Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის ლოკომიტივს საიტს შთაბეჭდილებები გაუზიარა
  • ახალგაზრდა ფეხბურთელს კლუბში დამკვიდრებაში საბა კვერკველია ეხმარება
  • საქართველოს ნაკრების გამოცდილი მცველი ხვიჩას უკვე უმცროს ძმას უწოდებს 

18 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ამ ზამთარს საბა კვერკველიას თანაგუნდელი გახდა - რუსთავის ფეხბურთელი მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას იჯარით სეზონის ბოლომდე დაიცავს. კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონებს ესპანურ შეკრებაზე გაჰყვა, ნორვეგიულ ვიკინგთან საკონტროლო მატჩში კი გოლიც გაიტანა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა ლოკომოტივის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც კლუბში მიღებულ პირველ შთაბეჭდილებასა და მოლოდინზე ისაუბრა. ვინაიდან ხვიჩა რუსულს ჯერ კარგად არ ფლობს, ინტერვიუს დროს თარჯიმნობა საბა კვერკველიამ ითავა.

კვარაცხელიამ ლოკომოტივის მაისურით გატანილი პირველი გოლი თავშეკავებულად აღნიშნა

ბავშვობასა და ლოკომოტივზე 

"თბილისში, ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში დავიბადე, მყავს მამა, დედა და ორი ძმა. მთელი ოჯახი ფეხბურთს ეთაყვანება, გულშემატკივრობს საქართველოს ნაკრებს და იმ გუნდს, რომელშიც გამოვდივარ.  ბავშვობაში ფეხბურთს ოლიმპიკის აკადემიაში, ავაზაში, შემდეგ თბილისის დინამოში ვთამაშობდი. დიდ ფეხბურთში დებიუტიც დინამოში მქონდა, ჩემი ბოლო გუნდი კი რუსთავი იყო, სადაც წინა სეზონი გავატარე. ვიცოდი, რომ ლოკომოტივი რუსეთის ჩემპიონი იყო. როდესაც ამ კლუბის წინადადების შესახებ შევიტყვე, წამითაც არ დავფიქრებულვარ. ასეთ კლუბში თამაში ოცნებაა".

საკლუბო ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, საბა ხვიჩას გვერდიდან არ იშორებს

პირველ გოლსა და რუსეთის ლიგაზე

"ბრწყინვალე თამაში გამოვიდა! მომეწონა, თანაგუნდელებთან შეთამაშება არ გამჭირვებია. გოლი გამიხარდა, მაგრამ ემოციების გამოხატვა შემრცხვა. გატანილი გოლი დამატებითი სტიმულია.

მეტი ამ თემაზე: კვარაცხელიამ ვიკინგს 10 წუთში გაუტანა - გოლი პირველივე თამაშში

რუსეთის ჩემპიონატში ლიდერების მატჩები მინახავს. საინტერესო პირველობაა. ორთაბრძოლა მეტია, მაგრამ შემოქმედებისა და კრეატივის საშუალებაც არის. ვიმუშავებ და დაველოდები მოედანზე გასვლას! მთლიანობაში, ძალიან აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ!"

ჯანაშია, ასათიანი კვერკველია...

მოსკოვის ლოკომოტივში ქართველები სულ გამოდიოდნენ და კლუბისთვის წარმატებაც მოჰქონდათ. რა თქმა უნდა, მსმენია ისეთი ფეხბურთელების შესახებ, როგორებიც ზაზა ჯანაშია და მალხაზ ასათიანი იყვნენ. საქართველოში მათ ყველა იცნობს. ასე რომ, თავს უცხოდ არ ვგრძნობ. კვერკველია აქ გავიცანი. საბა მეხმარება ენის ბარიერის დაძლევაში, გამაცნო ბიჭები. რუსულად ბევრი რამ მესმის, მაგრამ საუბარი მიჭირს. რომ არა საბა, ძალიან გამიჭირდებოდა".

ხვიჩა მოსკოვურ კლუბთან ერთად ესპანურ შეკრებაზე ემზადება

საბა: მას დიდი პოტენციალი აქვს!

ინტერვიუში საბა კვერკველიაც ჩაერთო და თანამემამულე დაახასიათა:

"ხვიჩას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ საქართველოში მასზე ბევრი მსმენია. ყველა ამბობდა, რომ ის პერსპექტიული ბიჭია. რამდენჯერმე ვნახე ხვიჩას თამაში ასაკობრივ ნაკრებში, ის ბრწყინვალედ თამაშობს, იტანს. ახლა კი ვარჯიშებზე ვხედავ, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს. ყველაფერი მის ხელშია, უბრალოდ, უნდა იშრომოს. ხვიჩა ჩემთვის უმცროსი ძმასავითაა. მას მეც ვაფასებ და სხვებიც პატივს სცემენ. მინდა მადლობა ვუთხრა თანაგუნდელებს, რომ მიიღეს ის და ადაპტაციაში ეხმარებიან. ჩვენ ყველა ერთი დიდი, ინტერნაციონალური ოჯახი ვართ".

მოსკოვის ლოკომოტივი რუსეთის პრემიერლიგაში გასული 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს. მოქმედ ჩემპიონებს 28 ქულა აქვთ, ჩემპიონატს კი 2 მარტს, კრილია სოვეტოვთან საშინაო მატჩით განაახლებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები