Thumbnail
  • ჟურნალი Sport Bild ბაიერნის ტრანსფერებზე წერს
  • ატლეტიკოს მცველი, ლაიპციგის ფორვარდი და ნახევარმცველები ლევერკუზენიდან

ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ მიუნხენური გრანდი ზაფხულში რამდენიმე ახალ ფეხბურთელს შეიძენს. ჟურნალმა Sport Bild-მა გაარკვია, რომელი მოთამაშეების ყიდვას აპირებს რეკორდმაისტერი.

ბენჟამენ პავარი

აქამდე ბაიერნის მხოლოდ ორი ტრანსფერის შესახებ იყო ცნობილი - ბენჟამენ პავარი, რომელიც ბავარიულ გრანდში შტუტგარტიდან გადადის და ფიტე არპი, რომელიც რეკორდმაისტერს ჰამბურგიდან 2019, ანაც 2020 წელს შეუერთდება. Sport Bild-ის ინფორმაციით, ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება, მაგრამ გადაწყვეტილია ლუკა ერნანდესის (ატლეტიკო) და ტიმო ვერნერის (ლაიპციგი) ტრანსფერებიც.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მიუნხენელებმა ლუკა ერნანდესის ტრანსფერში აგენტი ჯოვანი ბრანკინი ჩართეს. ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ ატლეტიკოსთან მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს. 23 წლის უკანახაზელის ფიქსირებული ფასი 80 მილიონი ევროა.

ლაიპციგის და გერმანიის ნაკრების ფორვარდი ტიმო ვერნერი

Sport Bild-ში ვკითხულობთ, რომ ასევე გადაწყვეტილია ბაიერნში ლაიპციგისა და გერმანიის ნაკრების ცენტრფორვარდის, ტიმო ვერნერის ტრანსფერიც. მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები მის აგენტ კარლჰაინც ფიორსტერს უკვე ყველაფერზე შეუთანხმდნენ. ვერნერი ბაიერნში ზაფხულში, ან ყველაზე გვიან, 2020 წელს უნდა შეუერთდეს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, გააგრძელებს თუ არა ვერნერი ლაიპციგთან კონტრაქტს, რომელსაც ვადა სწორედ 2020 წელს ეწურება. თუ ხელშეკრულება არ გახანგრძლივდა, ლაიპციგი იძულებული იქნება, რომ გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი ამ ზაფხულშივე გაყიდოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, 2020 წელს უფასოდ დაკარგავს. “ბილდის” ინფორმაციით, თუ ვერნერი ბაიერნში წელსვე გადავა, ბავარიელებს ეს ტრანსფერი დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

“როდესაც ლაიპციგში თამაშობ და გერმანიაში დარჩენა გინდა, მხოლოდ ერთადერთ კლუბზე შეიძლება იყოს საუბარი,” - თქვა ვერნერმა ცოტა ხნის წინ და ყველამ იცის, რომ სწორედ ბაიერნი იგულისხმა.

65 მილიონი კაი ჰავერტცში?

ერნანდესისა და ვერნერის გარდა, ბავარიელები ლევერკუზენის ახალგაზრდა ნახევარმცველ კაი ჰავერტცსაც სერიოზულად უმიზნებენ. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ლევერკუზენი მზად არის, რომ 19 წლის ჰავერტცი ზაფხულში გაყიდოს, თუკი ბაიერნი 65 მილიონ ევროს გადაიხდის.

კაი ჰავერტცი

ჰავერტცს ‘ფარმაცევტებთან’ კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. თუ პეტერ ბოშის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, გუნდს ჰავერტცის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ლევერკუზენი ახლა მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ მე-4 პოზიციაზე მყოფ ლაიპციგს 6 ქულით ჩამორჩება.

იულიან ბრანდტი, როგორც გეგმა B?

ბაიერნს კვლავინდებურად სურს ჩელსის ტალანტის, კალუმ ჰანდსონ-ოდოის გადაბირება და მზადაა, მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა, ლონდონელებს მისი გაშვება არ სურთ. თუ ბავარიელები ამ ტრანსფერს ვერ განახორციელებენ, Sport Bild-ის ინფორმაციით, ორ ალტერნატივაზე ფიქრობენ: ნიკოლა პეპეზე ლილიდან და იულიან ბრანდტზე ლევერკუზენიდან.

იულიან ბრანდტი მსოფლიოს ჩემპიონატზეც იყო

 

კომენტარები

ბოლო ამბები