Thumbnail
  • ევრობასკეტი 2021-ის შესარჩევი ციკლის ფორმატი
  • საქართველოს ნაკრების შანსები
  • როდის და ვისთან ვთამაშობთ
ილიას ზუროსის მომავალი, ბეჟანიშვილი და შესარჩევი ეტაპი

ილიას ზუროსის ნაკრებმა მსოფლიოს 2019  წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარუმატებლად დაასრულა, 12-დან 5 მატჩი მოიგო და 7 დათმო - მიზანი მიუღწეველია, ჩინეთში საკალათბურთო მუნდიალი ჩვენს გარეშე გაიმართება.

6-გუნდიან ჯგუფში ჩვენმა ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა. ჩინეთის საგზური კი საბერძნეთის, გერმანიისა და სერბეთის ნაკრებებმა მოიპოვეს.

მომავალი ტურნირი, სადაც მოხვედრის შანსი გვაქვს ევროპის ჩემპიონატია, რომელიც 2021 წელს გაიმართება. 

ევრობასკეტის ჯგუფი საქართველოში?

ევრობასკეტი 2021 რიგით 41-ე ევროპის ჩემპიონატია და პირველი, რომელიც 4-წლიანი ციკლით გაიმართება, ხოლო შესარჩევი ტურნირი თითქმის იგივეა, რაც მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი. 

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ორი წლის შემდეგ იქნება, ჯერ არ არის ცნობილი მასპინძელი ქვეყანა, მაგრამ ცნობილია შესარჩევი ციკლის ფორმატი. 

ევრობასკეტი 2021-ის მასპინძლობა ესპანეთსა და იტალიას ერთობლივად სურთ. ასევე ერთობლივად სურთ ტურნირის მასპინძლობა ჩეხეთს, პოლონეთს, გერმანისა და შვედეთს. 

ახლახან სატელევიზიო ინტერვიუში ევრობასკეტ 2021-ის ერთი ჯგუფის მასპინძლობის სურვილი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმაც გამოთქვა. მოკლედ, ფინალურ ეტაპამდე ჯერ კიდევ დროა, ევრობასკეტზე კი 24 ნაკრები იასპარეზებს. 

საქართველო და ევრობასკეტი

ევრობასკეტი 2015. ზაზა ფაჩულია ხორვატიის წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრები უკვე 4 ევრობასკეტია, რაც ერთ-ერთი მონაწილეა. 2011 წელს ლიტვაში საბოლოოდ მე-11 ადგილზე გავედით, მომდევნო ჩემპიონატზე, 2013 წელს სლოვენიაში მე-17 ადგილი დავიკავეთ, ხოლო 2015-ში (ხორვატია, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია) - მე-15.

პირველ სამ ევრობასკეტზე ნაკრებს იგორ კოკოშკოვი წვრთნიდა, რომელიც ახლა ფინიქს სანსის თავკაცია, 2017-ში (ფინეთი, ისრაელი, რუმინეთი, თურქეთი) კი გუნდს უკვე ილიას ზუროსი ედგა სათავეში და ნაკრები საბოლოოდ მე-17 ადგილზე გავიდა. მხოლოდ 2013-ში მოვიგეთ ერთი თამაში ფინალურ ეტაპზე, დანარჩენ ევრობასკეტებზე კი 2-2 მატჩს ყოველთვის ვიგებდით.

ნაკრების ცნობილი გამარჯვებებიდან კი გამოვყოფთ 2015-ში ხორვატიის დამარცხებას 71:58 და 2017-ში ლიტველებთან სენსაციურ გამარჯვებას - 79:77. ლიტვასთან თორნიკე შენგელიამ 29 ქულა ჩააგდო. 

ევრობასკეტი 2017. თორნიკე შენგელიამ ლიტვას 29 ქულა ჩაუგდო

ევრობასკეტი 2021 უკვე დაიწყო!

გადავიდეთ მთავარზე - საკვალიფიკაციო ტურნირის ფორმატზე. ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირი უკვე დაწყებულია! რეიტინგით 17 უსუსტესი ნაკრები უკვე იბრძვის, რომ დარჩეს იმ 8 გუნდში, რომლებსაც ძირითად შესარჩევ ციკლში თამაშის საშუალება მიეცემათ. 

