Thumbnail
  • დეტროიტმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო
  • პისტონსმა ინდიანა პეისერსი 113:109 დაამარცხა
  • ფაჩულიას გუნდისთვის ეს ბოლო 8 თამაშში მე-7 მოგებაა

ზაზა ფაჩულიას დეტროიტი რეგულარული სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შესანიშნავ ფორმაშია! ზედიზედ ორი უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგების შემდეგ (ატლანტასთან და მაიამისთან), პისტონსმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე მყოფი ინდიანა პეისერსიც დაამარცხა! 35 წლის ქართველი ცენტრის გუნდმა 113:109 მოიგო - დეტროიტისთვის ეს ბოლო 8 შეხვედრაში მე-7 გამარჯვებაა!

პისტონსი 29 მოგებითა და 30 მარცხით კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და თუ ეს ფორმა შეინარჩუნა, შესაძლოა, ბრუკლინსაც გადაასწროს. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში კონფერენციიდან 8 გუნდი გადის.

ზაზა ფაჩულიამ 10 წუთი ითამაშა

დეტროიტელებმა პირველივე მეოთხედში დაამტკიცეს, რომ ინდიანას აჯობებდნენ - პისტონსმა 36:20 მოიგო. მეორე პერიოდში ინდიანამ თამაში გამოასწორა (31:19 პეისერსის სასარგებლოდ), თუმცა მეორე ტაიმში ფაჩულიას გუნდმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა.

‘ლითლ სიზარს არენაზე’ გამართულ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა პისტონსის ძირითადმა ცენტრმა ანდრე დრამონდმა დააგროვა (26). მას 16 მოხსნაც ჰქონდა - დრამონდისთვის ორმაგი დუბლი ჩვეულებრივი ამბავია. ბლეიკ გრიფინმა კი სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო - 20 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი. ინდიანადან საუკეთესო მსუბუქი ფორვარდი ბოიან ბოგდანოვიჩი გახლდათ - 25 ქულით.

ბლეიკ გრიფინმა სამმაგი დუბლი შეასრულა

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას - ქართველმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა და 0 ქულა ჰქონდა. ზაზას ჩაგდების მცდელობა არც ჰქონია. მან 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

დეტროიტი მომდევნო მატჩს 28 თებერვალს, სტუმრად, სან ანტონიოსთან გამართავს.

📺 ვიდეო: დეტროიტი 113:109 ინდიანა

კომენტარები

ბოლო ამბები