Thumbnail
  • ნიკო კოვაჩი ენფილდზე მიღწეული უგოლო ფრით კმაყოფილია
  • მან ბაიერნი იმ ტაქტიკით ათამაშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს
  • თუმცა, ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ლივერპულს მაინც მეტი შანსი აქვს

1. კოვაჩის ბაიერნი ყველაზე ძლიერი მაშინაა, როცა აინტრახტის ტაქტიკით თამაშობს

პირველი დუელის წინ ფავორიტად ლივერპული მიიჩნეოდა. გუნდი, რომელიც პრემიერლიგას მანჩესტერ სიტისთან ერთად ლიდერობს (თანაც, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე მყოფი ბაიერნისთვის ზედმეტად საშიში მოჩანდა. ჯერ ერთი, მიუნხენური გრანდის დაცვა აშკარად ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე (2019 წელს ბავარიელებმა კარი მშრალად პირველად შეინახეს) და მეორეც: ლივერპულს მანე-ფირმინო-სალაჰის ტრიოს სახით ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თავდასხმა ჰყავს. მატჩი 0:0 დამთავრდა - სპექტაკლი ვერ ვნახეთ. ეს დიდწილად ნიკო კოვაჩის (ვისთვის) ბრალი და (ვისთვის) დამსახურებაა.

ნიკო კოვაჩი ლივერპულიდან კმაყოფილი წავიდა

ფრანკფურტის აინტრახტში მუშაობისას, კოვაჩი თავის გუნდს ხშირად ათამაშებდა ისე, როგორც ბაიერნი ლივერპულში ათამაშა. 4 მცველის წინ მან ხავი მარტინესის სახით მძლავრი ჩამშლელი ნახევარმცველი გაამწესა. შესაბამისად, ლივერპულის შემტევებს მიუნხენელთა კომპაქტური უკანა ხაზის წინააღმდეგ ბრძოლაში სივრცეების პოვნა გაუჭირდათ. წინ კი, კოვაჩის გუნდი მოსალოდნელზე უფრო ხშირად მიმართავდა პრესინგს და მეტოქეს, შეტევის წამოწყებისას შეცდომების დაშვებას აიძულებდა. საკუთარი შეტევების დროს, მიუნხენელები უფრო გრძელ პასებზე მუშაობდნენ - ესეც ლოგიკურია, რადგან მათ რობერტ ლევანდოვსკის სახით ისეთი ცენტრფორვარდი ჰყავთ, რომელიც თავით ძალიან კარგად თამაშობს.

ტაქტიკური თვალსაზრისით ყველაზე კარგი თამაში ბაიერნმა ამ სეზონში სწორედ ყველაზე ძლიერი გუნდების წინააღმდეგ აჩვენა - ლივერპულში და დორტმუნდში. ამ შეხვედრებში რეკორდმაისტერმა იმ ტაქტიკითა და სისტემით ითამაშა, რომელიც კოვაჩს ყველაზე მეტად უყვარს. პრობლემა ისაა, რომ ბაიერნმა ვერც ლივერპულში მოიგო (0:0) და ვერც დორტმუნდში (2:3).

2. ხამეს როდრიგესმა საკუთარი თავი იპოვა

ხამეს როდრიგესმა ‘ენფილდზე’ კარგი მატჩი ჩაატარა. მისი 43 პასიდან 93-მა პროცენტმა მიაღწია ადრესატს. მეტოქის ნახევარზე ხამესს ერთი არაზუსტი პასიც კი არ გაუკეთებია. პლუს ამას, ორი დარტყმა ჰქონდა და თანაგუნდელები სამჯერ გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ხამესის ტაქტიკური როლი - განსაკუთრებით პირველ ტაიმში. 4-2-3-1 სქემაში მას ‘ათიანის’ პოზიციაზე ჰქონდა ადგილი მიჩენილი. პრესინგის დროს კოლუმბიელი ერთი პოზიციით წინ იწევდა, რობერტ ლევანდოვსკის გვერდით, მეორე ფორვარდის როლს ითავსებდა და ლივერპულის უკანახაზელებს მაგრად წნეხავდა. ხამეს როდრიგესის მონდომება და ტაქტიკური სიძლიერე იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბაიერნს შარშანდელ ფინალისტთან არაფერი გაუჭირდა.

ხამეს როდრიგესმა 'ენფილდზე' კარგად ითამაშა

ბოლო დროს ხამეს როდრიგესს ბაიერნში ხშირად აკრიტიკებენ და ზაფხულში მის წასვლას წინასწარმეტყველებენ, მაგრამ ასეთი ხამესის გუნდიდან გაშვება ბაიერნის ბოსებს, წესით, არ უნდა უნდოდეთ.

3. ლივერპული მაინც ფავორიტად რჩება

ბაიერნმა მერვედფინალის პირველ მატჩში დისციპლინირებული, დაცვაში ძლიერი ფეხბურთი ითამაშა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი გაიუმჯობესა. თუმცა საპასუხო შეხვედრაში ბაიერნს ასეთი ფეხბურთი, დიდი ალბათობით, ვერაფერს მოუტანს. რეკორდმაისტერი ვალდებულია, რომ მიუნხენში ლივერპული დაამარცხოს - შესაბამისად, ვალდებულია, რომ მეტი გარისკოს, მეტად შეუტიოს. ეს, თავის მხრივ, მოჰამედ სალაჰს, სადიო მანეს და რობერტო ფირმინოს სივრცეებს გაუთავისუფლებს და კონტრშტევაზე თამაშის შანსს გაუზრდის, რაც მათ ძალიან კარგად გამოსდით ხოლმე.

საპასუხო მატჩში გუნდების საკადრო მდგომარეობაც შეიცვლება - ლივერპულის სასარგებლოდ. იურგენ კლოპის გუნდს დაცვის ლიდერი ვირჯილ ვან დაიკი დაუბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მერსისაიდელებიც თამამად გარისკავენ უფრო მეტად, ვიდრე ‘ენფილდზე’ რისკავდნენ. დიდი ალბათობით, თამაში შეეძლება დეიან ლოვრენსაც.

საპასუხო შეხვედრაში კიმიხი ვერ ითამაშებს

ბაიერნს კი, კვლავინდებურად დისკვალიფიცირებული თომას მიულერის გარდა, აღარც იოზუა კიმიხი ეყოლება (მესამე გაფრთხილება მიიღო), რომელიც ბავარიულ გრანდში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია. მისი შემცვლელი, ბრაზილიელი რაფინია ამსტერდამის აიაქსთანაც სუსტად გამოიყურებოდა და საერთოდ - ის კიმიხის ღირსეული შემცვლელი არ არის. 

ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული უპირატესობაა ლივერპულისთვის, რომელსაც მიუნხენში 1:1-იც ეყოფა.

კომენტარები

ბოლო ამბები