Thumbnail

‘ადრე მხოლოდ რონალდოსთვის ვთამაშობდი’ - ბენზემამ კრიშტიანოს წასვლით ისარგებლა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ქარიმ ბენზემა საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს
  • ფრანგის პროგრესის მიზეზი კრიშტიანო რონალდოს წასვლაა

კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ, მადრიდის რეალმა შეტევის გასაძლიერებლად 80 მილიონი ევრო დახარჯა, მაგრამ გოლები “ძველ ნაცნობს” გააქვს! “სამეფო კლუბის” საუკეთესო ბომბარდირი ამ სეზონში ქარიმ ბენზემაა, რომელსაც ყველა ტურნირზე ერთად 20 გოლი აქვს გატანილი.

წინა სეზონებში ბენზემას ხშირად აკრიტიკებდნენ და დასცინოდნენ. ახლა კი ჩანს, რომ რონალდოს წასვლით რეალში ყველაზე მეტად სწორედ ფრანგმა ისარგებლა.

“ადრე მხოლოდ კრიშტიანოსთვის ვთამაშობდი. ჩვენ საკმაოდ კარგად ვუგებდით ერთმანეთს. როცა ბურთს მივიღებდი, ყოველთვის მას ვეძებდი და ვეხმარებოდი, რომ ბევრი გოლი გაეტანა,” - განაცხადა ბენზემამ France Football-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ ამ სეზონში თვითონ არის რეალის თავდასხმის ლიდერი.

ფაქტია, რომ ბენზემა მადრიდულ გრანდში 2015/2016 წლების შემდეგ საუკეთესო სეზონს ატარებს: “ბედნიერი ვარ, რადგან ახლა უკვე ნამდვილად ჩემს ფეხბურთს ვთამაშობ,” - ამბობს 31 წლის ფრანგი.

ახლახან, ბენზემამ ყველა დროის ბომბარდირებში უგო სანჩესს გადაასწრო და მე-6 ადგილზეა. მას რეალის მაისურით 212 გოლი აქვს გატანილი. პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდოა - 450 გოლით.

კომენტარები

ბოლო ამბები