Thumbnail

Path of Exile - Diablo II-ს დაწყებული ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • მაშინ როდესაც Diablo III კვდება, PoE-ს მოთამაშეები ყოველდღიურად ემატება
  • GGG-ს ქმნილება დღესდღეობით ყველაზე პოპულარული ARPG-ა
  • უფასო განახლებები და სამართლიანი მონეტიზაციის სისტემა PoE-ს ნიშაა

Diablo ერთ-ერთი პირველი ვიდეო თამაშია, რომელიც გავიცანი. ალბათ არასდროს დამავიწყდება, როდესაც მე და ჩემი მეომარი ტრისტამში მდებარე მონასტრის პირველ სართულზე შევედით და ჯოჯოხეთიდან ამოსული არსებების ხოცვას შევუდექით.

ნოსტალგია ძლიერი რამაა, მაგრამ მის მიუხედავად, მაინც ვხვდები, რომ Diablo-ს ბევრი ნაკლი ჰქონდა, რომლებიც Blizzard-მა Diablo II-ში გამოასწორა და ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ARPG შემოგვთავაზა.

ამ თამაშმა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. ხუთი შესაძლო 'კლასიდან' პალადინი ავირჩიე და ჩემი დეკარდ კეინთან მეგობრობა ახალ ეტაპზე გადავიდა. თამაშს ასობით, შეიძლება ათასზე მეტი საათი შევალიე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ წუთს არ ვნანობ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერს აქვს დასასრული - ოდესმე ერთი და იგივე რუკის ერთი და იმავე სახეობების მონსტრების დასახოცად გარბენა, ყველა ნორმალურ ადამიანს მოსწყინდება და მეც Diablo III-ის ლოდინი დავიწყე.

მოცდა საკმაოდ დიდხანს მომიწია - თითქმის ათი წელი. 2010 წელს კი ერთ-ერთ ფორუმზე ასეთ სათაურიან თემას წავაწყდი - 'Diablo III უკვე აქ არის - PoE სრულიად უფასოა'. როდესაც საიტზე გადავედი უდიდესი იმედგაცრუება განვიცადე. არანაირი Diablo III ამ ეტაპზე არ არსებობდა, არსებობდა Path of Exile და ისიც ბეტა ვერსია, რომლის გადმოწერა ნამდვილად სრულიად უფასო იყო.

სხვა რა გზა მქონდა - ავდექი და გადმოვწერე, ექვსი შესაძლო 'კლასიდანმარადიორი ავირჩიე და ახალი მოგზაურობა დაიწყო, ოღონდ არა სენქჩუარიში, არამედ ვრაეკლასტის სრულიად ახალ, უცნობ, სასტიკ და ბნელ სამყაროში. ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო და მას მერე ჩემთვის Diablo III აღარ არსებობდა, რადგან ვგრძნობდი, რომ Blizzard 12 წლიანი ლოდინის შემდეგ, აუცილებლად გამაწბილებდა და ეს ასეც მოხდა.

როგორც აღმოჩნდა, Path of Exile ზუსტად ისეთმა ხალხმა შექმნა, როგორიც მე ვიყავი. ახალ ზელანდიელი კრის ვილსონი და მისი მეგობრები უბრალოდ დაიღალნენ Diablo-ს მომდევნო ინსტალაციის ლოდინით, საკუთარი კომპანია Grinding Gear Games (GGG) დააარსეს და PoE-ს შექმნას შეუდგნენ. Path of Exile-ში ყველაფერი იყო, რაც მანამდე ნათამაშებ ARPG-ებში მომწონდა - საინტერესო ისტორია, პერსონაჟის განვითარების უნიკალური და მრავალფეროვანი საშუალებები, ძლიერი მეტოქეები და რაც მთავარია - მრავალფეროვანი 'ლუთი' (ნაძარცვი), რომელსაც მონსტრების დახოცვის შედეგად მოიპოვებდი.

გეიმფლეი

არჩეული პერსონაჟი ზღვის სანაპიროზე ფხიზლდება და პირველ ზომბის კლავს, რომელიც პირველ 'უნარის ქვას' (Skill gem) აძლევს. სულ მცირე ხანში მოთამაშე პირველ დონეზე გადადის, ბრუტუსს კლავს და ლაიონაის ვოჩში (უსაფრთხო ლოკაცია) შედის. გეიმერთა უმრავლესობა სწორედ ამ დროს ხსნის პასიური უნარების ხეს (Passive skill tree) და გაოცებისგან პირს აღებს.

პასიური უნარების ხე უშველებელია

ადამიანი ყოველ რამდენიმე ლეველში ერთხელ ახალ დილემას აწყდება - რა ურჩევნია, მეტი სიცოცხლე, თუ მეტი ზიანის მიყენების უნარი? იქნებ ჯანმრთელობის ქულები (HP) სულაც არ უნდა და ურჩევნია ენერგიის ფარმა (ES) დაიცვას? როგორ ჯობია, მტერს თითოეული დარტყმა ხვდებოდეს, მაგრამ თავად ვერც ერთს იცილებდე, თუ ორივეს აცილების მცირე შანსი გქონდეთ? არჩევანი მრავალგვარია და ყველას შეუძლია ისეთი პერსონაჟი შექმნას, როგორიც მას გაუხარდება.

'უნარის ქვას' ჩვენს ეკიპირებაში ვათავსებთ, რომელსაც ამისთვის განკუთვნილი სოკეტები აქვს. წითელი უნარი, წითელ სოკეტში ჯდება, ლურჯი ლურჯში, მწვანე კი უჩემოდაც მიხვდებოდით, რომ მწვანეში. არსებობს თეთრი უნარებიც, რომლებიც ნებისმიერი ფერის სოკეტში ჯდება და თეთრი სოკეტებიც, რომელშიც ნებისმიერი ფერის უნარი შეუძლია მიიღოს, მაგრამ ეს უკვე იშვიათობა და დეტალებია.

