Thumbnail

როდის დაუბრუნდება მოედანს პაპუნაშვილი - კარგი ამბავი არამხოლოდ სარაგოსასთვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 23 წლის ნახევარმცველმა ტრავმა მოიშუშა და დღეიდან სრულფასოვნად ივარჯიშებს
  • სარაგოსას მწვრთნელს ოსასუნასთან მატჩში ქართველი ფეხბურთელის იმედი ექნება 

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი გამოჯანმრთელდა და სარაგოსას დაუბრუნდა. ამის შესახებ ესპანური besoccer.com იუწყება. 

"კარგი ამბავი სარაგოსასთვის. გიორგი პაპუნაშვილი და დანიელ ლასურე მზად არიან და თამაში სწყურიათ. ტრავმები ქართველ ფეხბურთელს ხელს უშლის, მაგრამ როგორც ჩანს, პრობლემები უკან დარჩა და სამშაბათიდან სრული დატვირთვით მოემზადება. ვიქტორ ფერნანდესს მომავალ მატჩში, რომელიც სტუმრად ოსასუნასთან უწევს, პაპუნაშვილისა და ლასურეს იმედი შეუძლია ჰქონდეს", - წერს საიტი.

23 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ესპანური სეგუნდა დივიზიონის გუნდის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, ტრავმიანობის გამო მიმდინარე სეზონში სარაგოსას დიდწილად ვერ ეხმარება. გიორგიმ ლა ლიგა 2-ში სულ 9 მატჩში ითამაშა (1 გოლი) და ერთიც - ესპანეთის თასზე (1 გოლი). ბოლოს პაპუნაშვილმა ჩემპიონატში ოვიედოსთან ითამაშა (2:0), მას შემდეგ კი სამი ტური გამოტოვა. 

მეტი ამ თემაზედაბრუნდა და სარაგოსას მოაგებინა - პაპუნაშვილის გმირობა ექსტრემადურასთან

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში გასული 26 ტურის შემდეგ სარაგოსას 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. ვიქტორ ფერნანდესის გუნდს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მომავალი ტურის შეხვედრას კი 23 თებერვალს, სტუმრად მესამეადგილოსან ოსასუნასთან ჩაატარებს.

გიორგის გამოჯანმრთელება და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება. ვლადიმირ ვაისის გუნდი პირველ მატჩს 23 მარტს, შვეიცარიის ნაკრებთან შინ გამართავს.  

გიორგი პაპუნაშვილის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე თითო გოლი და საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები