Thumbnail
  • თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატში 19 ქულა მიითვალა
  • შემდეგ ტურში გიორგი შერმადინი ყოფილ გუნდს, ანდორას დაუპირისპირდება
  • გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგაში ორმაგი დუბლი შეასრულა
  • მანუჩარ მარკოიშვილის პირველი გამარჯვება იტალიის ჩემპიონატში
  • NCAA-ში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა
  • მაიკლ დიქსონმა ტრავმა მოირჩინა

შენგელია

ესპანეთის ჩემპიონატში ბასკონიამ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, თორნიკე შენგელიამ კი კვლავ შედეგიანი თამაშით გამოიჩინა თავი. ბასკონია ხუვენტუტს დაუპირისპირდა და მეტოქე 87:77 დაამარცხა.

ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში არ იყო და პარკეტზე 21:35 წუთი გაატარა. შენგელიამ 19 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბასკონიას შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო და ამ მხრივ მხოლოდ მეტოქე გუნდის კალათბურთელს,  გიელოს ჩამორჩა.

გამარჯვების შემდეგ ბასკონიამ სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე გადაინაცვლა. ვიტორიელებს მომდევნო მატჩი 19 ნოემბერს, სტუმრად სან პაბლო ბურგოსის წინააღმდეგ ელით.

თორნიკე შენგელიამ თბილისის დინამოს ჯავრი იყარა

შერმადინი

გიორგი შერმადინის უნიკახა ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა. ამჯერად მალაგელებმა სტუმრად გიპუზკოა ბასკეტთან 8 ქულით - 63:71 წააგეს.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 14:10 წუთი გაატარა და მისი შედეგი 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება იყო. შერმადინმა 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, როცა უნიკახაში ცენტრის პოზიციაზე მისმა კონკურენტმა, ჯეიმს ოგასტინმა 26 წუთში 5-დან მხოლოდ ერთხელ მოათავსა ზუსტად ბურთი კალათში და 2 ქულას დასჯერდა.

სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, ქართველი კალათბურთელი თავისი გუნდის რიგებში მხოლოდ ესპანელ კარლოს სუარესს ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

უნიკახა 4 მოგებით და 4 მარცხით ესპანეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში გიორგი შერმადინს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. 19 ნოემბერს უნიკახას მეტოქე მორაბანკ ანდორა იქნება.

ბითაძე

ადრიატიკის ლიგის მორიგ მატჩში გაიბრწყინა გოგა ბითაძემ. მისი მეგა ბიმაქსი პარტიზანთან დამარცხდა, მაგრამ 18 წლის ქართველი ცენტრის თამაშმა გულგრილი არავინ დატოვა. გოგა ბითაძემ მოედანზე 20:19 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში მან 19 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, აქედან 7 შეტევაში და ორი ბლოკ შოტიც მის ანგარიშზეა.

ახალგაზრდა ქართველის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 22 შეადგინა და ამ მაჩვენებლით თანაგუნდელტაგან მხოლოდ დილან ენისს ჩამორჩა, რომელთანაც გათამაშებული კომბინაცია მატჩის საუკეთესო მომენტად აღიარეს.

მატჩის საუკეთესო კომბინაცია გოგა ბითაძის მონაწილეობით

სამი მოგებით და ხუთი მარცხით მეგა ბიმაქსი გათამაშების ცხრილის მეექვსე ადგილზეა და შემდეგ მატჩსს სერბული კლუბი ბელგრადში უშუალო კონკურენტ FMP-თან ჩაატარებს.

ბითაძის დანქი პარტიზანის ფარში

დიქსონი

საქართველოს ნაკრების ლეგიონერი, მაიკლ დიქსონი მხრის ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და შედეგიანადაც ითამაშა. საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატში დიქსონის გუნდი, სტრასბურგი, სტუმრად მონაკოს დაუპირისპირდა და მეტოქე 90:83 დაამარცხა.

მაიკლი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16 წუთში თავი 14 ქულასა და 2 პასი მიითვალა.  დიქსონმა 5-დან 4 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური მიიღო, ხოლო მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტრასბურგი  5 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს გუნდი 19 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე ლიონ-ვილერბანთან გამართავს.

მაიკლ დიქსონის შესვლა ფარქვეშ

მარკოიშვილი V სანაძე

იტალიის სერია A-ს 6 წაგებით დაწყების შემდეგ, მანუჩარ მარკოიშვილის რეჯიო ემილიამ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა. წარუმატებელი სერია რეჯინამ დუდა სანაძის პისტოიასთან შეწყვიტა, მეტოქე რეჯინამ 90:42 გაანადგურა.

ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. მარკოიშვილმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და მასპინძლებს 9 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 პასი შესძინა. მანუჩარმა 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

გაცილებით მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა სანაძეს, რომელიც 20 წუთში 2 ქულას, 1 მოხსნასა და 1 პასს დასჯერდა. დუდამ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, 2 სამქულიანი ააცილა, 2 შეცდომა დაუშვა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესი ერთხელ დაირღვა.

1 მოგებითა და 6 მარცხით რეჯო ემილია სატურნირო ცხრილში ბოლო მე-16 ადგილზე დარჩა, ფლექს პისტოია კი 2 გამარჯვებით მეცამეტეა.

18 ნოემბერს მარკოიშვილის გუნდი ვანოლი კრემონას ესტუმრება, სანაძე და მისი თანაგუნდელები კი ერთერთ ლიდერ ვენეციას ესტუმრებიან.

მანუჩარ მარკოიშვილის საუკეთესო მომენტები მატჩში

მამუკელაშვილი

სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი სეტონ ჰოლში

NCAA-ში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა - ქართველის "სეტონ ჰოლმა" სტარტზე ორი მატჩი მოიგო. ჯერ დიკინსონი დაამარცხა 90:68, შემდეგ კი მონმაუსსაც მოუგო - 75:65.

პირველ თამაშში მამუკელაშვილმა 20 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (5 შეტევაში) და 2 დაფარება მიითვალა. მეორეში კი მხოლოდ 11 წუთი ითამაშა და 2 ქულითა და 1 მოხსნით დაკმაყოფილდა. მომდევნო მატჩს სეტონ ჰოლი ინდიანასთან 15 ნოემბერს გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები