Thumbnail

ილიას ზუროსის მომავალი, ბეჟანიშვილი და შესარჩევი ეტაპი - ბოისა აქტუალურ თემებზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ზუროსის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა
  • წინ 2021 წლის ევრობასკეტი და ახალი გამოწვევებია

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ესტონეთთან მარცხით დაასრულა. წინ 2021 წლის ევრობასკეტი და ახალი გამოწვევებია. ესტონეთთან მატჩის შემდეგ, ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განაცხადა, რომ მისი კონტრაქტი იწურება და კალათბურთის ფედერაციასთან მოუწევს მოლაპარაკება. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე popsport.com-ს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა ესაუბრა...

ესტონეთთან მარცხი

'სამწუხარო მარცხი იყო, რომელსაც ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. წამყვანი მოთამაშეები გვაკლდნენ - მათ შორის თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე. მათგან ერთიც რომ გვყოლოდა, თამაში სულ სხვა სცენარით წარიმართებოდა. მეტოქემ კარგად ითამაშა, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: ესტონელთა რიგებში ყველა მოთამაშემ აკრიფა ქულები, ჩვენ კი ამ მხრივ გაგვიჭირდა. ესტონეთი ფსქოლოგიური წნეხისგან თავისუფალი იყო და ესეც კარგად გამოიყენეს. შედეგად, შესარჩევი ეტაპი მარცხით დავასრულეთ.'

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი

'მთლიანობაში, შესარჩევი ციკლი დადებითად უნდა შევაფასოთ. ორი მატჩი მოვუგეთ ავსტრიას, ორჯერ დავამარცხეთ ისრაელი და ორჯერ რომ მოგვეგო ესტონეთისთვის, მაშინ იდეალური სურათი გვექნებოდა. თუმცა, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. რეალურად, მხოლოდ სერბეთმა, გერმანიამ და საბერძნეთმა გაგვისწრეს, მათ კი დიდი რესურსი და უძლიერესი შემადგენლობა ჰყავთ. როდესაც ევროლიგის მოთამაშეები გაკლია, რთულია უკეთესი შედეგის ჩვენება.'

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ილიას ზუროსის მუშაობით კმაყოფილია

ზუროსის კონტრაქტი

'ილიას ზუროსის და მისი გუნდის მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ. ის უშუალოდ არის ჩართული კალათბურთელების სელექციაში და მთლიანობაში, დიდ სამუშაოს ასრულებს. ზუროსი პროფესიონალია, პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ კონტრაქტის ვადა ეწურება და ფედერაციასთან მოლაპარაკებაა საჭირო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს ჩვენ რამე პრობლემა გვაქვს. მისი მუშაობით კმაყოფილები ვართ და კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მუშაობაც დაწყებულია. ჩვენი სურვილია, რომ ზუროსმა 2021 წლის ევრობასკეტზე ათამაშოს გუნდი და ვფიქრობ, თვითონ მწვრთნელიც იგივე პოზიციაზეა.'

გიორგი ბეჟანიშვილი

'შესაძლოა, გულშემატკივრებმა გიორგი ბეჟანიშვილი ახლა აღმოაჩინეს, მაგრამ ჩვენ მას უკვე ორი წელია ვაკვირდებით. შარშან, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში გვსურდა მისი გამოძახება, მაგრამ ჩვენი მცდელობა ამაო გამოდგა. პირველ რიგში, თვითონ მოთამაშეების გადასაწყვეტია, თუ რომელი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებენ და ასეა ბეჟანიშვილის შემთხვევაშიც, რომელსაც ავსტრიის მოქალაქეობა აქვს.'

გიორგი ბეჟანიშვილი

'მას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა  პროცედურებია გასავლელი, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს და ამ გზაზე, პირველი ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაა. ისევე, როგორც სანდრო მამუკელაშვილის შემთხვევაში, ამჯერადაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოთამაშე ჩვენ ეროვნულ გუნდში გამოვიძახოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პირველ რიგში, ეს მაინც თვითონ გიორგი ბეჟანიშვილის გადასაწყვეტია.'

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები