Thumbnail
  • 📅 21 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽ ატლეტიკო V იუვენტუსი | 📺 SILK UNIVERSAL
  • ეს არის თამაში, რომელშიც მწვრთნელებს უმთავრესი როლი აქვთ
  • ტურინელებს ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი გამოუჯანმრთელდათ

იუვენტუსის გულშემატკივრებს წელს უდიდესი მოლოდინი აქვთ. მართალია, ტურინული გრანდი ყოველ სეზონში მიიჩნევა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად, მაგრამ დიდი ხანია, მთავარ ფავორიტად არ შეურაცხავთ, წელს კი სწორედ ასეა. კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერმა ‘ბებერ ქალბატონს’ თავდაჯერება შემატა - მასიმილიანო ალეგრის გუნდი ახლა უკვე იდეალურადაა დაკომპლექტებული და ექსპერტების დიდი ნაწილი ამიტომაც მიიჩნევს მთავარ ფავორიტად. თუმცა, იუვეს მერვედფინალში მადრიდის ატლეტიკოს სახით, ერთ-ერთი ურთულესი მეტოქე შეხვდა.

ატლეტიკოსა და იუვენტუსის 2-რაუნდიანი დუელი პირველ რიგში მწვრთნელების დაპირისპირებაა: ერთ მხარეს დიეგო სიმეონე, რომელიც მადრიდული კლუბის წარმატებების უმთავრესი შემოქმედია, მეორე მხარეს კი ალეგრი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ტაქტიკოსადაა აღიარებული.

რონალდოს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში აქამდე არ უმართლებდა - ჯგუფური ეტაპის პირველივე ტურში, ვალენსიაში მოედნიდან გააძევეს და დღემდე მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. ისე კი, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია - 121 გოლით (122 საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით).

მასიმილიანო ალეგრი

“რონალდოს ტრანსფერი ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა თამაშს მოვიგებთ. მადრიდში ურთულესი დუელი გველის,” - განაცხადა ალეგრიმ მატჩის წინ. იუვეს ქომაგები მას წელს ტურნირის მოგებას სთხოვენ - გუნდს ზედიზედ 5 ფინალი აქვს წაგებული, ბოლოს ფინალში 2015 და 2017 წლებში იყო.

“სიგიჟე იქნება იმის მტკიცება, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები ვართ - ამ ტურნირზე ასეთი არ არსებობს. ერთ-ერთი ფავორიტი კი იუვე ყოველთვის იყო. თუმცა, ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა და მისი მოგებაა. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კარგად ვითამაშებთ და გაგვიმართლებს კიდეც,” - დასძინა ალეგრიმ.

ატლეტიკო იუვენტუსისთვის სერიოზული გამოცდაა. სიმეონეს გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში 2-მატჩიანი წაგებათა სერია რაიო ვალეკანოსთან მოგებით (1:0) შეწყვიტა. ბოლო წლებში ატლეტიკოც ორჯერ იყო ფინალში და ასევე ორივე წააგო. ამჯერად კი, მადრიდელები ფინალში გასვლაზე განსაკუთრებით ოცნებობენ, რადგან პირველ ივნისს ფინალი სწორედ ატლეტიკოს სტადიონზე, “ვანდა მეტროპოლიტანოზეა”.

პაულო დიბალა, სამი ხედირა, მირალემ პიანიჩი და კრიშტიანო რონალდო მატჩისწინა ვარჯიშზე

იუვენტუსს ორივე ძირითადი ცენტრალური მცველი გამოუჯანმრთელდა - ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი მოედანზე გასასვლელად მზად არიან. ალეგრის მხოლოდ ხუან კუადრადო ჰყავს ტრავმირებული, დუგლას კოშტასა და დანიელე რუგანის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ატლეტიკოს ლუკა ერნანდესი და კოკე ჰყავს ტრავმირებული - დიეგო კოშტა გამოჯანმრთელდა, მაგრამ ფორმაში არ არის და ძირითად შემადგენლობაში, ალბათ, არ იქნება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 4 საშინაო მატჩი 2-ბურთიანი უპირატესობით აქვს მოგებული. მადრიდელები იუვენტუსთანაც სწორედ ასეთ გამარჯვებაზე ოცნებობენ.

⚽ ესპანელებს ბოლო 5 მერვედფინალიდან 4 მოგებული აქვთ.

⚽ ატლეტიკოს ბალანსი იტალიურ კლუბებთან პლეი ოფში: 4 მოგება, 4 წაგება.

⚽ ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში საკუთარ მოედანზე 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ ატლეტიკომ ბოლო სამ საშინაო მატჩში ისეთ გუნდებთან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში პირველ კალათაში იყვნენ განთესილები, პირველ ტაიმში პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა.

⚽ შთამბეჭდავია იუვენტუსის სტატისტიკა ისეთ 2-რაუნდიან დუელებში, სადაც ტურინელებმა პირველი მატჩი სტუმრად გამართეს: ბოლო 4 ასეთი ორრაუნდიანი დუელიდან, 3 შემთხვევაში იუვე მომდევნო ეტაპზე გავიდა.

⚽ იუვენტუსის ბალანსი ესპანურ კლუბებთან პლეი ოფში: 9 მოგება, 7 წაგება.

⚽ იუვენტუსმა ტიტული 1985 და 1996 წლებში მოიგო, სულ კი ფინალში 9-ჯერ იყო. სხვათა შორის, 7 წაგებული ფინალი რეკორდია! აქედან, იუვემ ბოლოს 5 ფინალი ზედიზედ წააგო.

⚽ იუვენტუსმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად იანგ ბოიზთან წააგო (12 დეკემბერს) და ამით გასვლით მატჩებში 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. 

⚽ ალვარო მორატა მეშვიდე ფეხბურთელია, რომელსაც უეფას ევროტურნირებზე ორივე მადრიდულ გუნდში უთამაშია. შეგახსენებთ, რომ ის იუვენტუსის ღირსებასაც იცავდა - ისევე, როგორც მარიო მანჯუკიჩიც იყო ატლეტიკოს ფეხბურთელი.

⚽ კრიშტიანო რონალდო იუვენტუსში პირველ სეზონს ატარებს და ჩემპიონთა ლიგაში ჯერჯერობით არ უმართლებს. პორტუგალიელი პირველივე ტურში, ვალენსიაში გააძევეს და ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. სამაგიეროდ, CR7 სერია A-ში შესანიშნავად ასპარეზობს - 19 გოლით საუკეთესო ბომბარდირია.

⚽ ეს გუნდები მადრიდში აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ - 2014/2015 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ატლეტიკომ იუვე შინ 1:0 დაამარცხა. იმ შეხვედრაში გამარჯვების გოლი არდა თურანმა გაიტანა და მარიო მანჯუკიჩი მაშინ მადრიდელთა რიგებში თამაშობდა.

⚽ იუვენტუსის ბოლო 6 ოფიციალურ მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა და აქედან 5 მატჩში ერთ გუნდს 3 გოლი გაჰქონდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში იუვენტუსს ყოველ 47 წუთზა და 7 წამში გოლი გააქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კორეა, როდრიგო, პარტეი, საულ ნიგესი - მორატა, გრიზმანი.

იუვენტუსი (4-3-1-2): შჩესნი - ჟოაო კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ბენტანკური (ან ემრე ჯანი), პიანიჩი, მატუიდი - დიბალა - მანჯუკიჩი, რონალდო.

კომენტარები

ბოლო ამბები