Thumbnail
  • ატლეტიკოსთან და ბოლონიასთან მატჩების შემდეგ კრიშტიანო რონალდოს აკრიტიკებენ
  • იტალიური მედია: პორტუგალიელს ამ სეზონში ასე ცუდად ჯერ არ უთამაშია

იუვენტუსმა სერია A-ში ისევ მოიგო (1:0 ბოლონიაში), სატურნირო ცხრილს ისევ 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში ისევ დაუმარცხებელია.

მიუხედავად ამისა, იტალიური მედია ტურინულ გრანდს მაგრად აკრიტიკებს - მიზეზი გასაგებია: იუვეს სერია A-ში გამარჯვებებს, დიდი ხანია, წარმატებაში აღარ უთვლიან, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში კი, მასიმილიანო ალეგრის გუნდი მადრიდის ატლეტიკოსთან 0:2 დამარცხდა. ჩვენი იტალიელი კოლეგები ბოლონიასთან მატჩის შემდეგ კრიშტიანო რონალდოსაც მძაფრად აკრიტიკებენ.

“CR7-ს ამ სეზონში ასე ცუდად აქამდე არასდროს უთამაშია. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი და იუვენტუსი ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ შოკიდან ვერ გამოდიან. ტურინული გრანდი კრიზისისგან პაულო დიბალამ იხსნა,” - წერდა “გაძეტა დელო სპორტი” ბოლონიასთან მოგებულ მატჩზე, რომელშიც გამარჯვების გოლი სწორედ არგენტინელმა გაიტანა.

“კრიშტიანო ან დაღლილია, ანაც მოტივაცია და ინტერესი აღარ აქვს. მოედანზე თითქოს რონალდო კი არა, მისი ძმა იყო,” - ვკითხულობთ “გაძეტაში”.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიელი “კორიერე დელო სპორტმაც” გააკრიტიკა: “ბოლონიასთან რონალდომ ძალიან ცუდად ითამაშა. სერია A-ში მას ასეთი ცუდი მატჩი აქამდე არ ჰქონია. მან მხოლოდ მეორე ტაიმში დაარტყა კარში. ან ძალიან ცუდ ხასიათზე და ცუდ ფორმაშია, ანაც თანაგუნდელები პასებს აღარ აძლევენ.”

“იუვემ ბოლონიაში დაკარგული და უმოტივაციო იყო. ალეგრის გუნდმა ისე ცუდად ითამაშა, როგორც ატლეტიკოსთან მეორე ტაიმში,” - ვკითხულობთ “ტუტოსპორტში”.

კრიშტიანო რონალდოს იუვეს ფორმით სერია A-ში 19 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგაში კი - მხოლოდ ერთი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები