Thumbnail

ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბარსელონა "სანჩეს პისხუანზე" ორჯერ აგებდა სევილიასთან, მაგრამ ლეო მესის ულამაზესი ჰეთ თრიკის წყალობით 4:2 გაიმარჯვა. ბარსელონა 57 ქულით ლიდერია და მდევარ ატლეტიკოს ზუსტად 10 ქულით უსწრებს. სევილია კი 37 ქულით მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ხეტაფე (!) შევიდა 39 ქულით. 

ხესუს ნავასი ლა ლიგაში მე-300 მატჩს ატარებდა, ვეტერანმა სევილიელმა ეს გოლით აღნიშნა - 22-ე წუთზე კონტრშეტევაზე გაიტანა. 4 წუთში ლეო მესიმ, რომელმაც გოლის ეპიზოდში დაკარგა ბურთი, თავისი შეცდომა გამოასწორა და ულამაზესი გოლი გაიტანა. ტაიმი მაინც სევილიამ მოიგო, 42-ე წუთზე პაბლო სარაბიას პასით სევილიას მცველმა გაბრიელ მერკადომ გაიტანა.

67-ე წუთზე მესიმ მორიგი შედევრი შემოგვთავაზა შეცვლაზე შესული უსმან დემბელეს პასით "ცხრიანში" გაიტანა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა. 85-ე წუთზე ლეომ ჰეთ თრიკი შეასრულა, მან მეკარეს რბილად გადაუგდო ბურთი. ბარსელონა არ გაჩერებულა, თავისი გოლი ლუის სუარესმაც გაიტანა - მესის პასით. 

სევილია V ბარსელონა

საინტერესო ფაქტები

მესიმ 16 დეკემბრის მერე პირველად გააკეთა საგოლე პასი

⚽ ლიონელ მესიმ კარიერაში 50-ე ჰეთ თრიკი შეასრულა

⚽ პირველი ჰეთ თრიკი მან 2007 წელს "კამპ ნოუზე" რეალის კარში შეასრულა

⚽ ლიონელ მესიმ სევილიასთან ბოლო 21 დაპირისპირებიდან 20-ში ერთ გოლში მაინც მიიღო უშუალო მონაწილეობა (23 გოლი, 14 საგოლე პასი). 

⚽ ლიონელ მესიმ სევილიას 36 გოლი გაუტანა (35 მატჩში), ეს კლუბი მისი ყველაზე საყვარელი "მსხვერპლია". 

⚽ ლა ლიგაში მესიმ სევილიას 28 გოლი გაუტანა და ლა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა - ერთი ფეხბურთელის მიერ რომელიმე კლუბის კარში გატანილი გოლების რაოდენობით. აქამდე მას და კრიშტიანო რონალდოს სევილიას კარში 25-25 გოლი ჰქონდათ გატანილი.  

კომენტარები

ბოლო ამბები