Thumbnail

'ვარსკვლავების ფინალი' - რევაზ არველაძე, გუდიონსენი, დეკუ, დუდეკი და სხვები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბაქოში, ვეტერანი ვარსკვლავების მატჩში მიიწვიეს
  • აზერბაიჯანის დედაქალაქი შეხვედრას ევროპალიგის ფინალის წინ უმასპინძლებს
  • თამაშში მონაწილეობას წარსულში ცნობილი არაერთი ფეხბურთელი მიიღებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რევაზ არველაძე ბაქოში დაგეგმილ ვეტერანი ვარსკვლავების მატჩში ითამაშებს, რომელიც 3 მარტს გაიმართება.

აზერბაიჯანის დედაქალაქი ევროპალიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალის მასპინძელია. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მთავარი შეხვედრა 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება. კამპანიის ფარგლებში, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია შეხვედრას ატარებს სახელწოდებით: "ბაქო 2019: ვარსკვლავების ფინალი", რომელშიც მსოფლიო და ადგილობრივი ფეხბურთის ვეტერანი-ვარსკვლავები ითამაშებენ.

რეზიმ კარიერის განმავლობაში გერმანიასა და ბელგიაში ითამაშა

ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის დედაქალაქს, რევაზ არველაძის გარდა, სხვა ცნობილი ვეტერანები ეწვევიან: ბარსელონას ყოფილი თავდამსხმელი, ისლანდიელი ეიდურ გუდიონსენი; პორტუს, ბარსელონასა და ჩელსის ყოფილი ნახევარმცველი, პორტუგალიელი დეკუ; ფეიენოორდის, ლივერპულისა და რეალის ყოფილი მეკარე, პოლონელი ეჟი დუდეკი; ჩელსის, რეალისა და მილანის ყოფილი ნახევარმცველი, განელი მაიკლ ესიენი და სხვები.

ცნობილია, რომ თითოეულ გუნდში ხუთი მოთამაშე, პლუს ერთი სათადარიგო იქნება, ვეტერანი ვარსკვლავების თამაშზე დასწრება კი გულშემატკივრებს უფასოდ შეეძლებათ.

რევაზ არველაძეს თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში რუსთავის მეტალურგში, თბილისის დინამოსა და მართვეში უთამაშია, საზღვარგარეთ კი ნახევარმცველი გერმანულ კიოლნში, ტენის ბორუსიაში, ჰომბურგსა და როტ-ვაის ობერჰაუზენში, ასევე ბელგიურ მეხელენში გამოდიოდა. 

რევაზ არველაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ის თბილისის დინამოსა და ლოკომოტივში, ასევე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში მწვრთნელად, მოგვიანებით კი ფეხბურთის ფედერაციაში გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები