Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ლიგა | ბრძოლა ოთხეულში მოსახვედრად

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • პირველ მარტს ფუტსალის ლიგის მეთერთმეტე ტურია
  • მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება

საქართველოს ფუტსალის ლიგის მიმდინარე სეზონში მთავარ ინტრიგად ოთხეულისთვის ბრძოლა რჩება. პირველ მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართება და შესაძლოა, ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი.

17:00 საათი / თსუ VS ბსუ

მეოთხე ტურში გამართული სტუდენტური დერბი თსუ-ს დამაჯერებელი გამარჯვებით, 8-2 დასრულდა. მიუხედავად პირველივე წუთებზე მოპოვებული უპირატესობისა, მატჩს დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია. მაშინ, გამარჯვებული გუნდის რიგებში ჰეთრიკით თორნიკე ქართველიშვილი, დუბლით კი გიორგი ჩიმაკიძე გამოირჩა. მოახლოებულ შეხვედრაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თორნიკე ბროლაძე სამი ყვითელი ბარათის გამო ვერ დაეხმარება.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მატჩებზე დასწრება თავისუფალია

19:00 საათი / ივერია 2017 VS თელასი

მიმდინარე ჩემპიონატში გუნდებს შორის ეს პირველი დაპირისპირება იქნება. ფავორიტი, რა თქმა უნდა, გათამაშების ლიდერი თელასია. ივერია 2017-სთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანია, რათა პლეი-ოფისთვის ბრძოლას აზრი არ დაეკარგოს. თელასს სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის პერიოდის გავლის შემდეგ, გიორგი სოზაშვილი დაუბრუნდება და მეტოქეს სრული შემადგენლობით შეხვდება.

21:00 საათი / თბილისი VS მართვე (ქუთაისი)

ქუთაისის მართვე მეორე წრის შეხვედრებში დიდ კონკურენციას უწევს ჩემპიონტის ლიდერებს. თბილისთან მისი პირველი დაპირისპირება რვა დეკემბერს შედგა და 4:1 დასრულდა. იმერელთა რიგებიდან ორი ბურთის ავტორი ლაშა გელოვანი გახდა. ორივე გუნდი მატჩს დანაკლისის გარეშე ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია: გამარჯვების შემთხვევაში, მასპინძლები შეინარჩუნებენ პლეი-ოფში მოხვედრის თეორიულ შანსს, რაც შეეხება ქუთაისელებს, წარმატების შემთხვევაში ოთხეულში მოსახვედრად უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!

კომენტარები

ბოლო ამბები