• საქართველოს ნაკრები ორი მატჩისთვის ემზადება
  • 21 თებერვალი: საბერძნეთი V საქართველო
  • 24 თებერვალი: საქართველო V ესტონეთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკვე საბერძნეთშია, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩს გამართავს. შეხვედრა კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლიონში 21 თებერვალს გაიმართება. შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრას ილიას ზუროსის გუნდი 24 თებერვალს თბილისში ესტონეთთან ჩაატარებს. ქვემოთ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და ეროვნული ნაკრების წევრის, დუდა სანაძის კომენტარებს გაეცნობით...

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი)
“კარგად ვიმგზავრეთ, თუმცა მგზავრობა მაინც დამღლელია. დღეს და ხვალ ვივარჯიშებთ და მოვემზადებით საბერძნეთთან მატჩისთვის. იმედია, რომ თბილისში გახარებულები დავბრუნდებით”.

ვლადიმერ ბოისა (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი)
“საბერძნეთში თამაშამდე ორი დღით ადრე ჩამოვედით. გვესმის, რომ წინ ურთულესი მატჩი გველოდება. საბერძნეთი ჯგუფის უძლიერესი გუნდია და ბუნებრივია, რომ ძალიან რთული იქნება აქ მოგება. მით უმეტეს, გვაკლია ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები, მათ შორის შენგელია, ბითაძე, ბურჯანაძე. იმედია, რომ კარგად ვითამაშებთ და ბოლო წუთებზე დაძაბული ბრძოლა იქნება, გადამწყვეტ მომენტში კი იღბალი ჩვენ მხარეს აღმოჩნდება. საბერძნეთი ფავორიტია, მაგრამ ვეცდებით, რომ მსაქსიმუმი გავაკეთოთ”.

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები)
“ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და აუცილებელია, რომ ტაქტიკა დავხვეწოთ. შემოგვიერთდება თად მაკფადენი და უკვე სრული შემადგენლობით მოვემზადებით”.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველი და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგება-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა. ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა ესტონეთთან და ისრაელთან წააგოს.

კომენტარები

ბოლო ამბები