Thumbnail

თურქეთში ქართველი ფეხბურთელები დააკავეს - სფფ-ის პოზიცია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ანტალიაში ხუთი ქართველი ფეხბურთელი ქურდობის ფაქტზე დააკავეს
  • მომხდართან დაკავშირებით პოზიცია ფეხბურთის ფედერაციამ დააფიქსირა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა თურქულ და ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ანტალიაში საფეხბურთო კლუბ ცხინვალის 5 ფეხბურთელი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. სანამ სფფ-ს განცხადებას გაგაცნობთ, სულ ბოლო ინფორმაციას მოგაწვდით, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელები პატიმრობაში არ დატოვეს და გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა წინ სასამართლო პროცესია. შესაბამისად, ამ დროისთვის ფეხბურთელებს პირობითი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის - ცხინვალის ფეხბურთელები. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ ცხინვალს, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე.

ფოტო: ცხინვალის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები