Thumbnail
  • ქართველი მცველის შესაძლო ტრანსფერზე რუსულ მედიაში მორიგი ტალღა აგორდა
  • მოსკოვის ლოკომოტივი საბას ევროპის ტოპჩემპიონატის კლუბში გაშვებაზე ფიქრობს
  • დიდი ალბათობით, კვერკველიას ტრანსფერი მომავალ ზაფხულს განხორციელდება

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის 27 წლის მცველი საბა კვერკველია შესაძლოა ზაფხულში რუსეთს დაემშვიდობოს და ევროპულ კლუბში აღმოჩნდეს. სულ ახლახან ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე რუსულ მედიაში მორიგი ტალღა აგორდა.

ტელეგრამ-არხზე Sport_inside-ზე დაყრდნობით, რუსული სპორტული გამოცემები იუწყებიან, რომ რუსეთის ჩემპიონები ცენტრალური მცველების: საბა კვერკველიას და ვედრან ჩორლუკას გაყიდვის ვარიანტებს განიხილავენ.

ახლახან საბას მოსკოვურ კლუბში ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა

თუკი 33 წლის ხორვატთან გამოთხოვებას ლოკომოტივი ფეხბურთელის ასაკის, მისი ტრამვებისადმი მიდრეკილებისა და მაღალი ხელფასის გამო აპირებს, ქართველი მცველის შემთხვევაში საქმე ევროპის ტოპჩემპიონატიდან სარფიანი წინადადების მოლოდინს ეხება. გამოცემა "სპორტ ექსპრესი" წერს, რომ ევროპაში ტრანსფერით თავად კვერკველიაა დაინტერესებული და მასზე მოთხოვნაც არსებობს.

საბა კვერკველიასადმი ინტერესს გასულ ზაფხულში ინგლისის პრემიერლიგის კლუბები იჩენდნენ. განსაკუთრებით კი ლესტერი აქტიურობდა.

196 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მოსკოვის ლოკომოტივთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში გააფორმა და კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. საბამ "რკინიგზელებთან" ერთად ჯერ რუსეთი თასი (2017) მოიგო, შარშან კი ჩემპიონობაც იზეიმა.

საბა კვერკველიას ტრანსფერი მოსკოვის ლოკომოტივში წარმატებული გამოვიდა

ცნობილი პორტალი transfermarkt.de 27 წლის ქართველი მცველის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 8 მილიონ ევროს ასახელებს, რუსული მედიის ინფორმაციით კი, კონტრაქტში საბას პირგასამტეხლო თანხად 10 მილიონი ევრო უწერია.

რუსული საიტები უკვე იმასაც წერენ, რომ ხორვატისა და ქართველის ადგილზე "რკინიგზელები" მოსკოვის სპარტაკის მცველს, ქართული ფესვების მქონე რუსეთის მოქალაქე, გიორგი ჯიქიას განიხილავენ.

საბა კვერკველიამ მიმდინარე სეზონში ლოკომოტივის მაისურით ყველა ტურნირის 25 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე ჩატარებული 33 შეხვედრაა.

კომენტარები

ბოლო ამბები