია მეორე წრეში აირჩიეს. 

Bleacher Report -ის მე-11!

"მარტში მნიშვნელოვანი სკაუტური რეპორტაჟების შემდეგ, ჩვენ საკმაოდ განვაახლეთ სია. მართალია, პირველო ნომერი არ შეცვლილა, მაგრამ მესამე და მეოთხე დონის ტალანტებში ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, თუმცა მოთამაშეთა შორის სხვაობა რეალურად არ არის მნიშვნელოვანი", - ვკითხულობთ საიტზე.

Bleacher Report პირველი დონის ტალანტებში, პოტენციურ პირველ "პიკს" ასახელებს ხოლმე. ასეთი კი საიტის აზრით, მხოლოდ ერთია - დიუკის მსუბუქი ფორვარდი ზაიონ უილიამსონი. 
მეორე დონის ტალანტებში - სავარაუდო ოლ სტარელები ითვლება. ასეთიც მხოლოდ ერთია - არ ჯეი ბარეტი ზაიონის თანაგუნდელი მსროლელი. მას დრაფტის მეორე ნომრად არჩევას უწინასწარმეტყველებენ. 

ქართული რეკოდრი - ნიკა ცქიტიშვილი მე-5 ნომრად აირჩიეს

"ბლიჩერის" დონეებში მესამეა "მაღალი კლასის სტარტერები". 3-დან 14-ის ჩათვლით ყველა მოთამაშე ასეთია. სასიხარულოა, რომ სავარაუდო მე-11 ნომრად გოგა ბითაძეა ნავარაუდევი. მომავლის "მაღალი კლასის სტარტერი" უკვე ძალიან მაგარი შეფასებაა ქართველი კალათბურთელისთვის.

"გოგა ბითაძეს აღმასვლაში ხელი შეუწყო მისმა საოცარმა სეზონმა და კოლეჯების ლიგაში NBA-ს პოტენციალის კალათბურთელების სიმცირემ. 19 წლის ცენტრი ადრიატიკის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რომელმაც ევროლიგის პირველ 8 მატჩში ასეთი სტატისტიკა აჩვენა - 13.1 ქულა, 6.6 მოხსნა და 2.9 ბლოკი. 

მართალია, ის არ არის კრეატიული ბომბარდირი და მოქნილი ათლეტი, მაგრამ ბითაძე ეფექტურია, რადგან კარგად იყენებს ხელებს, ფეხზეც მყარად დგას და კალათთანაც მობილურია. მისი დაბოლოებები ბრწყინვალეა, მან მოუმატა სროლის სიზუსტეში (39-დან 15 სამქულიანი), რაც გოგას პოზიციას დრაფტზე კიდევ უფრო აძლიერებს. ბითაძე, შესაძლოა, ვერასდროს გახდეს უდიდესი დამცველი, თუმცა ამ ასაკში არ არის საკმარისი მონაცემები ზუსტი პროგნოზისთვის. ბითაძე ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, იქნება სარეზერვო "მაღალი", მომატების დიდი პოტენციალით", - ვკითხულობთ საიტზე.

გოგა ბითაძის ჰაილაითები 

სხვა წყაროების მიმდინარე პროგნოზი

Sports Illustrated - მე-17

ESPN - 23-ე

nbadraft.net - 25-ე

Sporting News - 39-ე

CBS Sports - პირველ წრეში არ არის

ქართველები და დრაფტი

გთავაზობთ ქართველი კალათბურთელის ჩამონათვალს, რომლებიც NBA-ს დრაფტზე აირჩიეს. ამ სიაში არ არის ტორენ გრინი, რომელიც 2010 წელს აირჩიეს დრაფტზე და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი. 

ქართველები NBA-ს დრაფტზე 

1998 - 27. ვლადიმერ სტეფანია (სიეტლი)

2002 - 5. ნიკოლოზ ცქიტიშვილი (დენვერი)

2003 - 42. ზაზა ფაჩულია (ორლანდო)

2004 - 43. ვიქტორ სანიკიძე (ატლანტა-სან ანტონიო)

2012 - 54. თორნიკე შენგელია (ფილადელფია-ბრუკლინი) 

კომენტარები

ბოლო ამბები