Thumbnail
  • 📅 20 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽ ლივერპული V ბაიერნი | 📺 SILK SPORT HD1
  • მატჩი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა
  • ლივერპული ვან დაიკის, ბაიერნი - ბოატენგის, მიულერის და რობენის გარეშე

ეს არა მარტო დღის, ან კვირის, არამედ მთლიანად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ერთ-ერთი მთავარი მატჩია: იურგენ კლოპის ლივერპული ‘ენფილდზე’ მიუნხენის ბაიერნს მასპინძლობს. პირველი და მთავარი, რაც ამ თამაშში ფეხბურთის მოყვარულებს გარანტირებული გვაქვს, არის უშეღავათო ბრძოლა - პირველ რიგში ლივერპულის მხრიდან. რაც შეეხება ბაიერნს...

მართალია, ამას არ იმჩნევენ (ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ, არ შეიმჩნიონ და ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ), მაგრამ ფაქტია, რომ მიუნხენურ გრანდში დაძაბული სიტუაციაა. ‘ენფილდზე’ დაგეგმილი, სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, რეკორდმაისტერში ბევრი კითხვის ნიშანია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბავარიელებს ჟერომ ბოატენგი დააკლდებათ და კინგსლი კომანის თამაშიც საეჭვოა.

“ეს მატჩი თითოეული ბაიერნელისთვის უდიდესი გამოწვევაა. ეს არის თამაში, რომელშიც ყველაფერი სასწორზე იდება. სწორედ ამ თამაშის და ზოგადად ლივერპულთან ორრაუნდიანი დუელის შემდეგ გავიგებთ, სად არის ბაიერნის ადგილი საერთაშორისო დონეზე,” - განაცხადა ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ლივერპულში გამგზავრების წინ. ული ერთ მატჩზე ასეთ შეფასებას წელიწადში ერთხელ, ან მაქსიმუმ ორჯერ აკეთებს ხოლმე.

“ცხელი გულით და ცივი გონებით უნდა ვითამაშოთ!” - ეს კი ჰიონესის მარჯვენა ხელის, ბაიერნის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებია.

ლივერპული ბაიერნის წინააღმდეგ ნიშნავს…

...59 დიდი ტიტული 70 დიდი ტიტულის წინააღმდეგ

…926,5 მილიონ ევროდ შეფასებული კლუბი 745,7 მილიონად შეფასებულის წინააღმდეგ

…მოჰამედ სალაჰი რობერტ ლევანდოვსკის წინააღმდეგ

...მთელი ‘ენფილდი’ გერმანული მანქანის წინააღმდეგ, რომელიც წელს ისე ვეღარ მუშაობს, როგორც მის ფანებს სურთ.

იურგენ კლოპისა და ნიკო კოვაჩის პერსონალურ დუელზე ამ ჩამონათვალში განგებ არაფერი ვთქვით, რადგან კლოპს, როგორც მწვრთნელს, გაცილებით მეტი აქვს დამტკიცებული, ვიდრე კოვაჩს. ეს უფრო კლოპისა და მთელი ბაიერნის დუელია, რომელსაც განსაკუთრებულ სიმძაფრეს სწორედ ის ფაქტორი სძენს, რომ კლოპი გერმანელია - კარგი გერმანელი მწვრთნელი კი, როგორც წესი, ან ბაიერნში უნდა მიდიოდეს, ანაც გერმანიის ნაკრებში. იურგენი კი, საუკეთესო გერმანელი მწვრთნელი დღესდღეობით, ლივერპულში მუშაობს - იმ დროს, როცა ბავარიულ გრანდს არცისე დიდი გამოცდილებისა და სახელის მქონე კოვაჩი წვრთნის.

“ეს ორი ისტორიული თამაში იქნება. ლივერპული იურგენ კლოპის ხელში თავიდან დაიბადა. ამაზე უფრო დიდი გამოწვევა მერვედფინალში ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო,” - აღნიშნა ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მატჩის წინ, სანამ მიუნხენელები სასტუმრო ‘ტიტანიკში’ დაბინავდებოდნენ. ცუდი ნიშანი? ბავარიელები ცრუმორწმუნეები არ არიან.

“სწორედ ასეთი მატჩები გზრდის, როგორც ფეხბურთელს და გაყალიბებს ნამდვილ პროფესიონალად,” - ეს იოზუა კიმიხის სიტყვებია.

“ენფილდზე ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა და ეს ენერგიას შეგვმატებს. მშვიდად ვართ, რადგან ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა ვითამაშოთ ასეთ მატჩებში,” - აცხადებს რეკორდმაისტერის პოლონელი გოლეადორი რობერტ ლევანდოცსკი.

ვან დაიკი დისკვალიფიცირებულია, სალაჰი მზად არის

ბაიერნის ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი თანაგუნდელებს აფრთხილებს: “ლივერპული ძალიან მაგარი გუნდია! მთელი 90 წუთის განმავლობაში თავდაუზოგავად უნდა ვიბრძოლოთ და ერთი წუთითაც კი არ უნდა დავკარგოთ კონცენტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლა შეიძლება ჩავიძიროთ!”

“ჩემთვის სასურველი შედეგი 1:1 იქნებოდა. ‘ენფილდზე’ გამარჯვების მოლოდინი დიდი ქედმაღლობა იქნებოდა,” - ესეც ჰიონესია.

ბაიერნის მთავარი პრობლემა ახლა დაცვის ხაზია. და ეს იმ დროს, როცა ლივერპულს ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა ჰყავს. 2019 წელს მიუნხენური გრანდი ყველა ოფიციალურ მატჩში გოლს უშვებს, ბოლო 4 შეხვედრაში კი 8 გოლი მიიღო.

“ტყუილია ის, რომ ბაიერნის დაცვა სუსტია. როგორ შეიძლება, სუსტი უწოდო უკანა ხაზს, როცა იქ გუნდს ჰუმელსი, ზიულე და ბოატენგი ჰყავს,” - თქვა კლოპმა მატჩის წინ. ბოატენგი ლივერპულთან ვერ ითამაშებს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დაცვის ცენტრში სწორედ ჰუმელსი და ზიულე იქნებიან.

კითხვაზე, არის თუ არა ლივერპული ამ ბაიერნთან ფავორიტი, კლოპმა ასე უპასუხა: “ეს ორი უძლიერესი გუნდია. არ ვიცი, ვინ გავა შემდეგ ეტაპზე. მე ნამდვილად არ მაქვს ისეთი განცდა, რომ მეოთხედფინალში ადვილად გავალთ,” - დასძინა კლოპმა.

სამაგიეროდ, ბაიერნის უპირატესობას ხედავს რუმენიგე: “ჩემპიონთა ლიგაში ჩვენ ლივერპულზე მეტი გამოცდილება გვაქვს. ეს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს.”

ლივერპულთან 2-რაუნდიანი დუელი ნიკო კოვაჩისთვის დიდი გამოცდაა

ბაიერნში კინგსლი კომანის თამაშია საეჭვო - ის აუგსბურგთან დაშავდა, თუმცა მიუნხენური გრანდის ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფრანგმა “ენფილდის” მინდორზე გასვლა შეძლოს. ფრანკ რიბერი ინგლისში დაგვიანებით გაფრინდა, თუმცა საპატიო მიზეზი ჰქონდა - მას მეხუთე შვილი შეეძინა. კლოპი იძულებულია, დაცვაში იმპროვიზაციას მიმართოს, რადგან ვირჯილ ვან დაიკი დისკვალიფიცირებულია - მას უკანა ხაზში, დიდი ალბათობით, ფაბინიო შეცვლის. ბაიერნში დისკვალიფიკაცია თომას მიულერს აქვს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულს და ბაიერნს ტიტული 5-5-ჯერ აქვთ მოგებული. ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2005 წელს მოიგო, ბაიერნმა კი - 2013 წელს. ინგლისელებმა შარშან ფინალი წააგეს (რეალთან), ბაიერნი კი ბოლო 5 წელიწადში 4-ჯერ ნახევარფინალში გავარდა.

⚽ ორივე გუნდს უდიდესი ისტორია აქვს და გასაკვირია, რომ ერთმანეთს მხოლოდ მეექვსედ ეთამაშებიან. თითქმის 2 ათწლეულია, რაც ეს დუელი აღარ შემდგარა. ბოლოს ლივერპულისა და ბაიერნის დაპირისპირება 2001 წელს, უეფას სუპერთასზე შედგა და ის მატჩი ლივერპულმა მონაკოში 3:2 მოიგო.

⚽ 1980/81 წლების სეზონში, როცა ლივერპულმა ჩემპიონთა თასი მოიგო, ნახევარფინალში სწორედ ბაიერნი დაამარცხა. ‘ენფილდზე’ დაფიქსირებული 0:0-ის შემდეგ, მიუნხენში ინგლისელები რეი კენედის გოლით დაწინაურდნენ და, მართალია, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბაიერნმა მეტი ვეღარაფერი შეძლო და გავარდა.

⚽ პირველი დუელი კი ბაიერნს აქვს მოგებული. 1971/72 წლების სეზონში, თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში, ‘ენფილდზე’ მატჩი ასევე 0:0 დასრულდა, მიუნხენში კი ბავარიელებმა 3:1 მოიგეს - გერდ მიულერმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ული ჰიონესმა გაიტანა.

⚽ ლივერპული მერვედფინალის ბოლო 6 მატჩში დაუმარცხებელია (5 მოგება, 1 ფრე). საკუთარ მოედანზე ბარსელონასთან წაგების (0:1, 2006/2007) შემდეგ, მერსისაიდელებს ამ წრეში გოლიც არ მიუღიათ.

⚽ ლივერპული გერმანულ კლუბს პლეი ოფში ბოლოს შარშან შეხვდა - ჰოფენჰაიმს სტუმრად 2:1, შინ კი 4:2 მოუგო.

⚽ ლივერპულის ბალანსი პლეი ოფში გერმანული გუნდების წინააღმდეგ: 14 მოგება, 2 წაგება. მერისაიდელებს ბოლო 4 დუელი მოგებული აქვთ, მათი ბოლო წაგება კი 2001/2002 წლების სეზონში დაფიქსირდა - 3:4 ლევერკუზენთან, მეოთხედფინალში. 

⚽ ლივერპულს გერმანული გუნდების წინააღმდეგ ბოლო 6 საშინაო მატჩიდან ექვსივე მოგებული აქვს, ბოლო 17-დან კი - 14.

⚽ ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 5 საშინაო მატჩი მოიგო. მერსისაიდელებმა მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შინ პარი სენ-ჟერმენი (3:2), ცრვენა ზვეზდა (4:0) და ნაპოლი (1:0) დაამარცხეს. 

⚽ ლივერპულს ევროტურნირებზე შინ 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - ბოლოს 2014 წლის 22 ოქტომბერს რეალთან 0:3 დამარცხდა.

⚽ ბაიერნის ბალანსი მერვედფინალში: 11 მოგება, 3 მარცხი. რეკორდმაისტერმა ბოლო 7 მერვედფინალური 2-რაუნდიანი დუელი მოიგო. ბაიერნი მერვედფინალიდან ბოლოს 2010/2011 წლების სეზონში, მილანის ინტერთან გავარდა.

⚽ ბაიერნის ბალანსი 2-რაუნდიან დუელებში ინგლისური კლუბების წინააღმდეგ: 10 მოგება, 5 მარცხი. ბოლო 5 დაპირისპირებიდან გამარჯვებული რეკორდმაისტერი გამოვიდა.

⚽ ბაიერნი შარშან ზედიზედ მეექვსედ და ჯამში 28-ედ გახდა გერმანიის ჩემპიონი. ბოლო 7 სეზონში მიუნხენური გრანდი ჩემპიონთა ლიგაში მინიმუმ მეოთხედფინალში გადიოდა.

⚽ ლივერპულმა ამ სეზონში ‘ენფილდზე’ მხოლოდ 1 ოფიციალური მატჩი წააგო - 1:2 ჩელსისთან, ლიგის თასზე, 26 სექტემბერს. კლოპის გუნდს 14 საშინაო მატჩი მოგებული აქვს, 2 კი ფრედ დაასრულა.

⚽ ბაიერნს ამ სეზონში სტუმრად 18 მატჩიდან 14 მოგებული აქვს (1 ფრე, 3 წაგება).

⚽ რობერტ ლევანდოვსკის ამ სეზონში, 30 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი. 27 იანვარს მან შტუტგარტთან პენალტი ვერ გაიტანა - ბუნდესლიგაში 24 მცდელობიდან 3 თერთმეტმეტრიანი აქვს გაფუჭებული.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ფაბინიო, რობერტსონი - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი - სალაჰი, რობერტო ფირმინო, მანე.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - გორეტცკა, ტიაგო ალკანტარა - გნაბრი, ხამეს როდრიგესი, კომანი - ლევანდოვსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები