Thumbnail

ასეთი არაფერი გინახავთ - მსაჯმა ფეხბურთელს ჯერ ფეხი ჩასცხო, შემდეგ გააძევა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნანტი-პსჟ-ის მატჩის მიწურული სკანდალური გამოდგა.
  • არბიტრი ტონი შაპრონი მასპინძელთა მცველს უმოწყალოდ გაუსწორდა.
  • მსაჯი მთელმა საფეხბურთო სამყარომ მასხრად აიგდო. 

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურის მატჩში ნანტსა და პსჟ-ს შორის (0:1) სკანდალური გამოდგა. 91-ე წუთზე, მასპინძელთა ცენტრალური მცველი დიეგო კარლოსი, აშკარად შემთხვევით, შეხვედრის არბიტრ ტონი შაპრონს დაეჯახა. ეს უკანასკნელი დაეცა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გულსმოსულმა ბრაზილიელს შურისძიების მიზნით ფეხი გამოჰკრა. 

არბიტრის შემდეგი ქმედება კიდევ უფრო უცნაური იყო. შაპრონმა კარლოსს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა, პსჟ-ის სასარგებლოდ კი თავისუფალი დარტყმა დანიშნა. 

მსაჯის საქციელი არამხოლოდ ფრანგულ საფეხბურთო სამყაროში გახდა განსჯისა და ქილიკის საგანი. ის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს, მომავალ ტურში, ანჟერი-ტრუას შეხვედრას კი უკვე ჩამოაშორეს.

შაპრონმა დაზარალებულს ბოდიშიც მოუხადა.

“თამაშის დროს კარლოსს შევეჯახე და მძაფრი ტკივილი ვიგრძენი იმ ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ ტრავმა მქონდა. ფეხბურთელს ფეხი დავუდე, რაც უადგილო და არასწორი საქციელი იყო ჩემი მხრიდან. მინდა, ბოდიში მოვუხადო დიეგო კარლოსს”, - აქვეყნებს მსაჯის მონანიებას ESPN.

ტონი შაპრონის საქციელზე მომენტალური რეაქცია ჰქონდა ინტერნეტს, რომელმაც ფრანგი არბიტრის ქმედებაზე კარგად იხალისა. პარალელის გასავლებად გაიხსენეს ევრას დარტყმა, ჩხუბები ვიდეოთამაშებში, ჯერარდის ცნობილი ვარდნა და სხვა.

45 წლის ტონი შაპრონი საკმაოდ სოლიდური გამოცდილების მქონე მსაჯია. ის ფიფას არბიტრია 2007 წლიდან. ტონის ანგარიშზე საერთაშორისო დონის 64 მატჩია, საფრანგეთის ჩემპიონატში კი - 216 შეხვედრა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები