Thumbnail
  • დეტროიტმა სან ანტონიოსთან 93:105 წააგო, მაგრამ მე-7 ადგილი შეინარჩუნა
  • ზაზა ფაჩულიამ ამჯერად 9 წუთი ითამაშა

NBA-ს პლეი ოფის გზაზე ზედიზედ სამი უმნიშვნელოვანესი თამაშის (ატლანტასთან, მაიამისთან და ინდიანასთან) მოგების შემდეგ, ზაზა ფაჩულიას დეტროიტი სან ანტონიოსთან 93:105 დამარცხდა. პისტონსისთვის ეს წაგება საპატიოა, რადგან ყველა თამაშის მოგებას გრანდებიც ვერ ახერხებენ, პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლაში კი იმ მატჩებზე უფრო მნიშვნელოვანია მაქსიმალურად კონცენტრირება, რომელთა მოგება რეალურიცაა და აუცილებელიც.

აღსანიშნავია, რომ დეტროიტმა სან ანტონიოსთანაც დიდხანს კარგად იბრძოლა. პირველ და მეორე მეოთხედებში სპურსის უპირატესობა მინიმალური იყო. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვა, რომელიც სან ანტონიომ 27:19 მოიგო. ამის შემდეგ სპურსმა თამაში უპრობლემოდ მიიყვანა გამარჯვებამდე.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლამარკუს ოლდრიჯი გახდა - მის ანგარიშზე 24 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასია. დეტროიტიდან ყველაზე მეტი ქულა არც ბლეიკ გრიფინმა დააგროვა და ვერც ანდე დრამონდმა - ფაჩულიას გუნდიდან საუკეთესო რეჯი ჯეკსონი გახლდათ 22 ქულით, თუმცა მას მხოლოდ 1 მოხსნა ჰქონდა, ასისტი კი საერთოდ არ გაუკეთებია. გრიფინმა 17 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი დააგროვა, დრამონდმა კი - 10 ქულა და 17 მოხსნა (ცხადია, ისევ ორმაგი დუბლი). სპურსიდან ორმაგი დუბლი დემარ დეროზანმა შეასრულა (17 ქულა, 13 მოხსნა), ბელინელის აქტივში კი 17 ქულა და 5 მოხსნაა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას: დეტროიტის 35 წლის ქართველმა ცენტრმა ამჯერად მხოლოდ 9 წუთი ითამაშა და ამ დროში 1 ქულის მოპოვება შეძლო. ზაზას ორქულიანის ჩაგდების 3 მცდელობა ჰქონდა, მაგრამ სამივე უშედეგოდ დასრულდა. ფაჩულიამ ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. სამაგიეროდ, ზაზამ 5 მოხსნა გააკეთა - 2 შეტევაში, 3 დაცვაში. მას ერთი დაფარებაც ჰქონდა.

60 მატჩის შემდეგ 29 მოგებითა და 31 მარცხით დეტროიტი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. როგორც იცით, პლეი ოფში კონფერენციიდან 8 გუნდი გადის. პისტონსი მომდევნო მატჩს 3 მარტს, ბოლოსწინა ადგილზე მყოფ კლივლენდ კავალიერსთან სტუმრად გამართავს და იმ მატჩის მოგება უფრო რეალურიცაა და უფრო აუცილებელიც.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები