Thumbnail
  • 📅 28 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽ რეალი V ბარსელონა
  • მესი კლასიკოს სუპერფორმაში ხვდება
  • ბეილი სკამიდან დაიწყებს?

"სანტიაგო ბერნაბეუ" სამდღიანი პაუზით ზედიზედ ორ კლასიკოს უმასპინძლებს - რეალი და ბარსელონა ჯერ სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მერე კი ლა ლიგის 26-ე ტურში. 

ვასკესის და მალკომის პირველი

6 თებერვალს "კამპ ნოუმ" ამ გუნდების პირველ ნახევარფინალურ მატჩს უმასპინძლა, რომელიც ფრედ დასრულდა - 1:1. მაშინ კატალონიელებმა შოკი მე-6 წუთზე მიიღეს, როცა ვინისიუს-ბენზემა-ვასკესის კომბინაცია ლუკასმა ახლო მანძილიდან გოლით დაასრულა. 

ბარსელონამ მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოუწყო მეტოქეს შტურმი, 57-ე წუთზე კი ძალიან მწვავე შეტევების კასკადი მალკომის გოლით დასრულდა. სწორედ ამ მატჩში შეწყდა ლეო მესის 9-მატჩიანი გოლების სერია. როგორც ლუკას ვასკესისთვის, ისე მალკომისთვის კლასიკოებში ეს გოლები პირველი იყო მათ კარიერაში. 

ჰეთ თრიკი სევილიაში

წინა დაპირისპირებაში მესის თამაში სათუო იყო ტრავმის გამო, თუმცა ის მოედანზე მაინც გამოვიდა. ახლა კი არგენტინელი კლასიკოს სუპერფორმაში ხვდება - ლეომ სევილიასთან მატჩში სამი ერთმანეთზე საუკეთესო გოლი გაიტანა და ერთი-ორი რეკორდიც დაამყარა. ეს მესის 50-ე ჰეთ თრიკი იყო კარიერაში. 51-ეთი ის კრიშტიანო რონალდოს დაეწევა, თუმცა, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ლეომ ეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეძლოს. ისე, ლეოს პირველი ჰეთ თრიკი სწორედ რეალის კარში შესრულდა.

როცა ესპანეთი მსოფლიო ფეხბურთის დედაქალაქია

სანტი სოლარი

პირველ სათასო დაპირისპირებაში რეალის თავკაცის პოსტზე პირველი კლასიკო ჰქონდა სანტიაგო სოლარის, სტუმრად 1:1 კი მისთვის ბრწყინვალე შედეგია. ასე რომ, არგენტინელმა თავკაცმა პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა. რეალის ბოლო მატჩში, როცა გარეთ ბეილმა გადამწყვეტი და ცოტა საკამათო პენალტი გაიტანა, თითქოს, მოიშორა თანაგუნდელები და ამით გამოხატა, რომ რეალში თავს კარგად ვერ გრძნობს. სოლარი ამტკიცებს, რომ ეს სიტუაცია დახურულ კარს მიღმა გაირჩა:

"ბეილი, ისევე, როგორც დანარჩენები, მხოლოდ კლასიკოზე ფიქრობენ, როგორ გავიდეთ ფინალში. გარეთი 100 პროცენტით მზად არის ამ თამაშისთვის, ჩვენ მოგება და სამი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელება გვსურს. კლასიკო ის თამაშია, რომელიც ყველას მოსწონს, რომლის წყალობითაც ესპანეთი მსოფლიო ფეხბურთის დედაქალაქი ხდება". 

ვალვერდეს 100

ერნესტო ვალვერდე

ეს კლასიკო გამორჩეულია ერნესტო ვალვერდესთვის, რადგან ბასკი თავკაცი ბარსელონას ოფიციალურ მატჩში მეასედ გაიყვანს მინდორზე. 

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონას მწვრთნელი): "გამოსაყოფი თამაშია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მისი წყალობით შესაძლოა, თასის ფინალში გავიდეთ, მერეც, ეს კლასიკოა. ახლა ბევრი საუბრობს VAR-ის მიერ მიღებულ საჭოჭმანო გადაწყვეტილებებზე, თუმცა ბარსელონაში მშვიდად ვართ, ვიცით, რომ ეს ნებისმიერი სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის თანმდევი პროცესია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, გამარჯვებაზე, გოლს თუ ვერ გავიტანთ, ფინალში ვერ გავალთ.

ხვალინდელი მატჩი ფინალია, რადგან ერთი გუნდი გადის ფინალში, მეორე კი ვარდება. გაგვიჭირდება, რადგან პირველი მატჩის ანგარიში გვკარნახობს მოვლენათა განვითარებას, თავიდანვე ღია თამაში იქნება. რაც შეეხება არტურს, ის უკეთ არის, მაგრამ ვნახოთ, შეძლებს თუ არა თამაშს. არტური განსხვავებული მოთამაშეა, მისი ყოფნა გუნდისთვის ძალზე სასარგებლოა, თუმცა მისი შეცვლა ჩვენ შეგვიძლია".

MSD

სუარესი, მესი, დემბელეს ტრიდენტი

არც ისე დიდი ხნის წინათ, ბარსას შეტევაში შთამბეჭდავი სამეული ჰყავდა - მესი, სუარესი, ნეიმარი (MSN), რომელსაც რეალის BBC-ისთან (ბეილი, ბენზემა, კრიშტიანო) უხდებოდა ბრძოლა.

ახლა არც MSN-ია (ნეიმარი წავიდა) და არც BBC (რონალდოს იუვენტუსისთვის გააქვს). თუმცა ვალვერდეს ფორმაციის ბარსელონაში შესანიშნავი ტრიდენტი ჩამოყალიბდა, ნეიმარის ადგილი უსმან დემბელემ დაიკავა, რომელიც შარშანდელთან შედარებით გამოსწორდა და უკეთესადაც თამაშობს. მაშ ასე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" რეალის კარს MSD შეუტევს, რომელიც არ იყო პირველ თამაშში (მაშინ სასტარტოში მალკომი იყო). 

თითქმის ყველაფერი გარკვეულია

მასპინძელთა რიგებში კარში, წესით, კეილორ ნავასი ჩადგება, რადგან სათასო მატჩებზე სოლარი სწორედ კოსტარიკელს აყენებს, თუ მას ტრავმა არ აწუხებს. სოლარი "კამპ ნოუზე" მარსელოს გამოცდილებას ენდო, თუმცა თუ ბრაზილიელის ბოლოდროინდელ ფორმას გავითვალისწინებთ, დაცვის მარცხენა ფრთაზე სერხიო რეგილონის გამოჩენას უნდა ველოდოთ. ლუკას ვასკესს მეტი შანსი აქვს სასტარტოში დაიწყოს, ვიდრე გარეთ ბეილს. 

საეჭვოა მარკოს ლორენტესა და ისკოს თამაში და ეს ნახევარმცველები, ალბათ, არც გამოჩნდებიან ამ მატჩში. 

კლემან ლონლე ავადმყოფობდა, ასე რომ, სამუელ უმტიტის კარგი შანსი აქვს კლასიკო სასტარტოში დაიწყოს. არტურის საკითხი ღიაა, თუ ბრაზილიელი ვერ ითამაშებს, მისი ადგილისთვის ბრძოლა არტურო ვიდალსა და კარლეს ალენიას ექნებათ. შეტევის მარცხენა ფლანგზე უსმან დემბელე ფილიპე კოუტინიოზე უკეთეს ფორმაშია, ასე რომ, აქ, წესით, კითხვები აღარ არსებობს. რაფინია და იასპერ სილესენი ვერ ითამაშებენ, თომას ვერმალენის თამაში კი საეჭვოა. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონამ რეალმა ბოლო 28 დაპირისპირებიდან (ყველა შეჯიბრება) 24-ში 2.5 გოლზე მეტი გაიტანეს. 

⚽ რეალი კოპა დელ რეის ბოლო 39 მატჩიდან 35-ში დაუმარცხებელია. 

⚽ თასზე რეალის ბოლო 8 თამაშიდან 6-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. 

⚽ რეალისა და ბარსელონას ბოლო 8 დაპირისპირებიდან 7-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. გამონაკლისი მხოლოდ წინა მატჩი იყო. 

⚽ 26 გოლით ლიონელ მესი კლასიკოების ყველა დროის ბომბარდირია. 

⚽ მოქმედ ფეხბურთელებში კლასიკოებში ყველაზე მეტჯერ სერხიო რამოსს უთამაშია - 40.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ლუკას ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, უმტიტი, პიკე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტურო ვიდალი - მესი, ლუის სუარესი, დემბელე 

კომენტარები

ბოლო ამბები