Thumbnail
  • ტურინელთა თავდამსხმელმა უეფას საიტს თავისი შეხედულებები გაუზიარა
  • 25 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ატლეტიკოსთან რთულ მატჩს ელოდება
  • პაულო ბედნიერია, რომ ნაკრებში მესისთან თამაშობს, კლუბში - რონალდოსთან

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელ პაულო დიბალას ცოტა ხნის წინ გუნდის მთავარ მწვრთნელთან პრობლემები ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრიმ არგენტინელთან ურთიერთობა მარტივად მოაწესრიგა. ამ უკანასკნელმაც სერია A-ს ბოლო ტურში ფროზინონესთან გაიტანა და 10-მატჩიანი უგოლო სერიას (ყველა ტურნირში) წერტილი დაუსვა. ახლა 25 წლის არგენტინელი მადრიდის ატლეტიკოსთან ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველ დაპირისპირებაზე ფიქრობს და მოსაზრებებს უეფას ოფიციალურ საიტს უზიარებს.

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" ტურინული გუნდი ოთხშაბათს ღამით ითამაშებს.

არგენტინელი მადრიდში რთულ თამაშს ელოდება

ჩემპიონთა ლიგაზე

"უკვე ყველაფერი ვიცით ატლეტიკოს სათამაშო სტილზე, როგორ ამზადებს გუნდს დიეგო სიმეონე და რაოდენ რთული თამაში გველის. საიმისოდ, რომ ფინალში გავიდეთ და ტურნირი მოვიგოთ, ნებისმიერს უნდა მოვუგოთ. აქ იოლი თამაშები და მეტოქეები არ იქნება. ატლეტიკო დაცვაში ძლიერია და სახიფათოა კონტრშეტევებზე. თუკი უკანა ხაზში სათანადოდ ყურადღებით არ იქნები, მათ ჰყავთ მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ იქ ქაოსი შექმნან. 

თუმცა, იმავეს თქმა ჩვენზეც შეიძლება. ვიცით ჩვენი ძლიერი მხარეები და ატლეტიკო მათ ნეიტრალიზებას შეეცდება.

იმ დღიდან მოყოლებული, რაც იუვენტუსში ვარ, გუნდი რეგულარულად აჩვენებს თავის პოტენციალს. აქ მოსვლამდე ერთი წლით ადრე იუვემ ფინალი ბარსელონასთან ითამაშა. ჩემს მეორე სეზონშიც გავედით ფინალში, გასულ გათამაშებაში კი რეალთან ¼-ფინალში დავმარცხდით. წარსულში ცქერა საჭირო არაა, წინ უნდა გავიხედოთ. ბრწყინვალე გუნდი გვყავს, ტოპპროფესიონალებით, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. ჩვენ ტურნირში გამარჯვების პრეტენდენტები ვართ, მაგრამ ამას მოედანზე დამტკიცება სჭირდება".

მესისა და რონალდოზე

პაულო დიბალას გაუმართლა - ის ლიონელ მესისთან ერთად არგენტინის ნაკრებში თამაშობს, იუვენტუსში კი - კრიშტიანო რონალდოს გვერდით.

დიბალა  მესისთან ერთად არგენტინის ნაკრებში

"მქონია საშუალება, მეთამაშა ლიონელ მესის გვერდით, ახლა კი კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ვთამაშობ. ცოტა ვინმეს თუ მისცემია მსგავსი შესაძლებლობა. ეს პლუსია, რადგან შეგიძლია რჩეულებისგან ისწავლო.

ის ნორმალური, ჩვეულებრივი, მშვიდი ადამიანია. მიუხედავად ყველა მიღწევისა, გასახდელში ის ძალიან თავაზიანია. ეს კი გეხმარება მის გვერდით თავი კომფორტულად იგრძნო. მას ლეო მესის ვადარებ, რადგან ყველა ამას აკეთებს. ჩემი აზრით, ისინი უდიდესი ფეხბურთელები არიან და მათგან ბევრს სწავლობ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა".

დიბალა რონალდოსთან ერთად იუვენტუსში

მასიმილიანო ალეგრიზე

არგენტინელი თავდამსხმელი აღიარებს, რომ იუვენტუსის თავკაცის ხელში ის გაიზარდა და პროფესიონალად იქცა.

პაულო ალეგრის ხელმძღვანლობით იუვეში 2015 წლიდან თამაშობს

"მისგან ბევრი ვისწავლე, მაგრამ განსაკუთრებით ის, თუ როგორ უნდა ვიშრომო, ვიყო სამაგალითო პროფესიონალი და მოვახდინო სრულებით ფოკუსირება ვარჯიშზე, რათა ვიცოდე, რას უნდა ველოდე მატჩში. მის ხელში ძალიან გავიზარდე.

მიუხედავად იმისა, რომ აქ სხვადასხვა პოზიციებზე მითამაშია, მწვრთნელი პირველი დღიდანვე თავისუფლად მოქმედების უფლებას მაძლევდა. ნდობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ასეთი დიდი კლუბის მიზნისთვის ბრძოლის ნაწილი ხარ".

კომენტარები

ბოლო ამბები