Thumbnail
  • საბერძნეთი 81:69 საქართველო
  • საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა
  • ზუროსის გუნდი საკვალიფიკაციო ციკლს თბილისში, ესტონეთთან მატჩით დაასრულებს
  • არადა, ესტონელებმა ჩვენს კონკურენტ სერბეთის ნაკრებს შინ სენსაციურად მოუგეს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის მეორე შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა შეხვედრა სტუმრად საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარა და უშანსოდ, 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა. ამ მარცხით ქართველმა კალათბურთელებმა ჩინეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის მიზერული შანსიც დაკარგეს. 

ილია ზუროსის გუნდი კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლიონში გასამართ მატჩს საკადრო პრობლემებითა და ფინალურ სტადიაზე მოხვედრის თეორიული შანსით შეხვდა. საიმისოდ, რომ L ჯგუფიდან ბოლო საგზური მოეპოვებინა, საქართველოს ნაკრებს დარჩენილი ორი შეხვედრის მოგება აუცილებლად მართებდა. პარალელურად კი, ორივე დარჩენილი თამაში უნდა წაეგო მის კონკურენტ სერბეთს, რომელიც ამ ტურში ესტონეთს უპირისპირდებოდა. 

საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ჰერაკლიონში

საქართველოს ნაკრების ბერძენ მთავარ მწვრთნელს თანამემამულეებთან გასვლით მატჩში ტრავმირებული თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, სხვა მიზეზებით კი სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე და მეტ ჯენინგი ვერ ეხმარებოდნენ. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, მასპინძლებს საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდათ და ჰერაკლიონის დარბაზში სუსტი შემადგენლობით წარსდგა.

მაკფადენმა აშშ-იდან 16 საათი იფრინა, საქართველოს ნაკრებს რომ დახმარებოდა

უმოტივაციო ესტონელებმა სენსაცია მოახდინეს და ტალინში ძლიერ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 71:70 სძლიეს (შეხვედრა ადრე გაიმართა), თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ამით ვერ ისარგებლა. 

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ასეთი ხუთეულით დაიწყო: გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, აკაკი დვალიშვილი, თად მაკფადენი. მასპინძლებმა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რისი მიზეზიც დაცვაში ზუროსის შეგირდების სუსტი თამაში იყო. მეოთხედი ბერძნებმა 9-ქულიანი სხვაობით მოიგეს (23:14). ვითარება არც მეორე პერიოდში შეიცვალა და დიდი შესვენების წინ სხვაობამ 13 ქულას მიაღწია - 44:31 ბერძნების სასარგებლოდ.

დუდა სანაძემ 5 სამქულიანიდან 2 ჩააგდო და თამაში 6 ქულით დაასრულა

საგულისხმოა, რომ მასპინძლებმა პირველ ტაიმში ჯამში პერიმეტრიდან 17-ჯერ ტყორცნეს და 7-ჯერ ზუსტად. საქართველოს ნაკრებმა კი 11-იდან 3 სამქულიანი გამოიყენა. დიდი იყო ქართველი კალათბურთელების წუნი საჯარიმოდან სროლის მხრივ - 11-იდან მხოლოდ 6 ჩავაგდეთ.

საქართველოს ნაკრებში ნათელი წერტილი მისი კაპიტანი გიორგი შერმადინი იყო. უნიკახას ცენტრმა უკვე მესამე მეოთხედში გაიფორმა ორმაგი დუბლი, შეხვედრა კი 26 ქულით, 15 მოხსნით, 3 პასითა და 2 დაფარებით დაასრულა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო. გიორგიმ მოედანზე 37:58 წუთი გაატარა, 12-იდან 9 ორქულიანი და 10-იდან 8 საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამიანი კი ააცილა.

გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდში ყველაზე მაღალი ჰქონდა - 37!

თამაშის სცენარი დიდად არც მესამე მეოთხედში შეცვლილა და ის მასპინძლებმა 2 ქულის უპირატესობით მოიგეს, ბოლო პერიოდის წინ კი ანგარიში 66:51 იყო. როგორც ჩანს, მასპინძლებმა 14-ქულიანი უპირატესობა მოგებისთვის საკმარისად მიიჩნიეს, რითაც ქართველმა კალათბურთელებმა ისარგებლეს. განსაკუთრებით ზუროსის გუნდის ნატურალიზებული ამერიკელი გააქტიურდა, რომელმაც ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი სამქულიანი, ორი საჯარიმო და ერთი ორქულიანი ჩააგდო და სხვაობა ერთ ეპიზოდში 5 ქულამდეც შეამცირა, მაგრამ შემდეგ ასევე წარმატებით თამაში ვეღარ გააგრძელა.

აკაკი დვალიშვილმა ანტონის კონიანირსს ხელი ვერ შეუშალა

საქართველოს ნაკრებმა მეტი ვერ შეძლო. ბოლო წუთებში მასპინძლები კვლავ ათამაშდნენ, საბოლოოდ კი ტაბლოზე 12-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. 

გიორგი შერმადინის გარდა, ილიას ზუროსის გუნდში გამორჩეულები თად მაკფადენი (18 ქულა, 5 პასი) და მიხეილ ბერიშვილი (10 ქულა, 4 მოხსნა) იყვნენ. 6 ქულა მიითვალა დუდა სანაძემ, 5 - გიორგი ცინცაძემ, ხოლო რატი ანდონიკაშვილმა - 4.

ზუროსი საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე საბერძნეთს მესამედ შეხვდა და მეორედ დამარცხდა

ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში ისრაელმა შინ გერმანიას ანგარიშით 81:77 მოუგო. ბოლო ტურის წინ L ჯგუფის სათავეში საბერძნეთია (21 ქულა), მეორე ადგილზე გერმანიაა (20), მესამეზე კი სერბეთი (17). სწორედ ეს სამეული ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. საქართველოს და ისრაელს 16-16 ქულა აქვთ, თუმცა ზუროსის გუნდი უპირატესობას ურთიერთშეხვედრებით ფლობს. ჯგუფში ბოლო ადგილზე კი ესტონეთია (14). 

საბერძნეთი-საქართველოს მატჩის საინტერესო ეპიზოდები

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლს 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, ესტონეთთან შეხვედრით დაასრულებს. ამ დღეს სერბეთი ისრაელს მიიღებს, ხოლო გერმანია - საბერძნეთს.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი კალათბურთში ჩინეთში, 13 აგვისტოდან და 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში პირველობისთვის პლანეტის 32 საუკეთესო ნაკრები იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები