Thumbnail

ტოპ 5 რეტრო თამაში - მოგზაურობა 8 ბიტიან წარსულში

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი

ჩვენ გეიმინგის ოქროს ერაში ვცხოვრობთ. 2019 წელს ყველას აქვს იმის საშუალება, რომ საკუთარი გემოვნების შესაფერისი თამაში შეარჩიოს და გაერთოს. მიუხედავად ამისა, ბევრ ჩვენგანს დღემდე ახსენდება ძველი, ტკბილი დრო - როდესაც თამაშები ორ განზომილებიანი და 8 ან 16 ბიტიანი იყო. გეიმერთა დიდი ნაწილი სწორედ ამ ერთი შეხედვით ‘მარტივმა’ გასართობებმა აქცია ვიდეო თამაშების მოყვარულად.

დიდი ხნით რომ არ გადავდოთ - გთავაზობთ ხუთ რეტრო თამაშს, რომლებითაც დღესაც მშვენივრად გაერთობით. აქვე გეტყვით იმასაც, რომ თითოეული მათგანის გახსენება, უბრალოდ თამაშის დასახელებაზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ.

პონგი

ყველასთვის კარგად ნაცნობი და ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენები პონგი. წარმოიდგინეთ - ზიხართ სამსახურში და დაახლოებით 15-20 წუთი გამოგიჩნდათ. სერიოზულს ვერაფერს ითამაშებთ, ვერც სერიალს უყურებთ გადახვევის გარეშე. სწორედ ამ დროს დაგეხმარებათ პონგი. კონსოლ Atari-ზე გამოსული ერთ-ერთი პირველი ვიდეო თამაში სიმარტივის განსახიერებაა და ამის მიუხედავად შეიძლება საათობით გაგართოთ. შავ ფონზე, თეთრი ხაზებით სათამაშო არეალია დახაზული. არის ერთი ბურთი და ორი დაფა, რომელსაც მოთამაშე, ან მოთამაშეები აკონტროლებენ. თავისუფალი დრო უცბად გაირბენს და თქვენც განახლებული ძალებით გააგრძელებთ თავდადებულ შრომას.

გენიალობა სიმარტივეშია

ზღარბი სონიკი 2 (Sonic The Hedgehog 2)

სონიკი სწრაფად დარბის, ძალიან სწრაფად. შეიძლება ითქვას, რომ თავის დროზე Sega-ს პლატფორმერმა Nintendo-ს მარიოს ღირსეული კონკურენცია გაუწია. საოცარი ‘ლუფები’ და ჭკვიანურად აწყობილი გარემო გეიმერებს ძალიან მალე შეუყვარდათ. 16 ბიტის ერაში ასეთი ლამაზი და დახვეწილი თამაში, ძალიან ცოტა იყო. Sonic 2-ს ხიბლს ისიც მატებდა, რომ ორ ადამიანს ერთდროულად შეეძლო თამაში. სონიკის გახსენებას თუ გადაწყვეტთ, გირჩევთ მეგობარი მოისვათ გვერდზე და მასთან ერთად გაერთოთ.

სონიკი და მისი მეგობრები

The Legend of Zelda: A Link to the past

სუპერ მეტროიდმა გვასწავლა, რომ არ უნდა გვეშინოდეს იმის, რაც არ ვიცით. იგივე, მაგრამ უკეთ გვასწავლა Link-ის თავგადასავალმაც. ჰაირულში მოგზაურობა საიდუმლოებებით და სიურპრიზებით იყო სავსე. თამაშის სამყაროს გამოკვლევა, მისი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო ნაწილია. როდესაც მოთამაშე პატარა საიდუმლოს ამოხსნის, მის სიხარულს საზღვარი არ აქვს. იმ ერაში გამოსული სხვა თამაშებისგან განსხვავებით, The Legends of Zelda-ს მოთამაშისთვის ხელი არ აქვს ჩაკიდებული და სწორხაზოვანი ისტორიის პარალელურად ტურიდან ტურში არ გადაჰყავს. იმისთვის, რომ თამაში დახურო, შენ ბევრი სიარული მოგიწევს და დამიჯერე, უშველებელ სამყაროში დაკარგვა იმაზე მარტივია, ვიდრე გგონია.

ლინკი დღემდე გეიმინგის ერთ-ერთი ყველაზე იკონური პერსონაჟია

Street Fighter

მანამ, სანამ Tekken და Mortal Kombat იარსებებდა, ფაითინგ თამაშებს ერთი მეფე ყავდა - სთრით ფაითერი. მართალია კინომ, რომელშიც მთავარ როლს ჟან კლოდ ვანდამი ასრულებს, ბაშვობაშიც კი გამიცრუა იმედები, მაგრამ ამის მიუხედავად Street Figter, თავისი უნიკალური და საინტერესო პერსონაჟებიანად დღემდე ჩემ საყვარელ გასართობად რჩება.

Street Fighter-ს ყოველთვის უნიკალური სტილი ჰქონდა

Super Mario World

რეტრო თამაშების განხილვა სუპერ მარიოს ხსენების გარეშე შეუძლებელია. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამ საოცარი ვიდეო თამაშის საუნდტრეკების მოსმენისას ნოსტალგია არ მოეძალება. თუმცა ამჯერად, იმ კლასიკურ მარიოზე, რომელსაც 'დენდიზე' ვთამაშობდით, არ ვისაუბრებთ.

Super Mario Bros. 3 და Super Mario Worlds ორი საუკეთესო პლატფორმერია, რომელიც ოდესმე შექმნილა. მარიოს შესახებ ბევრს აღარ ვისაუბრებთ, უბრალოდ ბმულს შემოგთავაზებთ, რომ თავად გაიხსენოთ ეს გენიალური თამაში.

იტალიელი სანტექნიკოსი ჩვენი ბავშვობის მეგობარია

სხვა თამაშები, რომლებიც წარსულში დაგაბრუნებთ

შესაძლოა ამ თამაშებს გეიმინგის სამყარო არ შეუცვლიათ, მაგრამ სტატიაში ხსენებას ნამდვილად იმსახურებენ. 'ტანკები' (Battle City), კონტრა (Contra) და კუ ნინძები (Teenage Mutant Ninja Turtles) ნამდვილად იმ სახის გასართობია, რომელსაც ჩემი თაობის გეიმერები დღესაც სიამოვნებით გაიხსენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები