Thumbnail

ფორმულა 1 | ‘ფეტელის პოზიცია საფრთხეშია!’ - როსბერგს ლეკლერი მოსწონს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სებასტიან ფეტელს შარლ ლეკლერის სახით ფერარიში ახალი თანაგუნდელი ჰყავს
  • ნიკო როსბერგი ფიქრობს, რომ სებას გუნდში პირველობა გარანტირებული არ აქვს

მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ფორმულა 1-ში, ნიკო როსბერგს მიაჩნია, რომ სებასტიან ფეტელი ფერარიში სულაც არ არის ხელშეუხებელი პირველი ნომერი.

“თუ სება წელსაც ისე ივლის, როგორც შარშან დადიოდა, დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს შარლ ლეკლერი სეზონის ბოლოს მასზე წინ იქნება,” - განაცხადა როსბერგმა ორშაბათს, Laureus World Sports Awards-ზე, მონაკოში.

ნიკო როსბერგმა ტიტული 2016 წელს მოიგო

როსბერგის აზრით, ფერარიში წელს განსხვავებული ვითარებაა. შარშან, ფინელი კიმი რაიკონენი გუნდის იერარქიაში აშკარა მეორე ნომერი იყო. “წელს, როლები ასე მკვეთრად აღარ იქნება განაწილებული. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის, ყველასათვის ძალიან კარგია. ლეკლერი ამბიციური და ძალიან ნიჭიერი მრბოლელია. დარწმუნებული ვარ, რომ ლეკლერი ფეტელსაც შეუტევს და შესანიშნავი შანსი აქვს, რადგან მანქანის ტარება ძალიან კარგად შეუძლია,” - დასძინა როსბერგმა.

ყოფილი ჩემპიონის აზრით, 21 წლის ლეკლერი წელს საიდუმლო ფავორიტია. როსბერგი მიიჩნევს, რომ ასეთი სიტუაცია ფერარიში ბოლოს 11 წლის წინ იყო, როცა იტალიელები 2008 წლის სეზონს მაშინდელი მოქმედი ჩემპიონის, კიმი რაიკონენისა და ბრაზილიელი ფელიპე მასას დუეტით შეხვდნენ.

სებასტიან ფეტელი, შარლ ლეკლერი და ფერარის ახალი ბოლიდი

როსბერგმა ისიც თქვა, რომ მისი აზრით, სეზონის მთავარი ფავორიტი კვლავ მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰემილტონია: “ფსონს რომ ვაკეთებდე, ფულის უდიდეს ნაწილს სწორედ მასზე დავდებდი,” - აღნიშნა 33 წლის როსბერგმა და დაამატა, რომ სიურპრიზებს ლეკლერის გარდა, ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენისგან ელოდება. თუმცა, როსბერგი ფიქრობს, რომ ჰემილტონის მთავარ კონკურენტად კვლავ სებასტიან ფეტელი უნდა განვიხილოთ.

“ვფიქრობ, მერსედესი, ფერარი და რედ ბული წინ იქნებიან, მაგრამ არავინ იცის, ვინ იქნება ბოლოს პირველი, რადგან წესები შეიცვალა. თანაც, სტარტს ყველა ნულიდან იღებს,” - დასძინა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონმა.

ფორმულა 1-ის ახალი სეზონი 17 მარტს, ავსტრალიის გრანპრით იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები