Thumbnail
  • 📅 24 თებერვალი | ⌚ 23:30 | ⚽ ფიორენტინა V ინტერი
  • ფიორენტინას საკუთარ მოედანზე გამარჯვება ძალიან უჭირს
  • მილანის ინტერს მაურო იკარდის არყოფნა სულაც არ ეტყობა 
  • ნერაძური ფლორენციაში მოგებათა 4-მატჩიანი სერიით ჩადის

იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის უკანასკნელი და მთავარი შეხვედრა ფლორენციაში გაიმართება, სადაც ფიორენტინა მილანის ინტერს უმასპინძლებს. "ნერაძურის", რომელმაც ჯერჯერობით ვერ გადაჭრა პრობლემა სახელწოდებით მაურო იკარდი (ან ვანდა ნარა), მაგრამ არგენტინელის გარეშეც წარმატებით თამაშობს, ცხრილის ზედა სამეულში ადგილი შესანარჩუნებელი აქვს. სტუმრად "არტემიო ფრანკიზე" თამაში კი იოლი არავისთვისაა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფლორენციელები ფორმაში არიან. 

ფიორენტინა

ამჟამად ფიორენტინა მხოლოდ მეცხრეა იტალიის ჩემპიონატში, მაგრამ ამ გუნდის დონე აშკარად მაღალია, ვიდრე ცხრილში მისი მეზობლების. საქმე ისაა, რომ სტეფანო პიოლის შეგირდებმა სეზონის პირველი ნახევარი არცთუ დამაჯერებლად ჩაატარეს, 2019-ში კი "იებს" თამაში ჯერ აღარ წაუგიათ - გუნდმა ყველა ტურნირის 7 მატჩიდან 4 მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა და თუ ასე გააგრძელებს, ევროსაგზურების ზონაში მოხვედრასაც შეძლებს. 

სტეფანო პიოლის ინტერთან შეხვედრაში ტრავმების გამო კევინ მირალიასი და ხერმან პესელა ვერ დაეხმარებიან.

ფლორენციელთა მთავარი მეგოლეები: მარკო ბენასი და ფედერიკო კიეზა

ინტერი

იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ლუჩანო სპალეტის გუნდს ძალიან ცუდი პერიოდი ჰქონდა - სამი წაგებული მატჩიდან ორში გოლი საერთოდ ვერ გაიტანა, კიდევ ერთში კი უგოლო ფრეს დასჯერდა. შემდეგ იყო დაძაბულობა არგენტინელ ლიდერთან, შედეგად კი მაურო გუნდს დროებით ჩამოშორდა და კაპიტნის სამკლავურიც დაკარგა. ამ ყველაფრის ფონზე ისე ჩანდა, რომ ინტერი ფსკერისკენ დაეშვებოდა, მაგრამ პირიქით კი მოხდა - მილანურმა გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი (ყველა ტურნირში) მოიგო, თავდასხმის ხაზში კი სხვა არგენტინელი ათამაშდა - ლაუტარო მარტინესი, რომელიც ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურება. 

იმ ჩავარდნის მიუხედავად, სპალეტის გუნდი ცხრილში მესამე ადგილს კვლავაც ინარჩუნებს, მაგრამ მდევრებთან შემცირებული უპირატესობა მოდუნების უფლებას არ აძლევს - ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდებაზე საუბარი ძალიან ადრეა.

"ნერაძურის" ფიორენტინასთან შეხვედრაში ტრავმების გამო შიმე ვრსალკო და ბალდე კეიტა დააკლდებიან. სავარაუდოდ, ფლორენციაში არც მაურო იკარდი ითამაშებს, რის მიზეზადაც ტრავმა სახელდება.

სამირ ჰანდანოვიჩის კაპიტნობით ინტერმა ყველა თამაში მოიგო

საინტერესო ფაქტები

⚽ იტალიის ჩემპიონატის პირველ წრეში ინტერმა მილანში ფიორენტინას ანგარიშით 2:1 მოუგო. 

⚽ ფიორენტინისა და ინტერის ბოლო 6 მატჩში სტუმარ გუნდს არცერთხელ გაუმარჯვია - ხუთჯერ მასპინძელმა მოიგო, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი დასრულდა ფრედ. ექვსჯერ მილანელებმა მოიგეს, ექვსჯერ - ფლორენციელებმა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 13 მატჩიდან 11-ში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა, 10 შეხვედრაში კი გატანას ორივე გუნდი ახერხებდა.

⚽ ინტერმა ფლორენციაში ბოლოს 2014 წელს გაიმარჯვა. მას შემდეგ "არტემიო ფრანკიზე" სამჯერ მასპინძლებმა მოიგეს, ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა.

⚽ სერია A-ში ინტერის ჩატარებული 24 თამაშიდან 11-ში ანგარიში 1:0 დაფიქსირდა. ასეთი ანგარიშით სხვა არცერთ გუნდს დაუსრულებია 7-ზე მეტი მატჩი.

⚽ სერია A-ში ფიორენტინას ჩატარებული 24 თამაშიდან პირველი ტაიმი ფრედ 15-ში დასრულდა - ხშირად, ვიდრე სხვა ნებისმიერი გუნდის შემთხვევაში.

⚽ სერია A-ში ფიორენტინას ჩატარებული ბოლო ათი შეხვედრიდან ხუთში ოთხი და მეტი გოლი დაფიქსირდა.

⚽ სერია A-ში მილანის ინტერის ბოლო ათი მატჩიდან რვაში შედეგიანობა ერთ გოლს არ აღემატებოდა.

⚽ "იებმა" სერია A-ს ბოლო სამ საშინაო მატჩში გამარჯვება ვერ შეძლეს. ბოლო 7 საშინაო მატჩიდან კი გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ფიორენტინა (4-3-3): ლაფონი - მილენკოვიჩი, ჩეკერინი, უგო, ბირაგი - ფერნანდესი, ვერეტუ, ბენასი - კიეზა, მურიელი, ჟერსონი.

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ’ამბროზიო, შკრინიარი, ვრეი, ასამოა - ბროზოვიჩი, ვესინო - პოლიტანო, ნაინგოლანი, პერიშიჩი - მარტინესი.

კომენტარები

ბოლო ამბები