Thumbnail
  • ALL STAR-ით გამოწვეული პაუზის შემდეგ, NBA-ში რეგულარული ჩემპიონატი განახლდა
  • სათამაშო დღე წარმატებული უორიორსისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის გამოდგა  

ვარსკვლავური უქმეების შემდეგ, გოლდენ სტეიტ უორიორსმა შინ საკრამენტო კინგსი მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 125:123 სძლია. ოკლენდელებმა 46-იდან 19 სამქულიანის რეალიზება შეძლეს, მეტოქემ კი - 33-იდან 10-ის,  სამწამიანი ზონიდან უირიორსმა 38 ქულა მოიპოვა, 56 კი მიიღო. ამასთან, მასპინძლებმა 32 ზუსტი პასი შეასრულეს, სტუმრებმა - 23.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტეფ კარი გახდა, რომელმაც 16-იდან 10 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ 36 ქულა მიითვალა.

"ოლ სტარის" MVP კევინ დურანტს კი ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა (28 ქულა, 9 მოხსნა). საკრამენტოში ფორვარდი მარვინ ბეგლი გამოირჩა 28 ქულითა და 14 მოხსნით.

მოქმედი ჩემპიონები, 42 მოგებითა და 16 მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებენ. კინგსი (30-28) ამავე კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა.

"ოლ სტარის" გამარჯვებულებმა ლებრონ ჯეიმსმა და ჯეიმს ჰარდენმა რეგულარულ ჩემპიონატში იფრინეს, ოღონდ, ამჯერად ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა საკუთარ მოედანზე ჰიუსტონ როკეტსი მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 111:106 მოუგო. 

მესამე მეოთხედში ჰარდენი და ჰიუსტონი 19-ქულიან უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ ლეიკერსმა ბოლო პერიოდი 28:16 მოიგო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. მასპინძლებს უპირატესობა ფარქვეშ ჰქონდათ - 49 მოხსნა 38-ის წინააღმდეგ, 17 ფოლი 28-ის წინააღმდეგ. შედეგად, ლეიკერსმა 33 საჯარიმო ისროლა (27 ზუსტი), როკეტსმა კი მხოლოდ 15 (14 ზუსტი).

მატჩში ყველაზე შედეგიანი მოთმააშე სტუმართა მცველი ჯეიმს ჰარდენი გახდა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. გამარჯვებულთა შორის კი ორმაგი დუბლით, 29 ქულითა და 11 მოხსნით, ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.

ამ მოგების შემდეგ ლეიკერსს მოგება-წაგების თანაბარი ბალანსი აქვს (29-29) და დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა. როკეტსი (32-25) ამავე კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები