Thumbnail

'ჭირვეული ბავშვი' აღარ არის - როგორ გახდა კრიშტიანო იუვენტუსის ნამდვილი ლიდერი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სულ სხვა რონალდო ტურინში
  • რა შეიცვალა 'საუკუნის ტრანსფერის' შემდეგ

ის უკვე 34 წლისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იუვენტუსის ახალწვეული კრიშტიანო რონალდო ევროპის TOP 5 ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა - გოლების რიცხვით მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება, საგოლე პასებით კი - ერთი ასისტიც და მოწინავე ათეულში იქნებოდა.

წაიკითხევარსკვლავები უფასოდ! იუვეს ჭკვიანური სატრანსფერო პოლიტიკა

Goal.com-მა პორტუგალიელ ვარსკვლავს საინტერესო სტატია მიუძღვნა - "ჭირვეული ბავშვი აღარ არის - როგორ გახდა კრიშტიანო რონალდო იუვენტუსის ნამდვილი ლიდერი".

"ადრე გამოკვეთილ ინდივიდუალისტად შერაცხილმა კრიშტიანო რონალდომ მადრიდიდან ტურინში გადასვლის შემდეგ დაამტკიცა, რომ ნამდვილი გუნდური მოთამაშეა. თუმცა თავიდან იყო მომენტი, როცა იუვენტუსში დაეჭვდნენ, იყო კი მისი ტრანსფერი "საუკუნის შეთანხმება"?

კრიშტიანო რონალდო "ბიანკონერის" რიგებში იმიტომ მიიღეს, რომ ტურინში სურთ, იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზეც დიდ წარმატებას მიაღწიოს. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე იუვეს მაისურით მისი დებიუტიდან 30 წუთიც არ იყო გასული, როცა პორტუგალიელი გაოგნებული და ატირებული სახით ტოვებდა "მესტალიას", მას მერე რაც ვალენსიას ჯეისონ მურილიოს თმებში წასწვდა

წითელი ბარათი ამ ქმედებისთვის შესაძლოა, ღიმილისმომგვრელი იყო, მაგრამ იუვეს ბოსებს ნამდვილად არ გაეცინებოდათ რონალდოს რეაქციაზე. რონალდომ ამ რეაქციით აჩვენა, რომ ისე იყო მონდომებული, რომ მცირეოდენი უიღბლობაც ადვილად გამოიყვანდა ცნობიდან. ეს კი საგანგაშო სიგნალი იყო ტურინული კლუბის ხელმძღვანელობისთვის. 

'მესტალიაზე' ისტერიკა დაემართა

აგვისტოში კრიშტიანომ ბოლო წამს გადაწყვიტა არ გამგზავრებულიყო უეფას დაჯილდოებაზე, როცა გაიგო, რომ მას ლუკა მოდრიჩი არჩიეს. ეს, თითქოს, კიდევ ერთი დასტური იყო, რომ "პრიმა დონა" კრიშტიანოს ძალიან უჭირს უარყოფის "გადახარშვა". 

საგანგაშო ნიშანი

არადა, ეს ამბავი იუვენტუსისთვის არ უნდა ყოფილიყო სიურპრიზი - რეალში ყოფნისას მას "ხასიათი" ხშირად გამოუმჟღავნებია, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. მისი გუნება-განწყობა მუდამ იყო სადებატო თემა მედიისთვის და ფანებისთვის.

რამდენჯერ გვინახავს თანაგუნდელზე გაბრაზებული რონალდო, როცა მას პასი არ მისცეს. ერთხელ კრიშტიანომ გარეთ ბეილის გოლი არ იზეიმა. 2016 წელს რეალმა მადრიდის დერბი წააგო ატლეტიკოსთან, კრიშტიანომ კი თანაგუნდელებს კლასი დაუწუნა:

"ყველა, რომ ჩემი დონის იყოს, მაშინ ალბათ, ლიდერები ვიქნებოდით", - განაცხადა მაშინ პორტუგალიელმა - "არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მსურს, მაგრამ, როცა მოედანზე საუკეთესო მოთამაშეები არ გვყავს, შედეგის მიღწევა გვიჭირს. მიყვარს ქარიმთან, გარეთთან და მარსელოსთან ერთად თამაში. არ ვიძახი, რომ ლუკას ვასკესი, ხესე ან მატეო კოვაჩიჩი ცუდი ფეხბურთელები არიან. პირიქით, ისინი ძალიან კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ განსხვავება არსებობს". 

ბევრი ეჭვობდა, რომ თუ კრისტიანო რეალის ფეხბურთელებს ასე აკრიტიკებდა, უფრო თამამი იქნებოდა განცხადებებში, როცა საქმე იუვენტუსის მოთამაშეებს შეეხებოდათ, რომელთა CV მადრიდელ კოლეგებისას ბევრად ჩამორჩება. 

