Thumbnail
  • 30 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე ბარსელონასთან მილანის ინტერი თათბირობს
  • იტალიური კლუბი 35 მილიონ ევროს იხდის, კატალონიელები კი 45 მილიონს ითხოვენ
  • როგორც ჩანს, ხორვატის ადგილს ბარსელონაში ზაფხულიდან ფრენკი დე იონგი დაიკავებს

მილანის ინტერი ბარსელონას ნახევარმცველის ივან რაკიტიჩის დამატებასთან ახლოსაა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბი მზადაა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატ ფეხბურთელში დაახლოებით 40 მილიონ ევრო გადაიხადოს და როგორც ჩანს, კატალონიელებთან შეთანხმებასაც მოახერხებს. 

თუკი კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, ინტერი ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს.

როგორც წყარო იუწყება, ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ და სპორტულმა დირექტორმა პიერო ოსილიომ ბარსელონას წარმომადგენლებთან ფარული შეხვედრა გამართეს და მათ ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზეს. კატალონიელებს რაკიტიჩში 45 მილიონის მიღება სურთ, მაგრამ როგორც ჩანს, მხარეები მორიგებას შეძლებენ.

ხორვატის პოზიციაზე ბარსელონამ ახლახან ჰოლანდიელი სუპერტალანტი გაიფორმა

30 წლის ფეხბურთელს კატალონიელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ცოტა ხნის წინ კატალონიელებმა ხორვატს, რომლის გადაბირებით ასევე ინტერესდებოდნენ პარი სენ-ჟერმენი და ბაიერნი, კონტრაქტის გაზრდილი ხელფასით გახანგრძლივებაზე უარი უთხრეს. ივან რაკიტიჩის მომავალი ბარსელონაში ბურუსით მოცული მას შემდეგ გახდა, რაც კლუბმა აიაქსის ახალგაზრდა ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი გაიფორმა. 21 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდს ზაფხულიდან შეუერთდება.

ივან რაკიტიჩი ბარსელონის ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან იცავს. ლიონთან ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველი მატჩი მისთვის კლუბის მაისურით ჩატარებული 250-ე შეხვედრა აღმოჩნდა.

ხორვატმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში კლუბის 36 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები