Thumbnail
  • ილიას ზუროსმა ნაკრების შეკრება დაიწყო
  • 21 თებერვალს V საბერძნეთი, 24-ში V ესტონეთი 
ილიას ზუროსი. ფოტოები gbf.ge

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ ორ მატჩს გამართავს - 21 თებერვალს საბერძნეთს ესტუმრება, ხოლო 24-ში - ესტონეთს უმასპინძლებს. ილიას ზუროსის გუნდმა ამ მატჩებისთვის მზადება დაიწყო, ხოლო ბერძენმა თავკაცმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. 

საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ციკლის ორივე ეტაპზე 5-5 მოგება და წაგება აქვს და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი რჩება. იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ორივე თამაში უნდა მოიგოს, ხოლო კონკურენტმა სერბეთმა ორივე (ესტონეთთან და ისრაელთან) წააგოს.

ილიას ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად ნაკრების კანდიდატები ოლიმპიურ სასახლეში შეკრიბა, სადაც ეროვნული გუნდი 18 თებერვლამდე ივარჯიშებს, ხოლო 19-ში, გამთენიისას, საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც კუნძულ კრეტაზე 21 თებერვალს ელინთა ნაკრებს დაუპირისირდება. საქართველოს ნაკრები საბერძნეთიდან 23 თებერვალს, გამთენიისას დაბრუნდება და ესტონეთთან მატჩისთვის მომზადებას სპორტის სასახლეში განაგრძობს. ბალტიისპირელებთან მატჩი 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება.

საბერძნეთში გამგზავრებამდე, 18 თებერვალს, საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში მასმედიის წარმომადგენლებისთვის ღია ვარჯიშს გამართავს. შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულია ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია. 

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

გიორგი ცინცაძე (ალ-შამალი), თად მაკფადენი (უკლუბოდ), ლუკა ბულაშვილი (კულერედო), რატი ანდრონიკაშვილი (ბურგოსი), ოთარ ფხაკაძე (დელტა), დუდა სანაძე (რადომი), დავით ლომიძე (ქუთაისი), მიხეილ ჭოჭუა (დინამო), მერაბ ბოქოლოშვილი (დინამო), რევაზ როგავა (ოლიმპი), ლევან ფაცაცია (ქუთაისი), სანდრო სანაძე (თსუ-ჰიუნდაი), მიხეილ ბერიშვილი (ალ-შამალი), ნიკა მეცხვარიშვილი (კავკასია), დავით კაკუშაძე (ნიუ ჰემპშირი), ბექა ბურჯანაძე (გიპუსკოა), სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი), ილია ლონდარიძე (ტიტები), გიორგი შერმადინი (უნიკახა), გოგა ბითაძე (ბუდუჩნოსტი), აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი), ბექა ბექაური (დელტა), გიორგი კორსანტია (თსუ-ჰიუნდაი), გეგი ბაქრაძე (დელტა).  

კომენტარები

ბოლო ამბები