Thumbnail

‘ცუდი მეგობრები ჰყავდა!’ - რატომ თქვა უარი ბარსამ რეალის ვარსკვლავზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონა 2008 წელს კარგ ფორვარდს ეძებდა
  • კანდიდატი იყო ფეხბურთელი, რომელიც დღეს რეალის ვარსკვლავია
  • გაირკვა მიზეზი, რის გამოც ბარსამ მის შეძენაზე უარი თქვა

2008 წელს, როცა ხოსეპ გვარდიოლა ბარსელონას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ერთი ფეხბურთელით უკმაყოფილო იყო. ეს გახლდათ ცენტრფორვარდი სამუელ ეტო’ო. დარწმუნდა რა, რომ კამერული არ გამოადგებოდა, პეპმა კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებს ახალი ცენტრფორვარდის შეძენა სთხოვა.

‘მარკას’ ინფორმაციით, ბარსას შეფებმა მიზანი იმ ფორვარდისკენ მიმართეს, რომელიც დღეს მადრიდის რეალის ვარსკვლავია, მაშინ კი ფრანგულ ლიონში თამაშობდა. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ქარიმ ბენზემაზეა ლაპარაკი. ბარსელონას დაინტერესება იმდენად სერიოზული იყო, რომ კატალონიელთა სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი საფრანგეთში გაემგზავრა და ბენზემას სახლში ესტუმრა. მისი მიზანი დღეს უკვე 31 წლის ფორვარდის ბარსელონაში გადასვლაზე დათანხმება გახლდათ.

თუმცა, ‘მარკა’ წერს, რომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ბეგირისტაინი უკმაყოფილო დარჩა იმით, რაც ლიონში ნახა. ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, ბარსას შეფს არც ბენზემას მეგობრების წრე მოეწონა და არც მისი საუბრის მანერა. როგორც ირკვევა, ბეგირისტაინი უკმაყოფილო იყო იმითაც, რომ ფრანგი ფეხბურთელი მას თვალებში არ უყურებდა. კატალონიაში დაბრუნების შემდეგ, ბარსელონას შეფმა გადაწყვიტა, რომ კლუბს ბენზემას ტრანსფერზე ფიქრი უნდა შეეწყვიტა - ის შიშობდა, რომ ფრანგი ფეხბურთელი ზედმეტად პრობლემური ტიპი იყო და გუნდში მისი ინტეგრირება ადვილი არ იქნებოდა.

გავიდა ერთი წელი და ბარსელონამ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გადაიბირა. პარალელურად, 2009 წელს, ბენზემა მადრიდის რეალში გადავიდა. ფრანგს რეალში ხშირად ჰქონდა სხვადასხვა სახის პრობლემები, მაგრამ დღემდე “სამეფო გუნდის” ნომერ პირველი ცენტრფორვარდია.

კომენტარები

ბოლო ამბები