Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები ორი მატჩისთვის ემზადება
  • 21 თებერვალი: საბერძნეთი V საქართველო
  • 24 თებერვალი: საქართველო V ესტონეთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროისის გუნდი უკვე კუნძულ კრეტაზეა, ქალაქ ჰერაკლიონში, სადაც გაიმართება კიდეც აღნიშნული შეხვედრა. საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორი მატჩი აქვს დარჩენილი, მათ შორის ერთი სწორედ საბერძნეთში 21 თებერვალს და ბოლო თბილისში, ესტონეთის წინააღმდეგ 24 თებერვალს. ჰერაკლიოსში გამართული პირველი ვარჯიშის შემდეგ, კალათბურთელებმა კომენტარები გააკეთეს…

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრები)
“მგზავრობის შემდეგ, პირველი ვარჯიში გვქონდა. ბიჭებმა იციან რამდენად მნიშვნელოვანია საბერძნეთის ნაკრებთან თამაში. თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ კარგად მოვემზადოთ ამ შეხვედრისთვის. ვამუშავებთ კომბინაციებს და მაქსიმუმს ვაკეთებთ. კიდევ ერთი დღე გვაქვს თამაშამდე და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება”.

მერაბ ბოქოლიშვილი (საქართველოს ნაკრები)
“მგზავრობის შემდეგ აღდგენითი ხასიათის ვარჯიში გვქონდა. არ მიგვიღია დიდი დატვირთვა. არაერთი წამყვანი მოთამაშე გვაკლია, თუმცა როგორც ამ შესარჩევ ციკლში გამოჩნდა, ჩვენ ნებისმიერი შემადგენლობით შეგვიძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცით რამდენად ძლიერია საბერძნეთის ნაკრები საკუთარ კედლებში, ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს თამაში მოვიგოთ”.

თად მაკფადენი (საქართველოს ნაკრები)
“ხანგრძლივი მგზავრობა მომიწია ამერიკიდან. ვიმგზავრე იმიტომ, რომ ვითამაშო კალათბურთი, ის, რაც ძალიან მიყვარს. ასევე, წარმოვადგინო საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. ბევრი თბილი გზავნილი მივიღე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისგან და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს”.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველი და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგება-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა. ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა ესტონეთთან და ისრაელთან წააგოს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები