Thumbnail

‘გაუგებრობა მოხდა!’ - რაზე იკამათეს კლოპმა და კოვაჩმა საფინალო სასტვენის შემდეგ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლივერპულისა და ბაიერნის მატჩის დასრულების შემდეგ მწვრთნელებმა იკამათეს
  • იურგენ კლოპი ნიკო კოვაჩზე ნაწყენი იყო
  • მიუნხენელთა დამრიგებელმა გერმანელს ბოდიში მოუხადა

‘ენფილდზე’ გოლები არ გავიდა, მაგრამ თამაში დაძაბული და საინტერესო იყო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი, გუნდების მწვრთნელებს შორის გაუგებრობა მოხდა.

ბაიერნმა 2019 წელს კარი მშრალად პირველად მაინცდამაინც ლივერპულთან გასვლით მატჩში შეინახა და მიუნხენური გრანდის დამრიგებელი ნიკო კოვაჩი ამით იმდენად კმაყოფილი იყო, რომ იურგენ კლოპისთვის ხელის ჩამორთმევა დაავიწყდა.

იურგენ კლოპი ნიკო კოვაჩზე ნაწყენი იყო

დაკვირვებული გულშემატკივარი შენიშნავდა, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ, კლოპი კოვაჩს დიდხანს უხსნიდა რაღაცას. რა მოხდა? საქმე ისაა, რომ როდესაც კოვაჩთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, ამ უკანასკნელმა მას ზურგი აქცია და დიდხანს ალოდინა. ახსნა-განმარტებების შემდეგ, მწვრთნელებმა ერთმანეთს ხელი მაინც ჩამოართვეს და მშვიდობიანად დაემშვიდობნენ.

“გაუგებრობა მოხდა. მე მაშინვე ნიკოსკენ წავედი და მისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, მან კი ჯერ ყველა ბაიერნელი მოიარა. ვიდექი და ველოდებოდი,” - უთხრა მატჩის შემდეგ კლოპმა Sky-ს ჟურნალისტს.

'იმედია, სჯერა, რომ ეს განგებ არ გამიკეთებია!' - ნიკო კოვაჩი

...და რას ამბობს კოვაჩი? “ინგლისში ჩვეულებრივი ამბავია, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ, მწვრთნელები მაშინვე ერთმანეთს ხელს ართმევენ. მე კი ჯერ ჩემს თანაგუნდელებთან მივედი და არა მასთან. იურგენის გაკვირვება ჩემთვის გასაგებია, რადგან ინგლისში მიეჩვია, რომ პირდაპირ მეტოქე გუნდის მწვრთნელთან უნდა მივიდეს. იმედია, სჯერა, რომ ეს განგებ არ გამიკეთებია. მოგვიანებით, ამისთვის ბოდიშიც მოვუხადე და ავუხსენი, რომ ასე სპეციალურად არ მოვქცეულვარ,” - აღნიშნა ბაიერნის დამრიგებელმა.

ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი 'ენფილდზე'

კლოპმა იხუმრა: “ნიკო მეუბნებოდა, ჯერ რიბერისთან ლაპარაკი მინდოდა, რადგან მამა გახდაო. გასაგებია, რომ შვილის დაბადება დიდი მოვლენაა, მაგრამ რიბერი მეხუთედ გახდა მამა და ეს აღარაა ისეთი განსაკუთრებული ამბავი, როგორც პირველი, ან მეორე შვილი.”

საპასუხო მატჩში ბაიერნს მეოთხედფინალში ზედიზედ მერვედ გასასვლელად ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება სჭირდება, ლივერპულს კი შედეგიანი ფრეც ეყოფა. აქვე, ორი საყურადღებო ფაქტი:

► ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ჯგუფური ეტაპის სამივე გასვლითი მატჩი წააგო.

► ბაიერნი შვიდი წელია, პლეი ოფიდან არ გავარდნილა, როცა პირველი მატჩი არ წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები