Thumbnail
  • ALL STAR-ის უიქენდის მეორე დღე
  • ჩატენვების, 3-ქულიანების და სქილების კონკურსების მიმოხილვა

NBA-ს ვარსკვლავური უიქენდის ფარგლებში, მთავარ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსისა და იანის ანტეტოკუნმპოს გუნდები უნდა დაუპირისპირდნენ, წინ ჯერ "ამომავალი ვარსკვლავების" და "ცნობილების" მატჩები, მერე კი ჩატენვების, 3-ქულიანების და სქილების კონკურსები უძღოდა.

სქილები: ტეიტუმმა ფინალში იანგი დაამარცხა

ე.წ. “სქილების”, ანუ, შესაძლებლობების და ოსტატობების კონკურსი ბოსტონ სელტიკსის მსუბუქმა ფორვარდმა ჯეისონ ტეიტუმმა მოიგო. მან ფინალში ატლანტა ჰოუკსის გამთამაშებელი ტრეი იანგი დაამარცხა. მან სამქულიანი მოედნის ცენტრიდან ჩააგდო. ნახევარფინალში ტეიტუმს იოკიჩი ჰყავდა დამარცხებული, იანგს კი - დონჩიჩი.

კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ: მაიკ კონლი (მემფისი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), დეაარონ ფოქსი (საკრამენტო), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი), კაელ კუზმა (ლეიკერსი) და ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო).

“მე უბრალოდ სიამოვნების მიღება მინდოდა, ვცადე და გამომივიდა! უბედნიერესი ვარ, რომ ეს შევძელი”, - განაცხადა გამარჯვების შემდეგ 20 წლის ტეიტუმმა. შეგახსენებთ, რომ შარშან სქილების კონკურსი სპენსერ დინვიდიმ მოიგო - მან ფინალში ლაური მარკანენს აჯობა.

3-ქულიანები: ჯო ჰარისმა სტეფ კარის აჯობა!

3-ქულიანების კონკურსის ფავორიტი უდავოდ გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავი სტეფ კარი იყო და მან ეს პირველ რაუნდში დაამტკიცა კიდეც, როდესაც ყველაზე მეტი, 27 ქულა მოიპოვა, მაგრამ ფინალში, სადაც მასთან ერთად ბადი ჰილდი და ჯო ჰარისი იბრძოდნენ, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. ბრუკლინ ნეტსის მსუბუქმა ფორვარდმა ფინალში 26 ქულა დააგროვა, კარიმ - 24, ჰილდმა კი - 19. შარშან, 3-ქულიანებში საუკეთესო დევინ ბუკერი იყო, რომელმაც ფინალში კლეი ტომპსონს და ტობიას ჰარისს აჯობა.

კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ: დევინ ბუკერი (ფინიქსი), სეტ კარი (პორტლენდი), დენი გრინი (ტორონტო), ბადი ჰილდი (საკრამენტო), დემიენ ლილარდი (პორტლენდი), კრის მიდლტონი (მილუოკი), დირკ ნოვიცკი (დალასი), კემბა უოკერი (შარლოტი).

ჩატენვები: დიალოს დანქი შაქზე

ოლ სტარის უიქენდის მეორე დღის ბოლოს, როგორც ყოველთვის, Slam Dunk Contest (ჩატენვების კონკურსი) გაიმართა, რომელსაც კალათბურთის მოყვარულები ყოველ წელს მოუთმენლად ელიან ხოლმე. ჟიური ამჯერად NBA-ს ისეთი ყოფილი ვარსკვლავებისგან შედგებოდა, როგორებიც ალონზო მოურნინგი, დევიდ ტომპსონი და დი ბრაუნი არიან - პლუს კენდის პარკერი და აია უილსონი WNBA-დან.

ჩატენვების კონკურსში საუკეთესო ოკლაჰომას შემტევი მცველი ჰამიდუ დიალო გახდა - მან გადამწყვეტ სერიაში ნიუ იორკ ნიქსის გამთამაშებელი დენის სმიტი უმცროსი დაამარცხა. ყველაზე შთამბეჭდავი გამოდგა დიალოს ჩატენვა მას მერე, რაც ის შაქილ ონილს გადაახტა!

დანქების კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ: ჯონ კოლინზი (ატლანტა) და მაილზ ბრიჯესი (შარლოტი).

შეგახსენებთ, რომ შარშან ეს კონკურსი იუტა ჯაზის კალათბურთელმა დონოვან მიტჩელმა მოიგო - მან ფინალში კლივლენდის მძიმე ფორვარდი ლარი ნენსი უმცროსი დაამარცხა.

NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩი ორშაბათს გამთენიისას გაიმართება და თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები