Thumbnail
  • ალესანდრო დელ პიერომ იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო
  • ლეგენდარულმა კაპიტანმა იუვესთვის თითქმის 300 გოლი გაიტანა
  • ‘კიკერთან’ ინტერვიუში მან კრიშტიანო რონალდოსა და ტურინული გრანდის ტვინზე ისაუბრა

‘კიკერის’ ჟურნალისტი იუვენტუსის ლეგენდას მონაკოში, Laureus World Sports Awards-ის ფარგლებში შეხვდა. მარიო კრიშელი წერს, რომ 44 წლის დელ პიერო, როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ხასიათზე იყო - ბევრი იცინა ჯანლუიჯი ბუფონზე (“ჯიჯი ზედმეტად ახალგაზრდაა იმისათვის, რომ ფეხბურთიდან წავიდეს) და 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალზე (“ის დღე არასდროს დამავიწყდება, უბედნიერესი ვიყავი”).

კითხვაზე, რა შეიცვალა იუვენტუსში მას შემდეგ, რაც ტურინულმა გრანდმა კრიშტიანო რონალდო შეიძინა, დელ პიერომ ასევე ღიმილით უპასუხა: “პირველ რიგში, გაყიდული მაისურების რაოდენობა!”

ეს ხუმრობით, ისე კი, ალექსმა კარგად იცის, რომ ტურინელებს რონალდოში 100 მილიონზე მეტი მხოლოდ მაისურების გაყიდვის მიზნით არ გადაუხდიათ: “კრიშტიანო გადავიდა გუნდში, რომელსაც იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ 7-ჯერ აქვს მოგებული, იტალიის თასი კი - ოთხჯერ. გარდა ამისა, გუნდი ბოლო დროს ორჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში. იუვენტუსში ყველას ყველა თამაშის მოგება სურს. ასეთია კრიშტიანოც და ამიტომ, რონალდო და იუვენტუსი ერთმანეთს ძალიან უხდებიან,” - ამბობს დელ პიერო.

34 წლის რონალდომ იუვენტუსის ფორმით 32 ოფიციალურ მატჩში 21 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ დელ პიეროს თქმით, “სწორედ ახლა იწყება სეზონის ის ფაზა, როცა იუვეს კრიშტიანო ყველაზე მეტად სჭირდება.”

“ცხადია, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებას აქვს მნიშვნელობა, სერია A-ს იუვენტუსი მის გარეშეც საკმაოდ ადვილად იგებდა. რონალდო ის ფეხბურთელია, რომელმაც სწორედ სეზონის ასეთ ფაზებში იცის აფეთქება და მისი ტრანსფერი იუვენტუსს თავდაჯერებას მატებს,” - დასძენს ტურინული გრანდის ლეგენდა.

‘ალეგრის სისტემაში მანჯუკიჩს ოქროს ფასი აქვს!’

დელ პიეროც ამჩნევს, რომ იუვენტუსი ბოლო დროს დიდწილად მხოლოდ რონალდოსთან ასოცირდება, რაც უსამართლობად მიაჩნია: “პაულო დიბალა სენსაციური ტალანტია. ასევე ძალიან ვაფასებ მარიო მანჯუკიჩს, რომელსაც მასიმილიანო ალეგრის ტაქტიკებში ოქროს ფასი აქვს.”

კითხვაზე, ვინ არის დღეს იუვენტუსის ტვინი, დელ პიერო ასე პასუხობს: “ამ გუნდის ტვინი მირალემ პიანიჩია და არა კრიშტიანო რონალდო!”

კრიშტიანო რონალდო და მირალემ პიანიჩი

კომენტარები

ბოლო ამბები