რონალდოს ნათელი მხარე

ეს ჟესტი მან დიბალას მიუძღვნა

ამ დროს კი პორტუგალიელი ძალიან მალე გახდა იუვენტუსის ლიდერი, როგორც გასახდელში, ისე მოედანზე. და ეს მოხდა, არა მისი რეპუტაციის გამო, არამედ მისი გუნდური სულისკვეთებით. აი, სულ ახლახან კრიშტიანომ სასუოლოსთან მატჩში სკამზე დასმულ დიბალას სპეციალური ჟესტი მიუძღვნა. 

იუვენტუსში გადასვლის მერე რონალდომ განაცხადა, რომ ტურინში ყველა ერთი ოჯახივით არის, ყველა ძალიან მეგობრულიაო. ამ სიტყვებმა ძალიან გააღიაზიანეს სერხიო რამოსი. რეალის კაპიტანმა თქვა: "აქაც ყველა ერთი ოჯახი ვართ. ასე რომ, არ ვიცი, რას გულისხმობს რონალდო. ჩვენ წარმატებულები სწორედ ამიტომ ვართ და ისიც ჩვენი ოჯახის წევრი იყო". სერხიო რამოსმა ირიბად იმაზეც მიუთითა, რომ რონალდო "ჭირვეული ბავშვია", როცა უეფას დაჯილდოების გაცდენის თემას შეეხო, ესპანელმა განაცხადა: "ის იმას აკეთებს, რაც სურს". 

როგორც უსაინ ბოლტი, როგორც როჯერ ფედერერი

რონალდომ კი ტურინში საპირისპირო დაამტკიცა. დიდი ისტერიის მიუხედავად, რაც მის იტალიურ ტრანსფერს თან ახლდა, კრიშტიანო იუვეს გასახდელში შევიდა, როგორც ერთი მოკრძალებული ფეხბურთელი. ის ახალ თანაგუნდელებს სთხოვდა, გაეცნოთ ქალაქი, კლუბის ისტორია, კარგი რესტორნები... რონალდოს არაფერი ეტყობოდა ყეყეჩი ვარსკვლავის, რომელიც "იტალიის დასაპყრობად" იყო ჩასული. ის, როგორ უდგება რონალდო საქმეს, თანაგუნდელებს შოკში აგდებს:

"საოცარია, მაგრამ ის ისე ვარჯიშობს, თითქოს, ჩემხელაა", - თქვა 24 წლის ჟოაო კანსელომ.

დუგლას კოშტა: "შეუძლებელია გაქაჩო რონალდოსთან ერთად ერთ ტემპში ვარჯიშში. როცა მიდიხარ ვარჯიშზე ის უკვე იქ არის, მოდიხარ და ის ისევ ვარჯიშობს. ასეთი ფეხბურთელი არ მინახავს". 

გასაკვირია კრიშტიანოს ის საქციელიც, როცა მას საგოლე პასების კეთება გოლების გატანაზე ნაკლებად არ უხარია - მის ანგარიშზე ოფიციალურ მატჩებში 9 საგოლე პასია, რაც უკვე მეტია, ვიდრე შარშანდელ სეზონში მთლიანად. სერია A-ში მას 7 ასისტი აქვს და წინ მხოლოდ სუსოა (8). 

სერია A-ში უკვე 18 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა

ის Capocannoniere-ს ტიტულისთვის ბრძოლაში ლიდერია 18 გოლით. მაშინაც კი, როცა სეზონის დასაწყიში გოლები ვერ გაჰქონდა, ის ყოველთვის ღიმილით ხვდებოდა სხვა თანაგუნდელების წარმატებებს. ლაციოსთან მატჩში კი საკუთარ თავსაც კი დასცინა, როცა საუკეთესო პოზიციიდან ვერ დაარტყა და მანჯუკიჩისთვის უნებურად საგოლე პასი გამოუვიდა. 

იქნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ რონალდოსა და იუვენტუსის თანამშრომლობა ერთმანეთს ავსებს. 
მასიმილიანო ალეგრი მას ერთი სიტყვით ახასიათებს - ლიდერი. ბლეზ მატუიდი კი ამტკიცებს, რომ რონალდოს ირგვლივ ვერ მოდუნდები: "მისი წყალობით, გუნდი უკეთესად თამაშობს, ხოლო ფეხბურთელები უკეთ ასპარეზობენ".

კაპიტანი ჯორჯო კიელინი ამტკიცებს, რომ ისიც კი ბევრს სწავლობს "ოქროს ბურთის" 5-გზის გამარჯვებულისგან: "როცა რონალდო გვერდითაა, ეს ყოველთვის საინტერესოა. ის, როგორც უსაინ ბოლტი და როჯერ ფედერერი სულ სხვა განზომილებიდანაა, ასეთის გვერდით ყოფნა კი ყოველთვის ბევრის მომტანია. არა, მის იმიტაციას არ ვცდილობ, მაგრამ აზროვნების ჰორიზონტს ნამდვილად ვიფართოვებ". 

კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სპორტსმენია, მაგრამ ტურინში გადასვლით, ჩვენ შეიძლება ახალი, აქამდე უცნობი კრიშტიანო აღმოვაჩინეთ"...

კომენტარები

ბოლო ამბები