Thumbnail
  • 18 წლის ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას დაიცავს
  • რუსთავის ფეხბურთელი რუსულ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს
  • საბა კვერკველია გუნდში თანამემამულე ფეხბურთელის გამოჩენამ ძალიან გაახარა

როგორც დაანონსებული იყო, მოსკოვის ლოკომოტივმა ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი გააფორმა. რუსთავის ახალგაზრდა ნახევარმცველი რუსეთის ჩემპიონებთან ერთად ესპანურ შეკრებაზე იყო და მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდა (12 თებერვალს), ლოკომოტივთან საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა. ხვიჩა "რკინიგზელთა" ღირსებას 21-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

ეს ამბავი განსაკუთრებით მოსკოვის ლოკომოტივის ქართველ მცველს საბა კვერკველიას გაუხარდა, რომელმაც კლუბში თანამემამულის გამოჩენაზე კომენტარი გააკეთა: 

"ერთი ქართველი კარგია, ორი - კიდევ უკეთესი".

კვარაცხელია, რომელიც თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია, რუსთავში 2018 წლიდან გამოდის, რომლის ღირსება 18 მატჩში დაიცვა და 3 გოლი გაიტანა. ხვიჩას საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია და მის ანგარიშზე 25 მატჩში 17 გოლია.

მოსკოვის ლოკომოტივი რუსეთის პრემიერლიგაში გასული 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს. მოქმედ ჩემპიონებს 28 ქულა აქვთ, ჩემპიონატს კი 2 მარტს, კრილია სოვეტოვთან საშინაო მატჩით განაახლებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები