Thumbnail

დღეს: საბერძნეთი V საქართველო - წინასამატჩო განწყობა და კომენტარები

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ილიას ზუროსის გუნდი შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩს გამართავს
  • საბერძნეთი V საქართველო 📅 21 თებერვალი ⌚ 22:30 📺 პირველი არხი

დღეს, საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩს გამართავს და საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლიონში გაიმართება. აქვე აღვნიშნოთ, რომ ციკლის დასკვნით შეხვედრას ილიას ზუროსის გუნდი 24 თებერვალს თბილისში, ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩს ტრადიციულად დიდი დანაკლისით შეხვდა. გუნდს ვერ ეხმარებიან ევროლიგაში მოასპარეზე მოთამაშეები: თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და მეტ ჯენინგსი. ასევე, გუნდს ვერ შეუერთდა ბექა ბურჯანაძე. ილიას ზუროსს სანდრო მამუკელაშვილის გამოძახება სურდა, მაგრამ ვერც სეტონ ჰოლში მოასპარეზე ახალგაზრდა კალათბურთელი შეძლებს ნაკრების დახმარებას.

საქართველოს ნაკრების ვარჯიში
ფოტოები: GBF.GE-დან

სამაგიეროდ, გუნდში არიან გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი. ამ უკანასკელმა დაახლოებით 16 საათი იფრინა ამერიკიდან იმისთვის, რიომ საქართველოს ეროვნულ გუნდში ეთამაშა. მაკფადენი გუნდს პირდაპირ ჰერაკლიონში შეუერთდა და ისეთი კომენტარი გააკეთა, გულშემატკივრებს რომ მოეწონებათ: “ხანგრძლივი მგზავრობა მომიწია ამერიკიდან. ვიმგზავრე იმიტომ, რომ ვითამაშო კალათბურთი, ის, რაც ძალიან მიყვარს. ასევე, წარმოვადგინო საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. ბევრი თბილი გზავნილი მივიღე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისგან და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს”. 

გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების სინთეზია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გიორგი ციბცაძესა და გიორგი შერმადინზე. სრულ მზადყოფნაშია რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკვე მოასწო თავის გამოჩენა. საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგებლობა ასეთია:

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ჭოჭუა, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი.

თად მაკფადენი

20 თებერვალს საქართველოს ნაკრებმა წინასამატჩო ვარჯიში გამართა, რასაც ილიას ზუროსის კომენტარი მოჰყვა...

“აკროპოლისის ტურნირზე ჩვენ მოვუგეთ საბერძნეთის ნაკრებს, მაგრამ ის სულ სხვა მატჩი იყო, რომელიც ორი წლის წინ გაიმართა და მაშინ სრული შემადგენლობა გვყავდა. ის იყო გუნდი, რომელიც ევრობასკეტზე მიდიოდა. დღეს, განსხვავებული ვითარებაა და წამყვანი მოთამაშეების გარეშე მოგვიწევს ფონს გასვლა. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ვულოცავ საბერძნეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას, ძლიერი გუნდია, ჩვენთვის კი ეს იქნება კარგი ტესტი რომ გავიგოთ სად ვიმყოფებით”. - განაცხადა ილიას ზუროსმა. 

ილიას ზუროსი

დღევანდელი მატჩისთვის გადახალისებული შემადგენლობით ემზადება საბერძნეთის ნაკრებიც, რომელმაც უკვე შეასრულა დასახული ამოცანა და მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური. შესაბამისად, მწვრთნელი იმ კალათბურთელებს მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას, რომლებიც საბერძნეთის ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ. 20 თებერვლის ვარჯიშის შემდეგ, ბერძნებმა კომენტარები გააკეთეს, რომლებსაც აქვე გთავაზობთ…

თანასის სკურტოპულოსი (საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი)
“ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლია, მათ შორის ევროლიგაში მოასპარეზე ოლიმპიაკოსის და პანათინაიკოსის 8 კალათბურთელი. ასევე, NBA-ს ბერძენი მოთამაშეები. თუმცა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და ამიტომ, შესარჩევი ეტაპის წინ, 30 მოთამაშეს მოვიაზრებდით ეროვნულ გუნდში. შესაბამისად, ყოველი კონკრეტული მატჩის წინ, სწორედ ამ 30 კალათბურთელიდან ვარჩევთ მათ, ვისაც აქვს საშუალება ნაკრებს დაეხმაროს. იმედია, ამ მხრივ ვითარება გამოსწორდება და მომავალში, ეროვნული ნაკრებები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებენ”.

თბილისში, საბერძნეთმა საქართველო ბოლო წამზე დაამარცხა

იანის ატინაუ (საბერძნეთის ნაკრები)
“გველის კიდევ ერთი რთული მატჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ვიცით, რომ მეტოქე გადახალისებული შემადგენლობით ჩამოვიდა. ჩვენი მიზანი დარჩენილი ორი თამაშის მოგებაა, რომ შესარჩევი ციკლი საუკეთესოდ დავასრულოთ. ჩვენც გვაკლია ევროლიგაში მოასპარეზე კალათბურთელები, თუმცა უკვე არაერთი მატჩი ვითამაშეთ ამ შემადგენლობით და თითოეული კალათბურთელი თავის მაქსიმუმს გააკეთებს. რაც შეეხება მეტოქე გუნდს, გამოვარჩევდი გიორგი შერმადინს და თად მაკფადენს, რომლებსაც კარიერის განმავლობაში საბერძნეთში უთამაშიათ”.

აქვე ვთქვათ, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველი და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგება-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა. ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა ესტონეთთან და ისრაელთან წააგოს.

კომენტარები

ბოლო ამბები