Thumbnail

ერთი პლუსი - საქართველო ფიბას რეიტინგში მაინც დაწინაურდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიბამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის დასრულების შემდეგ რეიტინგი განაახლა
  • საქართველომ საგზური ვერ მოიპოვა, მაგრამ ახალ რეიტინგში მაინც დაწინაურდა  

კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ, ფიბამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, რომელმაც ჩინეთის საგზური ვერ მოიპოვა, მაგრამ ერთი საფეხურით მაინც დაწინაურდა (ადგილი ირანს გაუცვალა), ამჟამად 354.0 ბალით მსოფლიო რეიტინგში 26-ეა. ევროპაში კი მე-17 ადგილს იკავებს. 

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის L ჯგუფში ბოლო მატჩები სტუმრად საბერძნეთსა (69:81) და შინ ესტონეთთან (77:84) დათმო და პლანეტის პირველობის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა. 

კალათბურთის ფედერაცია ილიას ზუროსთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლის 12 მატჩიდან 5 მოიგო, 7 კი დათმო და საბოლოოდ L ჯგუფში, საბერძნეთის, გერმანიისა და სერბეთის შემდეგ, მეოთხე ადგილი დაიკავა. ზუროსის გუნდმა უკან ისრაელი და ესტონეთი მოიტოვა.

ფიბას რეიტინგს მსოფლიოსა და წინა ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული აშშ-ის ნაკრები ლიდერობს, მეორე ადგილზე ესპანეთია, მესამეზე - საფრანგეთი.

სანაკრებო რეიტინგის შედგენისას, ფიბა მხოლოდ მისი ეგიდით გამართული ტურნირების შედეგებს ითვალისწინებს. სხვა შეჯიბრებები: რეგიონალური ჩემპიონატები, ამხანაგური ტურნირები და შეხვედრები მხედველობაში არ მიიღება.

რეიტინგის განახლება ფიბას ტურნირების დასრულების შემდეგ ხდება და მასში ბოლო ორი ოლიმპიური ციკლის (8 წლის) შედეგები აისახება.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი კალათბურთში ჩინეთში, 13 აგვისტოდან და 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში პირველობისთვის პლანეტის 32 საუკეთესო ნაკრები იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები