Thumbnail

'კვერცხები ჩვენს ფანებს ვუჩვენე' - რას ნიშნავს დიეგო სიმეონეს ჟესტი

  • ატლეტიკოს თავცაკმა იუვენტუსის კარში გოლი უხამსი ჟესტით აღნიშნა
  • ამის გამო არგენტინელი შესაძლოა უეფამ დისკვალიფიკაციით დასაჯოს
  • 48 წლის 'ჩოლო' ამას მაშინაც აკეთებდა, როდესაც ლაციოში თამაშობდა 

ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველ მატჩში, ატლეტიკოს თავკაცის დიეგო სიმეონეს ჟესტი, რომელიც არგენტინელმა იუვენტუსის კარში პირველი გოლის შემდეგ გააკეთა, კიდევ დიდხანს იქნება განხილვის საგანი და გამორიცხული არ არის, ამის გამო ის დასაჯონ კიდეც. 

მაგრამ ჩვენ ნუ ვიჩქარებთ "ჩოლოს" გაკიცხვას. დიეგო სიმეონე ამ ჟესტით კონკრეტულად ვინმეს შეურაცხყოფას არ ცდილობს. 48 წლის არგენტინელი ამას მოედანზე გასვლის წინ, ათასობით ადამიანისა და ფოტოაპარატის ობიექტივის წინაშე, ადრეც ხშირად აკეთებდა და ახლაც აკეთებს. ეს მისი, არცთუ ესთეტიკური, მაგრამ მაინც ჩვევაა. 

დიეგო უხამს ჟესტს ჯერ კიდევ ლაციოში თამაშის დროს აკეთებდა

გენიტალიებთან ხელის მიტანით "ჩოლო" იმის ხაზგასმას ცდილობს, ვინ არის იქ მთავარი, ჩვევა კი მას ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ლაციოში თამაშის დროიდან ჩამოუყალიბდა.

ატლეტიკო-იუვენტუსის მატჩის შემდეგ დიეგოს ჟესტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ჟურნალისტებთან მოუხდა:

"ამ ჟესტს ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს, ლაციო-ბოლონიის თამაშიდან მოყოლებული ვაკეთებ. ის ახლაც გავიმეორე იმიტომ, რომ ჩვენი ქომაგებისთვის მიმენიშნებინა, რომ დიდი "კვერცხები" გვაქვს. ეს ჟესტი ნამდვილად არ იყო მეტოქის მისამართით. ვაღიარებ, რომ ეს ლამაზი საქციელი არაა, მაგრამ იმ წუთში ვფიქრობდი, რომ ასე უნდა გამომეხატა ემოცია. ძალიან რთული თამაში იყო, მე კი ვალდებული ვარ წარმოვაჩინო ის, რასაც ვგრძნობ. შემიძლია ბოდიში მოვიხადო, თუკი ვინმე გავანაწყენე, მაგრამ ეს მხოლოდ გულწრფელი გამოხატულება იყო".

საერთოდ კი, სიმეონეს "ცუდი ბიჭის" იმიჯის იდეალიზება სჩვევია. მეტწილად წვერგაუპარსავია, იცვამს შავ ტანსაცმელს, ლანძღავს მსაჯებსა და მეტოქეებს, ზოგჯერ კი არც ჩხუბს ერიდება. ასეთ დროს დიეგოს შეკავება მის თანაშემწე ხერმან ბურგოსს უხდება. მსაჯებსა და მეტოქეებზე აგრესიული ქმედებებით ის მოურინიოსა და კლოპს თუ არ აღემატება, არც ჩამოუვარდება.

დიეგო ემოციებს ზოგჯერ უხამსად, მაგრამ ყოველთვის გულწრფელად გამოხატავს

ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველ მატჩში ატლეტიკომ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" იუვენტუსს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. საპასუხო დაპირისპირება ტურინში 12 მარტს ღამით გაიმართება.

დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკოს 2011 წლიდან წვრთნის, ახლახან კი კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. 

კომენტარები

ბოლო ამბები