Thumbnail
  • მანჩესტერის და ბაიერნის ვეტერანები 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს გაიხსენებენ
  • საქველმოქმედო შეხვედრა ზუსტად 20 წლის შემდეგ, "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება  
  • მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ისევ სერ ალექს ფერგიუსონი იქნება

1998/99 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხელმეორედ ჩატარდება - მანჩესტერ იუნაიტედისა და მიუნხენის ბაიერნი ერთმანეთს ზუსტად 20 წლის შემდეგ, უკვე ვეტერანების გუნდებით დაუპირისპირდებიან. საქველმოქმედო შეხვედრა მანჩესტერში, "ოლდ ტრაფორდზე" 2019 წლის 26 მაისს გაიმართება. თამაშის ორგანიზატორი მანჩესტერ იუნაიტედის საქველმოქმედო კლუბია.

"მოუთმენლად ველოდები "ოლდ ტრაფორდზე" ამ განსაკუთრებული დღის დადგომას. ბრწყინვალე იქნება ნაცნობი სახეების ნახვა. ეს კარგი შესაძლებლობაა მანჩესტერ იუნაიტედის ფონდის საქმიანობის მხარდასაჭერად", - აღნიშნა მანკუნიანელთა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც ბაიერნის ლეგენდებთან იუნაიტედის ვეტერანთა გუნდს უთავკაცებს.

სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერ იუნაიტედს ჩემპიონთა ლიგაში ორჯერ გაამარჯვებინა

თამაში მანჩესტერ იუნაიტედის მიერ მოპოვებული ტრებლის 20 წლის იუბილის ფარგლებში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 1998/99 წლების სეზონში სერ ალექსის გაწვრთნილმა გუნდმა ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალურ შეხვედრაში "წითელმა ეშმაკებმა" მიუნხენის ბაიერნის ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

ბაიერნმა გამარჯვება ხელიდან კომპენსირებულ დროში გაუშვა 

1999 წლის 26 მაისს, ბარსელონაში, "ნოუ კამპზე" გამართული ის შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფინალი გამოვიდა. მიუნხენის ბაიერნი მარიო ბასლერის გოლით მე-8 წუთზე დაწინაურდა და ანგარიშში უპირატესობა 90-ე წუთამდე ფლობდა. მაგრამ კომპენსირებულ დროში მანჩესტერელებმა ზედიზედ ორი გოლის გატანა მოახერხეს და გამარჯვება იზეიმეს. პიერლუიჯი კოლინა უკვე საათს დაჰყურებდა, როდესაც 91-ე წუთზე ტედი შერინგემმა შეაგდო, 93-ეზე კი - იუნაიტედის ამჟამინდელმა თავკაცმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.

კომენტარები

ბოლო ამბები