Thumbnail

მჯერა, რომ ქართველებს ეს შეუძლიათ! - ილიას ზუროსის კომენტარი მატჩის შემდეგ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთან 77:84 წააგო
  • მწვრთნელებმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასეს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი გამართა და თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთის ეროვნულ გუნდთან 77:84 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, პრესკონფერენცია გაიმართა.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

“პირველ რიგში, მინდა მივულოცო გამარჯვება ესტონეთის ნაკრებს. უკეთ ითამაშეს და დიდი ენთუზიაზმი გამოავლინეს. კონცენტრირებულები იყვნენ და კარგად იდგნენ დაცვაში, რაც არ ყოფილა ჩვენთვის მოულოდნელი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში გვიჭერდნენ მხარს. ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად დავიხარჯეთ. ვფიქრობ, განვლილი შესარჩევი ციკლი  ჩვენთვის პოზიტიური იყო.

'ადვილია, იზეიმო გამარჯვება, მაგრამ რთულია, მარცხის შემდეგ წამოდგე და გააგრძელო ბრძოლა. მჯერა, რომ ქართველებს ეს შეუძლიათ!' - ილიას ზუროსი

მეორე შესარჩევი ციკლი დასრულდა, რაც თანაშემწეებთან ერთად საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ და ეს ჩემთვის დიდი პატივია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა საერთაშორისო კალათბურთში არსებული სისტემური პრობლემების გამო. ვგულისხმობ ფიბასა და ევროლიგას შორის არსებულ უთანხმოებას. რთულია, როდესაც სამი-ოთხი დღე გაქვს გუნდის მოსამზადებლად და მუდმივად გაკლია წამყვანი მოთამაშეები. მწვრთნელები არ ვართ ჯადოქრები, რომ სამ დღეში გუნდი იდეალურად მოვამზადოთ.

ილიას ზუროსი თამაშის დროს, ტრადიციულად, ძალიან ემოციური იყო
ფოტოები: POPSPORT.COM

ამ 4 წლის განმავლობაში იყო ბევრი კარგი მომენტი. ჩემი კონტრაქტი იწურება და მომავალთან დაკავშირებით, მოლაპარაკებას გავმართავ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან. მინდა ყველას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, რასაც მუდმივად ვგრძნობდი. დაბოლოს, ადვილია იზეიმო გამარჯვება, მაგრამ რთულია, მარცხის შემდეგ წამოდგე და გააგრძელო ბრძოლა. მჯერა, რომ ქართველებს ეს შეუძლიათ”.

📺 ვიდეო: გიორგი შერმადინის და რატი ანდრონიკაშვილის კომენტარი მატჩის შემდეგ

რატი ანდრონიკაშვილი (საქართველოს ნაკრები)

“ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ესტონელებს ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც ბევრი სირბილი და კარგი სროლა შეუძლიათ, რაც გამოჩნდა კიდეც. კარგად ითამაშეს როგირც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში. გვქონდა კარგი და ცუდი მომენტები, ბოლოს კი იღბალი ჩვენ მხარეს არ აღმოჩნდა. საწყენი მარცხი იყო, თუმცა აქედანაც უნდა ვისწავლოთ და დასკვნები გამოვიტანოთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის უდიდესი პატივია. ეს შანსია ჩემთვის რომ ვისწავლო და დიდი გამოცდილება მივიღო”.

რატი ანდრონიკაშვილმა 2 ქულა დააგროვა
ფოტოები: POPSPORT.COM

ტიიტ სოკი (ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი)

“საწყის წუთებში ვერ ვაკონტროლებდით თამაშის ტემპს და საქართველოს ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა. შემდეგ, ავთამაშდით და განსაკუთრებით ეს დაცვით ფაზაზე ითქმის. შედეგად, ქულებიც ავკრიფეთ და წინაც გავედით. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სულელური ჯარიმა ავიკიდეთ. გადამწყვეტ მომენტში უფრო ენერგიულად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები