Thumbnail
  • შოთას გუნდმა აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ფინალში ალ ნასრს მოუგო
  • დუბაის გუნდიდან ორიდან ერთი პენალტის გატანა ალვარო ნეგრედომ ვერ მოახერხა
  • 45 წლის ქართველი სპეციალისტის გუნდი ტურნირის "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა

შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ფახთაქორმა წელიწადი წარმატებით დაიწყო. უზბეკეთის ჩემპიონატის პრიზიორმა აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპები დაძლია და ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შოთამ ტურნირის ჯგუფში მოხვედრა მეორე ცდიდან შეძლო

უზბეკეთის ვიცეჩემპიონი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ალ ნასრს სტუმრად დაუპირისპირდა. 45 წლის ქართველი სპეციალისტის გუნდმა დუბაიში მეტოქე, რომელსაც სერბი ივან იოვანოვიჩი წვრთნის, ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ ორიდან მხოლოდ ერთი 11-მეტრიანის გატანა მოახერხა მასპინძელთა კაპიტანმა, ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის 2012 წლის ჩემპიონმა ალვარო ნეგრედომ. 33 წლის მადრიდელი ფეხბურთელი, რომელსაც სევილიაში, მანჩესტერ სიტისა და ვალენსიაში უთამაშია, საემიროების გუნდში თურქული ბეშიქთაშიდან შარშან გადავიდა.

33 წლის ალვარო ნეგრედომ საემიროების გუნდს ვერ უშველა

შოთა არველაძის გუნდი, რომელმაც მანამდე აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ½-ფინალში ყატარულ ალ ჯავიას სძლია (2:1), ტურნირის D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად ირანის პერსპეოლისი, ყატარის ალ სადი და საუდის არაბეთის ალ აჰლი ეყოლება. ამ კვარტეტს აზიური ფეხბურთის სპეციალისტები "სიკვდილის ჯგუფად" მოიხსენიებენ.

არველაძე ფახთაქორის გულშემატკივრებში ძალიან პოპულარულია

"ეს მატჩი უნდა მოგვეგო და ჯგუფურ ეტაპზე გავსულიყავით. არ ვამბობ, რომ ეს უმნიშველოვანესი გამარჯვებაა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა აუცილებლად გვჭირდებოდა. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ბოლო კვირებში ბევრი ვიმუშავეთ, მადლობა ყველას! შევეცდებით, ტურნირში მაქსიმალურად შორს წავიდეთ და ამისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ. ჯგუფი კი საკმაოდ ძლიერია", - თქვა თამაშის შემდეგ შოთამ.

ქართველმა სპეციალისტმა აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაღწევა მეორე ცდიდან შეძლო. 2018 წელს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ფახთაქორი ყატარულ ალ გარაფასთან დამარცხდა (1:2). 

45 წლის შოთა არველაძე ტაშკენტის ფახთაქორს 2017 წლის ივნისიდან წვრთნის. უზბეკურ კლუბში მასთან ერთად მუშაობს მისი ტყუპისცალი, აჩი არველაძე, ასევე - გოჩა ტყებუჩავა.

კომენტარები

ბოლო ამბები