Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:7 (2:7), 6:4, 6:3 რობერტო ბაუტისტა აგუტი
  • ესპანელი ჩოგბურთელი ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია
  • ნიკას მომდევნო მეტოქე ჩორიჩისა და ბერდიხის შეხვედრაში გაირკვევა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა (19) დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (ATP. 500-იანი სერია) ერთეულთა თანრიგში მეორე მატჩიც მოიგო და 1/4-ფინალში გავიდა. 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს (18) დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში დაამარცხა. 

ბასილაშვილი 30 წლის ესპანელს კარიერაში მესამედ შეხვდა. თუკი წინა ორი მატჩი აგუტის მოგებით დასრულდა, ამჯერად ნიკამ მეტოქეს მხოლოდ პირველი სეტი დაუთმო. შეხვედრამ 2 საათსა და 14 წუთს გასტანა. ქართველმა ჩოგბურთელმა 19 ეისი (!) მოაწოდა, მის ანგარიშზე ერთი ორმაგი შეცდომა და 9-იდან 4 ბრეიკია. ესპანელის ანგარიშზე 1 ეისი, 3 ორმაგი შეცდომა და 5-იდან 1 რეალიზებული ბრეიკ პოინტია.

შეგახსენებთ, რომ აგუტთან თამაშამდე ბასილაშვილმა ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილ კარენ ხაჩანოვს (რუსეთი. 12) ორ სეტში სძლია.

ნიკამ ამ მოგებით 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, მისი მომდევნო მეტოქე კი ხორვატი ბორნა ჩორიჩი (13) იქნება, რომელმაც სამ სეტში ჩეხი ტომაშ ბერდიხი (88) დაამარცხა. 1/4-ფინალური შეხვედრა 28 თებერვალს, სავარაუდოდ თბილისის დროით 20:30 სთ-ზე დაიწყება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საემიროებში, ავსტრალიელ მეტიუ ებდენთან ერთად, წყვილთა ბადეშიც ასპარეზობს. სტარტზე მათ რეივენ კლაასენისა და მაიკლ ვინუსის დუეტი დაამარცხეს (2:1), მეოთხედფინალში კი დღესვე ჟან-ჟულიენ როიერისა და ჰორია ტეკეუს დაუპირისპირდებიან.  

დუბაის "დიუთი ფრი" ჩემპიონშიპი ATP-ის 500-იანი სერიისაა და მისი  საპრიზო ფონდი $2,887 მილიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები