Thumbnail
  • სერია A-ს 26 ტურში ცხრილის ლიდერები ხვდებიან - ნაპოლი იუვეს მასპინძლობს
  • ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა მომავალი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა

სერია A-ს 26-ე ტურის მთავარ მატჩში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერები ხვდებიან - ნაპოლი ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდს 69 ქულა აქვს და 13-ით უსწრებს მეტოქეს.

პირველ წრეში გამართული ამ გუნდების ტურინული დაპირისპირება იუვემ, მარიო მანჯუკიჩის დუბლით და ლეონარდო ბონუჩის გოლით, ანგარიშით 3:1 მოიგო. კრიშტიანო რონალდომ იმ მატჩში ორი საგოლე პასი მიითვალა. ბოლო ინფორმაციით, პორტუგალიელი, რომელმაც წინა ტურში ბოლონიასთან კოჭი იტკინა, "სან პაოლოზე" თამაშს ვერ შეძლებს.

კრიშტიანო ნაპოლისთან გასვლით შეხვედრაში თამაშს დიდი ალბათობით ვერ შეძლებს

ეს ზრდის ნაპოლის შანსს, შეამციროს ლიდერთან სხვაობა და სკუდეტოსთვის ბრძოლას ინტრიგა შესძინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურინელებს ზედიზედ მერვე ჩემპიონობამდე ბევრი აღარაფერი დარჩებათ.

ნაპოლის მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის კი სწამს, რომ ნეაპოლელები ადრე თუ გვიან, შეძლებენ იტალიაში იუვენტუსის ჰეგემონიის დასრულებას. 

"სატურნირო ცხრილი არ იტყუება. იუვენტუსი იმსახურებს შექებას. ახლა ტურინული კლუბი გაცილებით ძლიერია დანარჩენებზე. მიმდინარე სეზონში რამდენიმე წარუმატებელი თამაში გვქონდა, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი კარგადაა.

იუვენტუსი ნეაპოლში იმისთვის ჩამოვა, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს, მოიგოს სკუდეტო. სტუმრები შეეცდებიან, თავიანთი ყველა ძლიერი მხარე გამოიყენონ: ორგანიზებული დაცვა, კონტრშეტევა, ბრძოლის წყურვილი და ცოდნა, კრიშტიანო რონალდოს სისწრაფე… მაგრამ ნაპოლიმ ბოლომდე უნდა ებრძოლოს მეტოქეს, აქ ამისთვის მოვედი. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ნაპოლი აჯობებს იუვენტუსს", - აქვეყნებს კარლო ანჩელოტის ნათქვამს La Stampa.

59 წლის კარლო ანჩელოტიმ ნაპოლი სეზონის წინ ჩაიბარა. სპეციალისტი 1999-2001 წლებში კი სწორედ ტურინულ გუნდს წვრთნიდა. მას ასევე მილანში, ჩელსიში, პსჟ-ში, რეალსა და ბაიერნში უმუშავია. 

კომენტარები

ბოლო ამბები