ჯგუფში ბოლო ადგილზე არ უნდა გავიდეთ და ზედიზედ მეხუთედ ვიასპარეზებთ ევრობასკეტზე

წინასაკვალიფიკაციო ტურნირი სამ ეტაპიანია და 4 ნაკრები ცნობილია, რომელთაც უკვე მოიპოვეს შესარჩევ ციკლში თამაშის უფლება - შვედეთი, ბელგია, ავსტრია, მაკედონია. ამათ კიდევ 4 დაემატება 4 3-გუნდიანი ჯგუფიდან. მატჩები კი 2019 წლის აგვისტოში გაიმართება. 4 საგზურისთვის იბრძვიან: ალბანეთი, ბელარუსი, დანია, სლოვაკეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ლუქსემბურგი, კოსოვო, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, პორტუგალია, ისლანდია.  

სომხეთის ნაკრები ევრობასკეტ 2021-ს ფინანსური პრობლემების გამო ჩამოშორდა

აღსანიშნავია, რომ წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ნაკრებიც ასპარეზობდა, რომელმაც ტურნირი ფინანსური სირთულეების გამო მიატოვა. 

მარტივი ფორმატი

სქემა საკმაოდ მარტივია

წინასაკვალიფიკაციოდან გამოსულ 8 ნაკრებს ემატება 24 ნაკრები, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატის II საკვალიფიკაციო ეტაპზე (მათ შორის საქართველო). ვიღებთ 32 ნაკრებს.

ფორმატი მარტივია - დგება 8 ჯგუფი, თითოეულში 4-4 ნაკრებით. ჯგუფში პირველ სამ ადგილზე გასული ნაკრები ევრობასკეტი 2021-ის საგზურს მოიპოვებს. 

მოკლედ, მიზანი ასეთია - ჯგუფში ბოლო ადგილზე არ უნდა გავიდეთ და ზედიზედ მეხუთედ ვიასპარეზებთ ევრობასკეტზე.

საკვალიფიკაციო ეტაპისთვის 4 ფანჯარაა გამოყოფილი:

1. 25 ნოემბერი-3 დეკემბერი. 2019 წ.

2. 17-25 თებერვალი. 2020

3. 3 ნოემბერი-1 დეკემბერი. 2020

4. 15-23 ნოემბერი. 2021

კალათები თითქმის ცნობილია

არის შანსი, ნაკრებს ისევ ილიას ზუროსმა უთავკაცოს

ჯგუფებში გუნდებს წილისყრა კალათების მიხედვით გაანაწილებს. I კალათაში მოხვდებიან მსოფლიოს შესარჩევში ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, მეორეში - მესამე-მეოთხეზე გასულები (მათ შორის საქართველოც). მესამე კალათაში მე-5 - მე-6 ადგილზე გასული ნაკრებები იქნებიან. ბოლო კალათში იქნებიან ევროპის წინასაკვალიფიკაციოდან გადმოსულები.

საქართველოს ნაკრები

I კალათა: საბერძნეთი, ლიტვა, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, იტალია, თურქეთი 

II კალათა: ჩეხეთი, პოლონეთი, მონტენეგრო, სერბეთი, ლატვია, ფინეთი, უნგრეთი, საქართველო

III კალათა: უკრაინა, ისრაელი, ხორვატია, ბულგარეთი, ესტონეთი, სლოვენია, ჰოლანდია, ბოსნია

IV კალათა: შვედეთი, ბელგია, ავსტრია, მაკედონია + 4 გუნდი

კარგია, რომ ისეთი გუნდები აგვცდებიან, როგორიც მონტენეგრო და სერბეთია. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ფიბასა და ევროლიგას შორის (აღარაფერს ვამბობთ NBA-ზე) ვერ დამყარდა თანამშრომლობა, ჩვენ, ალბათ, კვლავ გვექნება პრობლემები ოპტიმალურ შემადგენლობასთან დაკავშირებით საკვალიფიკაციო მატჩებში. 

კომენტარები

ბოლო ამბები