თუკი ნახსენები სოკეტები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მაშინ შეგვიძლია უნარები დამხმარე ქვებთან (Support Gem) დავაკავშიროთ და საოცარი კომბინაციები მივიღოთ. ვთქვათ გვსურს, რომ ჩვენს 'გრაუნდ სლემს' მომატებული ზიანი, გაყინვის შანსი, გაფართოებული არეალი და ცეცხლის ეფექტი ჰქონდეს - ამ ყველაფერში 'საფორთ ჯემები' დაგვეხმარება და სწორედ შერჩეული კომბინაციები ვრაექლასტში ცხოვრებას საგრძნობლად გაგვიმარტივებს.

Tabula Rasa თამაშში ერთადეთი ნივთია, რომელსაც ექვსი თეთრი სოკეტი და ამდენივე ბმა აქვს

გარდა ჩამოთვლილისა პერსონაჟის გაძლიერების უამრავი საშუალება არსებობს - უკეთეს ნივთებზე ნადირობა, ლაბირთი, ხელოსნობა (crafting) და ა.შ., რომელთა ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. ვფიქრობ, დანარჩენი დამწყებმა მოთამაშემ თავად უნდა გამოსცადოს.

სამყარო

Path of Exile-ს ყველა სხვა თამაშისგან ერთი რამ გამოარჩევს - სამყაროში ფული არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს 'ორბები' და 'სქროლები', რომლებიც მოპოვებულ ნივთებს მონაცემებს უცვლიან. მათი მრავალი სახეობა არსებობს და რაც უფრო იშვიათი და სასარგებლოა 'ორბი', მით უფრო მაღალია მისი ფასი.

თავად ვრაეკლასტი სასტიკი სამყაროა და ბნელი და საინტერესო ისტორია აქვს. თითოეული პერსონაჟი, რომელიც მიტოვებულ კონტინენტზე ხვდება - დამნაშავეა და ამის გამო ისჯება. თავად მიწაც კი ძველი და ბოროტი ძალის მიერ არის დაწყევლილი. ფლორა და ფაუნა ფორმა შეცვლილი, აგრესიული და გაბოროტებულია. თამაშის პირველ ნაწილში მოთამაშეები სწორედ ამ კონტინენტს იკვლევენ, ხოლო შემდეგ კი უკან, უდიდესი ბოროტების დასამარცხებლად ბრუნდებიან.

D2-ის მსგავსად PoE-ს სამყაროც ბნელი და საშიშია

თავად ისტორიაზე ბევრ არაფერს მოგიყვებით, რადგან ყველამ თავად უნდა გამოცადოს და გაიცნოს Path of Exile-ს სამყარო. თუკი რაღაცებში ვერ გაერკვევით და მეტი ინფორმაცია დაგჭირდებათ, ინტერნეტში ვრაეკლასტის შესახებ უამრავი ინფორმაციაა.

განსაკუთრებით საინტერესოა ე.წ. 'ენდგეიმი', რომელსაც უამრავი სახე და ფორმა აქვს - ატლასი, დელვი, ლაბირინთები, ფარული ბოსები და ა.შ. იმისთვის, რომ პირველად მოიწყინოს, ახალბედას თამაშზე ასობით საათის დახარჯვა მოუწევს.

გრაფიკა უკეთესის სურვილს ტოვებს, თუმცა სამყაროს სულს და ატმოსფეროს არსებული ვიზუალი იდეალურად გადმოსცემს. მას, ვინც ამ RPG-ს წლებია თამაშობს, კარგად ემახსოვრება, თუ თავიდან რამდენად მწირი იყო გრაფიკული შესაძლებლობები და განახლებებთან ერთად რამდენად გამრავალფეროვნდა. ასე რომ - პროგრესი ამ კუთხითაც შეინიშნება.

ვერდიქტი

Path of Exile ის თამაშია, რომელიც Diablo-ს და ზოგადად ARPG-ს მოყვარულმა აუცილებლად უნდა გამოსცადოს. პერსონაჟის გაუმჯობესების და გაძლიერების წყურვილი გეიმერს პრაქტიკულად არასდროს უკვდება და PoE ამის იდეალურ შესაძლებლობას იძლევა.

კიდევ ერთხელ აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ თამაში სრულიად უფასოა და ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი მონეტიზაციის სისტემა აქვს, რომელიც პირადად მე ონლაინ თამაშებში შემხვედრია. ადამიანები თამაშში გადახდილი ფულით პრაქტიკულად ვერანაირ უპირატესობას ვერ იღებენ და დახარჯული ფინანსები მხოლოდ მათი პერსონაჟის, ან უნარების ვიზუალურ მხარეზე აისახება. 

ფაქტი, რომ GGG ამ მოდელის ერთგული დარჩა, მომხმარებელში მათ მიმართ ნდობას ზრდის და პრაქტიკულად ყოველი უფასო განახლებისას (რომლითაც PoE-ს მოთამაშეები განებივრებულები არიან) მოთამაშეები საკუთარი ნებით ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ ე.წ. 'საფორთერ ფექებში'. 

2019 წელს Path of Exile უკვე Play Station 4-ზეც გამოვა და ეს სავარაუდოდ მარტის შუა რიცხვებში მოხდება. მანამდე კი გეიმერებს კიდევ ერთი უფასო განახლება და საინტერესო ლიგა ელოდებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები