Thumbnail

გასული კვირა მესისთვის განსაკუთრებული იყო - 15 თებერვალს 17 წელი შესრულდა, რაც მესიმ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა და დიდ ფეხბურთში თავისი კარიერა დაიწყო. 22 თებერვალს კი - 13 წელი შესრულდა, რაც ლეოს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა ჩელსის წინააღმდეგ. ეს იყო დღე, როდესაც მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ ჩვენს პლანეტაზე ახალი ჯადოქარი დაიბადა.

ლეო მესის ბურთით რა შეუძლია, ყველამ ვიცით. ამის დასტურად სულ რამდენიმე დღის წინ სევილიასთან გამართული შეხვედრაც გამოგვადგება - მესის სამი გოლითა და საგოლე პასით. ეს მისი 50-ე ჰეთ-თრიკი იყო კარიერაში.

ამ სტატიაში მესის თამაშის იმ ასპექტებზე ვისაუბრებთ, რაც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს - არგენტინელის სათამაშო ზონები, მისთვის იდეალური ტაქტიკა, მოსახერხებელი პარტნიორები და ა.შ. მოკლედ ყველაფერი, რაც მესის 650 გოლის მიღმაა.

რა არის მესის იდეალური პოზიცია - გარემარბიდან ენგანჩემდე

13 წლის წინ, როდესაც მესიმ პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსის წინააღმდეგ, ის მარჯვენა ფლანგიდან უტევდა. ბარსელონას შემტევ სამეულს რონალდიონიო, მესი და ეტოო შეადგენდნენ. ნომინალურად მესი მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, რონალდიონიო მარცხნიდან, ეტოო კი გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი იყო. მესიც და რონალდიონიოც ფლანგიდან იწყებდნენ, მაგრამ მოედნის ცენტრში შედიოდნენ.

📺 მესის პირველი თამაში ჩემპიონთა ლიგაში, ჩელსის წინააღმდეგ

რაიკარდის ბარსელონას 4-3-3-ში მარჯვენა შემტევის როლი ერთადერთი იყო, რომელიც იმ წლებში მესის ტაქტიკურად ერგებოდა. ლეოსთვის იდეალური პოზიციის მოძებნა ბარსელონასთვის იოლი არ იყო. ადრეული ასაკიდანვე მას ბევრად უფრო მეტი შეეძლო, ვიდრე ერთი, რომელიმე ნომინალური კონკრეტული პოზიციის მოთამაშეს. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი მკვეთრად გამოკვეთილი პოზიცია მესის ზღუდავდა.

საქმე ის არის, რომ ლა მასიას აკადემია, ბარსელონას მთელი საფეხბურთო სისტემა იმ ტაქტიკური სქემის მიხედვით თამაშობს და ვარჯიშობს, რომელსაც ძირითადი გუნდი იყენებს. ძირითადი გუნდისთვის კი კრუიფის სათამაშო იდეებსა და პრინციპებზე (ბურთის ფლობა და მაღალი პრესინგი) შექმნილი 4-3-3 თითქმის დოგმატური სქემა იყო. ამ სათამაშო სქემას და ტაქტიკას იყენებდა ფრენკ რაიკარდიც, იმ წლებში ბარსელონას დამრიგებელი, კაცი, რომელსაც ლეო თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მწვრთნელად მიიჩნევს.

ამ სქემაში მესის იდეალური პოზიცია არ აქვს. ალექს გარსია, თბილისის დინამოს ყოფილი დამრიგებელი, მესისადმი მიძღვნილ წიგნში იხსენებდა, რომ როდესაც ბარსას 16 წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, ლეოსთვის მოედანზე იდეალური პოზიციის მოძებნა ძალიან გაუჭირდა. მესი ნახევარმცველის როლისთვის შემტევი იყო, გამოკვეთილი ფორვარდისთვის ნაკლებად ათლეტური (მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გვარდიოლას ‘ყალბ ცხრიანამდე’ ნაკლებად ათლეტური, მაგრამ მოძრავი თავდამსხმელის ფუნქცია ფეხბურთში ნაკლებად იყო პოპულარული).

წაიკითხეგვარდიოლას ეფექტი - პეპმა ყველაფერი დაანგრია

ერთადერთი, მას მესის ფლანგზე, მარჯვენა შემტევად დაყენება შეეძლო. თუმცა, ლეო მარჯვნიდან ყოველთვის იწევდა შუაში, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს. მას სურდა იმ არეალში ეთამაშა, სადაც ბურთი უფრო ხშირად ექნებოდა.

მესის სურდა ეთამაშა, როგორც „ენგანჩეს“, სამხრეთამერიკული საფეხბურთო ტერმინოლოგიის მიხედვით ფეხბურთელს, რომელიც თავისუფალია ტაქტიკური სქემიდან და გუნდის მთელი თამაში მიჰყავს.

მესის ეს თვისება ბარსელონაში კარგად გამოიყენეს. გუნდში 2008 წელს დანი ალვეში გამოჩნდა, შემტევი მარჯვენა მცველი, რომელსაც მთელი ფლანგის კონტროლი შეუძლია. როგორც კი მესი ფლანგიდან ცენტრში შედიოდა, მის პოზიციას ალვეში ავსებდა. დანი ალვეშს შეტევა ნომინალურ შემტევებზე არანაკლებ შეეძლო. შედეგად, ბარსელონა ეფექტურად იყენებდა მოედნის მთელ სიგანეს და შეტევის დროს მესის მანევრის მიუხედავად, კარგად ფარავდა ყველა ზონას.

დაცვითი თამაში მესის საქმე არასოდეს ყოფილა - მით უმეტეს, ვერ ახერხებდა მარჯვენა ფლანგის დაკეტვას, მას შემდეგ, რაც ცენტრში შედიოდა. ალვეშის სისწრაფე, მისი ათლეტიზმი და ბევრი მოძრაობის უნარი კი ბარსელონას საშუალებას აძლევდა, რომ მესი დაცვითი სამუშაოსგან თავისუფალი ყოფილიყო და ენერგია მხოლოდ შეტევაზე დაეხარჯა, მთელ ფლანგს კი ბრაზილიელი აკონტროლებდა.

ალვეში და მესი

წლების მანძილზე, დანი ალვეში-მესის დუეტი ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე იარაღად იქცა - ისინი აბსოლუტურად სინქრონულად მოძრაობდნენ და ჰარმონიულად ავსებდნენ ერთმანეთს

რატომ ყალბი 9-იანი?

ლეო მესი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელიც კი გვინახავს. ამ სტატიაში არ დავიწყებ ფეხბურთიდან შორს მდგომი ხალხის საყვარელ დისკუსიას - მესი ჯობია თუ რონალდო, ან მესი თუ მარადონა და ა.შ. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის დისკუსიები ფეხბურთის, ამ გუნდური და ძალიან სტრატეგიული თამაშის ძირითად არსს არ ასახავს. მესის,ზიდანის, მარადონას და სხვა მსგავს დიდ ჩემპიონებს და სუპერფენომენებს თავისი სათამაშო სტილი და ძლიერი მხარეები აქვთ - ისინი ერთი, ზეადამიანური მოცემულობიდან არიან და შემდეგ მათი მოწონება-არმოწონება, ან ერთმანეთზე შედარება მხოლოდ გემოვნების ამბავია. მოკლედ, ეს ჩვენი სტატიის თემა არ არის, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მესი არა ვინმეზე უკეთესი ფეხბურთელია, არამედ ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი, რომელიც გვინახავს.

ამაში სტატისტიკაც გვარწმუნებს. უკვე 11 წელია მესის სეზონში სულ მცირე 30 გოლი გააქვს. ეს საუკეთესო გამოკვეთილი ცენტრფორვარდის შედეგია - და ეს იმ დროს, როცა ნომინალური ცენტრფორვარდი საერთოდ არ არის და თამაშის დიდ ნაწილს მეტოქის საჯარიმოში არ ატარებს.

გატანილი გოლების რაოდენობა- ბოლო 11 სეზონი

ჩვეულებრივ, სეზონში მის ანგარიზე 40-50 გოლია. ლეოს გარდა, ასე სტაბილურად ამ რაოდენობის გოლები ფეხბურთში მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს გააქვს, რომელიც ბევრად უფრო მეტ დროს ატარებს მეტოქის საჯარიმოში, ვიდრე არგენტინელი სუპერვარსკვლავი.

მესი არამხოლოდ გატანილი გოლებით ლიდერობს, არამედ ლუის სუარესთან ერთად, ყველაზე ხშირად ამარაგებს თანაგუნდელებს საგოლე გადაცემებით. 2018 წლის მონაცემებით, მესი უპირობო ლიდერი იყო როგორც გატანილი გოლების, ასევე საგოლე გადაცემების რაოდენობით.

გვარდიოლას ცვლილების არსიც ეს იყო. მან მესისთვის ‘ყალბი ცხრიანის’ პოზიცია მოიგონა - ეს იმას ნიშნავს, რომ მესი სათამაშო სიტუაციის მიხედვით შედის მეტოქის საჯარიმოში, ანუ, იმ ზონაში, საიდანაც გოლი უნდა შეაგდოს, ან ტოვებს საჯარიმოს, ათავისუფლებს ამ ზონას და იწევს უკან, საიდანაც უკვე უძღვება თავისი გუნდის შემტევ თამაშს. გვარდიოლას სისტემაში იგი ერთადერთი იყო, რომელსაც ჰქონდა ის პრივილეგია, რომ კი არ დალოდებოდა ბურთს თავის ზონაში, არამედ ემოძრავა მთელ სტადიონზე და ყოფილიყო იქ, სადაც ბურთია.

გვარდიოლას ტაქტიკური ცვლილება მესის უნიკალური სათამაშო ინტელექტს ეყრდნობა. არგენტინელი სიტუაციას იმდენად კარგად აფასებს, რომ შეუძლია, თავად გადაწყვიტოს სათამაშო მომენტის, მეტოქის და თანაგუნდელების განლაგების მიხედვით, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს მინდორზე. მთელი გუნდის სინქრონული და ჰარმონიული მოძრაობის გარეშე მუდმივ გუნდურ დინამიკაზე დაფუძნებული გვარდიოლას სისტემა ვერ იმუშავებდა.

ფლანგზე, ან მოედნის სიღრმეში მესი ყველაზე კარგად იყენებს დრიბლინგს. ეს მისი ყველაზე მრისხანე იარაღია. მისი დრიბლინგი იმდენად ეფექტურია, რომ მესი მუდამ ქმნის უპირატესობას როგორც თავისთვის, ისე მთელი გუნდისთვის. მისი დრიბლინგის ეფექტურობიდან გამომდინარე, მეტოქე იძულებულია, რომ არ დატოვოს არანაირი სივრცე - დიდი ძალებით ითამაშოს დაცვაში და ერთდროულად რამდენიმე მოთამაშე ჰყავდეს მესის სიახლოვეს - ერთი ერთზე სივრცეში მესის წინააღმდეგ თავდაცვა შეუძლებელია. ეს კი სივრცეებს უქმნის და თამაშს უიოლებს არგენტინელის თანაგუნდელებს.

სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მესიზე ხშირად დრიბლინგში მხოლოდ ნეიმარი თამაშობს, მასზე ეფექტური კი (ანუ, დრიბლინგის შედეგად უფრო იშვიათად კარგავს ბურთს) დრიბლინგში მხოლოდ ედენ აზარია. ორივე ეს მოთამაშე მესისთან შედარებით უფრო ხშირად ფლანგიდან უტევს, სადაც უფრო მეტი სივრცეა, დაკარგვის ალბათობა კი - ნაკლები. ამასთან ერთად, იმ მოთამაშის კვალობაზე, რომელიც თამაშს ასე ხშირად იღებს თავის თავზე, მესის ძალიან ცოტა დაკარგვა აქვს - მხოლოდ 4.6 თამაშში (შედარებისთვის: ნეიმარი თითქმის ორჯერ ხშირად, 8.1-ჯერ კარგავს თამაშში ბურთს).

მესის ეპოქა ბარსელონას ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდია - ლეოს ანგარიშზე არამხოლოდ 30-ზე მეტი მოგებული ტიტულია (მათ შორის, 4 ჩემპიონთა ლიგა, 5 ოქროს ბურთი და 9 ესპანეთის ჩემპიონობა), არამედ მესის თამაშმა ბარსელონას ბრენდის და, ზოგადად, ფეხბურთის, პოპულარობა გაზარდა ჩვენს პლანეტაზე. მესი არის ის, ვის გამოც ფეხბურთი უყვართ.

ტოტალური დამოკიდებულება მესიზე - ვალვერდეს პრობლემა

გვარდიოლას სისტემაში მესის არ უწევდა ბურთის დაცვიდან ამოტანასა და მის გათამაშებაზე ზრუნვა. იგი ბურთს ძირითადად მეტოქის ნახევარზე ელოდებოდა. ბურთის გათამაშება და შემტევ ხაზამდე მისი მიტანა - ჩავი-ინიესტა-ბუსკეტსის სამეულის ამოცანა იყო.

გვარდიოლას წასვლის შემდეგ, წლიდან წლამდე, ბარსელონას ბურთის ფლობის პროცენტი სულ უფრო და უფრო კლებულობს, ვალვერდესთან ერთად კი, 2009 წლის შემდეგ, ისტორიულ მინიმუმზეა.

გუნდში თავდაპირველად სუარესი და ნეიმარი მოვიდნენ და ნათელი გახდა, რომ აქცენტი შემტევ სამეულზე გაკეთდა. დანარჩენ მოთამაშეებს ძირითადად შავი სამუშაოს შესრულება უწევდათ. თუკი გვარდიოლას დროს ბარსელონას ჰქონდა როგორც სისტემური, ასევე ხარისხობრივი უპირატესობა, სუარესთან და ნეიმართან ერთად, გუნდი კიდევ უფრო ვარსკვლავური გახდა და ხარისხობრივი უპირატესობა შეინარჩუნა, თუმცა სისტემური უპირატესობა ევროპული ფეხბურთის სხვა გრანდებთან, დაკარგა. ბარსელონა უკვე აღარ იყო ნახევარმცველების გუნდი - გუნდი, რომელიც თამაშობდა სისტემურად და ტაქტიკურად აბსოლუტურად ინოვაციურ ფეხბურთს.

ნეიმარი გუნდიდან წავიდა, სუარესის საუკეთესო წლები ალბათ უკან არის, მათი შემცვლელები (კოუტინიო, დემბელე) მათ დონეზე ჯერ კიდევ ვერ თამაშობენ.

მოედნის ცენტრშიც ჩავის და ინიეტას წასვლის შემდეგ ბარსელონა აღარ არის ის გუნდი, რომლისთვისაც ბურთის წართმევა შეუძლებელი ამოცანაა. რაკიტიჩი, არტური და კოუტინიო ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა ბურთის ფლობის და მისი გათამაშებისთვის საჭირო თვისებებით ჩავის და ინიესტას ჩამოუვარდებიან. მესისაც უფრო და უფრო ხშირად უწევს მოედნის ცენტრში ჩამოსვლა და ნახევარდაცვის დახმარება.

ვალვერდეს გუნდი მთლიანად მესიზეა დამოკიდებული. მესი არამხოლოდ შემტევ თამაშს უწევს ორგანიზებას და გააქვს გოლები, არამედ უკან ჩამოდის, აქტიურად ეხმარება ნახევერდაცვას ბურთის გათამაშებასა და პრესინგიდან ამოსვლაში. ამაში გვარწმუნებს მესის დაფარვის ზონაც. ამ სეზონში თამაშის დიდ ნაწილს მესი მოედნის ცენტრის სიახლოვეს ატარებს.

მესის სათამაშო ზონა -2018/2019

ალბათ არცერთ ფეხბურთელს არ აქვს მოედნის დაფარვის ასეთი მასშტაბი - მესის გავლენა მოედნის დაახლოებით 70 მეტრიან მონაკვეთზე აქვს. იგი თამაშობს როგორც კლასიკური 10 ნომრის, გამთამაშებლის, ასევე შუა ნახევარცველის და გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციებზე.

ამაში გვარწმუნებს მის მიერ გაკეთებული პასების რაოდენობაც. მესი პასების რაოდენობით ბევრად აღემატება სხვა მისი პოზიციიის ფეხბურთელებს და დაახლოებით იგივე სიხშირით ასრულებს გადაცემებს, როგორც შუა ნახევარმცველები, ის ფეხბურთელები, რომელთა მთავარი საქმეც ბურთის პასით მოძრაობაა.

მესის არამხოლოდ დაახლოებით იდენტური პასების რაოდენობა აქვს, არამედ ზუსტი პასების პროცენტიც და ეს იმის მიუხედავად, რომ ნომინალური ნახევარმცველებისგან განსხვავებით, მას ბევრად უფრო რთულ ზონებში უწევს თამაში და უფრო მაღალი რისკის მქონე გადაცემებს ასრულებს.

სტატისტიკის მიხედვით, მესი თამაშში 60-მდე გადაცემას აკეთებს. შემტევ ფეხბურთელებს შორის პასების რაოდენობით და სიზუსტით იგი ყველას აღემატება.

შედარებისთვის, სხვა, მისივე ამპლუის მოთამაშეებს ბევრად ნაკლები გადაცემა აქვთ. მაგალითად, კრიშტიანო რონალდოს თამაშში 31 პასი აქვს, მოჰამედ სალაჰს მხოლოდ 27, ედენ აზარს კი - 49.

მესიზე ამ მასშტაბით დამოკიდებულება ბარსელონასთვის ძალიან სახიფათოა. წლიდან წლამდე, კატალონელები ლეოს წყალობით ახერხებენ, რომ ევროპის უპირველეს გრანდებს შორის იყვნენ, თუმცა არგენტინელის ტრავმის შემთხვევაში, ბარსელონას გადაუჭრელი პრობლემები შეექნება. ამ სეზონში ბარსელონას 65 გოლიდან 36 ან ლეომ შეაგდო, ან საგოლე პასი გააკეთა. ეს ანომალიურად დიდი რიცხვია. ამაში გვარწმუნებს სტატისტიკაც:

ვალვერდეს გუნდში გოლები სტაბილურად მხოლოდ ორ მოთამაშეს გააქვს

ვალვერდეს სისტემური შემტევი თამაშის დაყენების პრობლემა აქვს და გუნდის მთელ თამაშს ორი კაცის - მესის, ან სუარესის ინდივიდუალური ოსტატობის იმედზე აყენებს. სუარესი 30 წელს გადაცილებულია და თუკი მისი შედეგიანობა უწინდელ დონეზე არ იქნება, ბარსელონას შემტევი თამაში კიდევ უფრო მეტად გახდება მესიზე დამოკიდებული.

როგორ უნდა განვითარდეს ბარსელონა?

მესი 31 წლისაა და კარიერის დასაწყისიდან ფენომენალურ ფეხბურთს თამაშობს. მესის შემდეგი კონტრაქტი ალბათ უკანასკნელი იქნება მის კარიერაში.

ბარსას მენეჯმენტის მიზანი ის უნდა იყოს, რომ მესიზე დატვირთვა შეამციროს. ამისთვის ლეოს ისეთი თანაგუნდელები უნდა ჰყავდეს, რომლებიც ტაქტიკურად მისთვის მოსახერხებელ ფეხბურთს ითამაშებენ. კატალონელთა ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს, როგორც ხარისხობრივი, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით.

მესის ტაქტიკურად ყველაზე მეტად ისეთი თანაგუნდელები აწყობს, რომლებიც მისთვის სივრცეს ქმნიან. გვარდიოლასთან ერთად, ბარსელონას მთავარი მიზანი ყოველთვის ის იყო, რომ ბურთი ისე გაეთამაშებინა, რომ მესი თავისუფალ სივრცეში, იდეალურ შემტევ პოზიციაზე გაეყვანა. სივრცეში მისი სისწრაფისა და ტექნიკის გათვალისწინებით კი არგენტინელის შეჩერება შეუძლებელია.

ლეოს საყვარელი ზონა მეტოქის საჯარიმოს მისადგომები და პენალტის ნიშნულის არეალია. ამ ზონიდან მას ყველაზე ხშირად გააქვს გოლები - ამ სეზონში თავისი 33 გოლიდან, 13 მას მხოლოდ ამ ზონიდან აქვს შეგდებული.

ლუის სუარესი მესისთვის იდეალური თავდამსხმელია. ის უბურთოდ ისე მოძრაობს, რომ ყოველთვის ტოვებს თავისუფალ ზონებს მესისთვის. სუარესი მუდამ ცდილობს, ახლო ძელთან ან უშუალოდ კარის სიახლოვეს გაიხსნას, მცველები წაიყვანოს და მის უკან სივრცე, ლეოს საყვარელი ზონა, მესის დაუტოვოს.

სივრცის შექმნისთვის ბარსას აუცილებლად სჭირდება მოედნის მთელი სიგანის გამოყენება. დანი ალვეშზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. შემთხვევითი არ არის, რომ ბრაზილიელთან ერთად, მესისთვის იდეალური თანაგუნდელების რიცხვში შედის კიდევ ერთი განაპირა მცველი - ალბა. მის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 10 საგოლე პასია - მათი უმეტესობა კი ლეო მესიზე იყო მიმართული.

ალბას და ალვეშის სტილის ფეხბურთელები მესისთვის ძალიან მოსახერხებელია. ნებისმიერი გუნდი ლეოს წინააღმდეგ თამაშის დროს ცდილობს, არ დატოვოს სივრცეები მოედნის ცენტრსა და თავისი საჯარიმოს სიახლოვეს - მესის ზონაში. მოთამაშეები არამხოლოდ კომპაქტურად არიან ამ ზონაში განლაგებულები, არამედ ხშირად მწვრთნელები დამატებითი ფეხბურთელებით ამაგრებენ ამ სივრცეს. შესაბამისად, თავისუფალი სივრცეები რჩება ფლანგებზე.

თუკი მეტოქე დიდი ძალებით ცენტრს ამაგრებს და მთლიანად მესიზეა ორიენტირებული, მაშინ ლეოს, რომელიც ძალიან კარგად ხედავს მოედანს, პასით ყოველთვის შეუძლია მოძებნოს ფლანგზე გახსნილი ალბა (ალვეში), ან რომელიმე სხვა მოთამაშე. ხოლო როდესაც მეტოქე ფლანგისკენ იწევს, მესი ცდილობს, მოძებნოს სივრცე მოწინააღმდეგის საჯარიმოს სიახლოვეს, ან პენალტის ნიშნულთან.

ალვეშის წასვლის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე ბარსელონა უფრო პასიურია ხოლმე. ბრაზილიელის ღირსეული შემცვლელი კატალონელებმა ვერ იპოვეს. ვერც სემედუმ და ვერც სერხიო რობერტომ სრულად ვერ გაამართლეს მათზე გაცემული ავანსები. სავარაუდოა, რომ ბარსელონა ეცდება მარჯვენა ფლანგიდანაც ჰყავდეს იმ ტიპის შემტევი, რომელიც თავისუფალ ზონებს ეფექტურად შეუტევს. იმ თამაშებში, როდესაც დემბელე ფორმაშია და მარჯვნიდან უტევს, მესი ყოველთვის ახერხებს, იგი საგოლე პოზიციებზე გაიყვანოს.

ბარსელონა ან დემბელეს პროგრესს უნდა დაელოდოს და იგი ათამაშოს მარჯვენა ფლანგზე, ან ალვეშის ტიპის შემტევი მცველი შეიძინოს.

მოედნის ცენტრში კატალონელებს შემდეგი სეზონიდან ფრენკი დე იონგი დაემატებათ, სწრაფად პროგრესირებს ბრაზილიელი არტურიც. კატალონელები ნახევერდაცვას აძლიერებენ - მათ სტრატეგიული მიზანი ის უნდა იყოს, რომ ნახევარდაცვის ხაზმა ბურთის მიწოდება შეტევამდე უზრუნველყოს მესის ჩამოსვლის და მისი დახმარების გარეშე.

შემდეგ სეზონებში ორგანიზებული შემტევი თამაშის გარეშე ბარსას მოუწევს ხარისხობრივად გააძლიეროს გუნდი, ან მოიყვანოს ახალი მწვრთნელი, რომელიც უფრო მრავალფეროვნად შეუტევს. წლიდან წლამდე მხოლოდ ერთ, თუნდაც ფენომენალური ფეხბურთელის იმედზე, თამაში, ძალიან რთულია.

დასკვნა - სად ითამაშებს მესი

სუარესი მესისთვის იდეალური თავდამსხმელია, თუმცა მის ასაკში შესვლასა და მოსალოდნელ რეგრესთან ერთად, ალბათ შემდეგ წლებში ლოგიკური იქნება, მესის კვლავ თავდამსხმელის, 'ყალბი ცხრიანის' პოზიციაზე დაბრუნება. ამისთვის ბარსელონამ ბურთი ცენტრში ისე უნდა გაათამაშოს, რომ ლეოს უკან ჩამოსვლა არ დასჭირდეს.

ამ შემთხვევაში მას ნაკლებად მოუწევს მოედნის სიღრმიდან თამაში, მისი დაფარვის არეალი შემცირდება (რაც ასაკთან და ფიზიკური მონაცემების დაქვეითებასთან ერთად ლოგიკურია), თუმცა ეფექტიანობა გაიზრდება. კატალონელები მოიქცევიან ისე, როგორც რეალის და იუვენტუსის მენეჯმენტი კრიშტიანო რონალდოსთან მიმართებაში მოიქცა.

კომენტარები

ბოლო ამბები